ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა საქართველოს მოქალაქეების ექვსმა პროცენტმა დაარღვია
ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის პროცედურების დამრღვევთა რიცხვი 6 პროცენტს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები შეისწავლა.
სიდა-ს აღმასარულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით – “ეს რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა, დასაფიქრებელია”.
კვლევამ სავარაუდო დამრღვევთა გეოგრაფიაც შეისწავლა – მათი დიდი ნაწილი, რომელიც ევროპაში წავიდა და არ დაბრუნდა, თბილისსა და იმერეთის რეგიონში (დასავლეთ საქართველო) მცხოვრებია.
დევდარიანის თქმით, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის წარმოება და მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც.
“ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მოლდოვაში, მაგალითად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა იყო 16%, ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ”, – აღნიშნა დევდარიანმა.
ბოლო 7 თვის განმავლობაში, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან 9875 მოქალაქემ უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა დაარღვია. ეს მონაცემები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატს ეკუთვნის.
• საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ. პირველი მოქალაქეები, რომლებმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით ისარგებლეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 28 მარტს 04:55 საათზე, ვარშავის მიმართულებით გაემგზავრნენ.
• უვიზო მიმოსვლის წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ გაემგზავროს შენგენის ზონაში და ნახევარი წლის განმავლობაში (180 დღე) დაჰყოს იქ, საერთო ჯამში – 90 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა.