ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
ევროკომისიის პრესსპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის დაკარგული შესაძლებლობა სისტემის რეფორმირებისთვის და ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.
საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, შეეჩერებინათ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ მაინც გაამწესა.
ეს გადაწყვეტილება არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რომელშიც წერია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
________________________________________________
● აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით
__________________________________________________
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია მითითებული, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით.
„დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში“, – აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო.
მისივე თქმით, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის საფრთხის შემცველია.
პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა „განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში“.
_____________________________________________
●“კლანი უნდა დასრულდეს” – იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლეები აქციის ფონზე აირჩია
●კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
_____________________________________________
არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლებას ექვემდებარება და მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
“სასამართლო კლანი” მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კლანი ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 26 მაისს გამართულმა კონფერენციამაც, სადაც მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენცია აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კონფერენციას მაშინაც წინ უძღოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა, რომელმაც საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი “კლანის მიერ თადარიგის დაჭერად” შეაფასა და განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება. არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.