ევრონესტი "ქართულ ოცნებას" რეჟიმად მოიხსენიებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაზიარება
გაზიარება
ევრონესტის რეზოლუცია
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა. განცხადების მიხედვით, საქართველო საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას – “იქ, სადაც სამხედრო გზით არ ერევა”.
რეზოლუციაში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბერს “გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებზე”, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებაზე და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების განხორციელებაზე.
ევრონესტის თანახმად საპარლამენტო ასამბლეა გმობს “ქართული ოცნების” რეჟიმის” სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე.
რეზოლუციაში საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც და ხაზგასმულია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს მშვიდობიანი პროტესტის სასტიკ ჩახშობას – მოქალაქეების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს, ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემურ დარღვევებს.
რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის სახაროვის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ევროპულ ინტეგრაციასა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ, ფაქტობრივად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
რეზოლუციაში საუბარია “ქართული ოცნების” მიერ პარტიების აკრძალვის ინიციატივაზეც და ხაზგასმულია, რომ ეს დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ მოქმედებას.
ევრონესტი მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ავტორიტარული ვარდნისთვის. რეზოლუცია უვიზო რეჟიმის კონტექსტში პასუხისმგებლობას სრულად “ქართულ ოცნებას” აკისრებს.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, გაზარდონ მხარდაჭერა და გააძლიერონ დამოუკიდებელი მედია.