ევროკომისიის სპიკერის გიომ მერსიეს განცხადებით, შეშფოთებული არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რაც უფრო ართულებს ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს. ეს განცხადება მან გააკეთა ევროკომისრის, მარტა კოსის ვიზიტზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში იმყოფება. იგი ესტუმრება სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა იგი ვიზიტს საქართველოში არ გეგმავს.
მერსიეს განცხადებით, ეს არის შესაძლებლობა ევროკომისიამ გააძლიეროს თავისი კავშირები აღნიშნულ რეგიონთან.
“კომისარ კოსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. კომისარი კოსი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის მტკიცე ერთგულება სამშვიდობო პროცესისა და რეგიონში ვითარების სრული ნორმალიზაციის მიმართ.
მის ვიზიტის გზავნილი ჩვენი მხრიდან არის მკაფიო, რომ ახლა ჩვენთვის არსებობს შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები და თანამშრომლობა რეგიონში. თქვენ ახსენეთ შავი ზღვის სტრატეგია, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ ბოლო დროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.” – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.