ევროკავშირი თბილისს ვადას აგვისტოს ბოლომდე აძლევს. უვიზო მიმოსვლა შესაძლოა შეჩერდეს
მომზადებულია “რადიო თავისუფლების” სტატიის მიხედვით
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებით მკაცრ ზომებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა საქართველოს რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვეს და ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცეს.
დისკუსიები საქართველოს შესახებ, როგორც დიპლომატები ამბობენ, იყო ხანმოკლე და საჭირო ერთსულოვნების არქონის გამო ეს საკითხი კვლავ გადაიდო. უნგრეთმა და სლოვაკეთმა ადრევე მიანიშნეს, რომ სანქციებს და სავიზო აკრძალვებს მხარს არ დაუჭერდნენ. თუმცა უვიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის წევრთა სრული თანხმობა არ სჭირდება და კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.
- მოსაზრება: “ქართულ ოცნებას“ თავად სურს, რომ შეწყდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა
- ბაიბა ბრაჟე: ევროკავშირს არ უნდა ქართველი ხალხის დასჯა
წერილი თბილისს – უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ვადა აგვისტოს ბოლომდეა
იმ ფონზე, რომ სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხდა, ევროკომისიამ საქართველოს წერილი გაუგზავნა. დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე არ შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები, შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყოს.
კომისიის რეკომენდაციები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას:
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმება, რომელიც ევროკავშირის შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას;
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შეჩერება, რადგან მასში გათვალისწინებული დისკრიმინაციული ნორმები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს;
- საქართველოს სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროკავშირის წესებთან, მათ შორის იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმება, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების გაცემაში მაღალ რისკიანად მიიჩნევს;
- ასევე ანგარიშის წარდგენა ევროკომისიისთვის, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული გადადგმული ნაბიჯები თითოეულ რეკომენდაციაზე.
რას იზამს ევროკავშირი?
ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის. უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეწინააღმდეგა რვა წევრი ქვეყანა იტალიის ხელმძღვანელობით. მათი შეფასებით, ეს ზომა პირდაპირ დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და არ იქნება პროპორციული.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა კი, რომელიც საკითხის გააქტიურებას ემხრობა, კოლეგებს მოუწოდა, მზად იყვნენ სწრაფი რეაგირებისთვის, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის.
საქართველოს პარლამენტი აგვისტოს განმავლობაში არდადეგებზეა და ეჭვქვეშ დგას, შეძლებს თუ არა მთავრობა ამ ვადებში საჭირო საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას. თავად ევროკავშირშიც აგვისტო ასევე არაოფიციალური არდადეგების პერიოდია. მიუხედავად ამისა, აგვისტოს ბოლოს დანიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დანიაში, მაგრამ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რეალური გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება.
დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ბლოკი შესაძლოა დაელოდოს მოსალოდნელ ანგარიშებს საქართველოს პროგრესის შესახებ შემოდგომამდე, სანამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებას გადაწყვეტს.
საბოლოოდ, ყველაზე დიდი კითხვა ახლა ის არის, გადადგამს თუ არა ქართული მხარე ევროკავშირის პირობების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯებს და გამოიყენებს თუ არა ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას რეალურ ბერკეტად.
აგვისტოს ბოლო ევროკავშირის მხრიდან მკაცრი სიგნალია, თუმცა ისიც ნათელია, რომ გადაწყვეტილების მიღება ამ ვადებში შესაძლოა გადაიდოს ბლოკის შიდა განსხვავებების გამო.