ევროპარლამენტარი: ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის
გაზიარება
გაზიარება
ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ამბობს, ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს იმასაც, რომ სუს-ის ფარული ჩანაწერების საკითხი, რომლებმაც გაჟონა, ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა. კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების რეაგირება შესაბამისი იქნება.
“მე არ მინდა სპეკულაციაში შევიდე ამ ჩანაწერების ავთენტიკურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა ნათლად განვაცხადო: ჯაშუშობა და მოსმენა – ეს იქნება დიპლომატების, ოპოზიციის, ეს იქნება სამღვდელოების, მმართველი პარტიის – ეს არ არის დემოკრატიული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი შტო საქართველოში ძალიან ყურადღებით გააანალიზებს ამ შემთხვევას, მონახავს იმ ადამიანებს, ვინც ჯაშუშობდა და შესაბამისი ზომები იქნება განხორციელებული. ჯაშუშობის ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის”, – განაცხადა კალიურანდმა.
აღსანიშნავია, რომ მარია კალიურანდი აღმოჩნდა პირველი ევროპარლამენტარი, რომელმაც სუს-ის საიდუმლო ფაილების შესახებ გააკეთა კომენტარი.
13 სექტემბერს საქართველოში სუს-ის საიდუმლო ფაილები გავრცელდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს და უთვალთვალებს სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
როგორც აღმოჩნდა, სუს-ი აკონტროლებს სასულიერო პირების გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას. ათასობით ფაილში ასევე არის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშუალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ. დოკუმენტებში ინფორმაცია გვხვდება იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.
ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მასალების ავთენტიკურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.