ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 75% უჭერს, ნატოში - 69%. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები
NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 75% უჭერს, ნატოში კი 69%. ასევე, კვლევის მიხედვით, ყოველ მე-3 მოქალაქეს ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
რა წერია NDI-ს ახალ კვლევაში:
ნატო და ევროკავშირი
NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. 14%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.
NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. გამოკითხულთა 69%-ის აზრით, საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი. 16%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.
საქართველოს მოსახლეობის 62%-ს სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა, უკრაინას და მოლდოვას კი კანდიდატის სტატუსი.
მათგან ვისაც სმენია ამ გადაწყვეტილებაზე 56% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის 71%-ისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ 32% მიიჩნევს, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.
ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და კრიმინალი
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.
● რუსეთი მუქარით ცდილობს წაართვას აფხაზეთს ბიჭვინთის ნაწილი, თბილისი კი დუმს. რატომ?
● 52% აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით სიტუაცია გაუარესდა.
● 67% აცხადებს, რომ სიღარიბე გაიზარდა ბოლო 10 წელში.
● 57%-ის აზრით 2012 წლის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონემ იმატა.
● 43% მიიჩნევს, რომ კორუფციის კუთხით სიტუაცია გაუარესებულია.
● მოსახლეობის 31% სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.
● 36%-ის აზრით განათლების კუთხით პრობლემები გაიზარდა.
● 29% აცხადებს რომ ბოლო 10 წელში სიტყვის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.
● 34% აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაუარესებულია.
ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა მხარდამჭერები
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობაში ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა – მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტი
კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.
● სალომე ზურაბიშვილი: ისეთ ქვეყანაში ვართ, საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი ხომ არ დავტოვოთ
● პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას მოსახლეობის 40% ცუდად აფასებს. 43% პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ, 12% კი კარგად აფასებს. 5%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე.
● გამოკითხულთა 35% პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად აფასებს. 33%-ის აზრით პრემიერი საშუალოდ, 28%-ის აზრით კარგად მუშაობს. 4%-მა არ იცის.
● გამოკითხულთა 41%-ის აზრით პარლამენტი ცუდად მუშაობს. 45%-ის აზრით საშუალოდ, 9%-ის აზრით კი კარგად. 4%-მა არ იცის.
სოციალური მდგომარეობა
NDI-ს კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.
შეკითხვაზე, ბოლო 12 თვის განმავლობაში, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ყოველთვე ან უფრო ხშირად: 30%
- უფრო იშვიათად ვიდრე ყოველთვე: 29%
- არასდროს: 39%
- არ ვიცი: 1%
ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის წამლების საფასური კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.
შეკითხვაზე, რა არის ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, მოსახლეობამ შემდეგი გამოწვევები დაასახელა:
- წამლების საფასური
- სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური
- ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი/კვალიფიკაციის ნაკლებობა
პოლიტიკური ნაწილი
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
● ქართული ოცნება – 25%
● ნაციონალური მოძრაობა – 8%
● სხვა – 13%
● არცერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე – 54%
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა:
● 66% – სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას
● 34% – სავარაუდოდ არ მიიღებდა მონაწილეობას.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (56%) აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.
ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.
ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
პატარა ქალაქების მოსახლეობის 49%, სოფლების მოსახლეობის 44%, ხოლო უმცირესობათა დასახლებებში მოსახლეობის 38% მთავრობის საქმიანობას ასევე უარყოფითად აფასებს.
NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 27% აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მხარდამჭერია, 24%-მა თქვა, რომ მხარს ოპოზიციას უჭერს, 50%-მა კი პარტია არ დაასახელა.