ეს თოვლი არავის უნახავს
ფოტოები აფხაზეთის თოვლიანი მთებიდან
ფოტოგამოფენა “ბუნების იდუმალი სულის ქვეყანა”, რომელიც ახლა სოხუმში ტარდება – მხოლოდ აისბერგის წვერია; უფრო სწორად კი – მთის მწვერვალი, რადგან ფოტოები სწორედ მთების შესახებ გვიამბობენ. ფოტოების ავტორები არიან – ფონდი “მთიანი აფხაზეთის” დამაარსებლები, ფონდს კი წელს ხუთი წელი შეუსრულდა.
აფხაზეთის მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრება ქალაქებში, სანაპიროებზეა თავმოყრილი. მაღალი მთიანეთი ხელშეუხებელი ბუნების სამეფოა, სადაც ზაფხულობით მხოლოდ მწყემსები თუ ადიან, და ზოგჯერ შემთხვევით მონადირეებიც შეივლიან ხოლმე.
ფონდი “მთიანი აფხაზეთი” ერთადერთი აფხაზური პროექტია ბუნებისა და მისი დიდებულების შესახებ.
მისი დამაარსებლები არიან – თენგიზ თარბა და ალან ვოუბა.
ვოუბასა და თარბას პროექტი უბრალოა – მთიანი აფხაზეთის პოპულარიზაციით მისი ბუნების შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ფონდი იღებს დოკუმენტურ ფილმებს, უშვებს ბუკლეტებსა და კალენდარებს, ატარებს ექსპედიციებს.
ფონდის პროექტები ხორციელდება როგორც კერძო კომერციული კომპანიების, ისე – სხელმწიფო სტრუქტურების სახსრებით.
2015 წელი ფონდისთვის განსაკუთრებული იყო – მისმა დამაარსებლებმა განახორციელეს უზარმაზარი პროექტი, რომელსაც “წელიწადის დრონი” დაარქვეს.
იდეის არსი ის იყო, რომ წელიწადის თითოეულ დროს მოეწყოთ საფეხმავლო, საცხენოსნო და საავტომობილო ექსპედიციები აფხაზეთის მთიან რაიონებში. იმ ჩამონათვალში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ისეთი ძნელად მისაღწევი ადგილებიც იყო, როგორიც არის აგურას ჭაობი, გრიზბას ველი, არბაიკას მთიანი მასივი, ტბა ადიუადა.
ყველაზე უნიკალური აღმოჩნდა ზამთრის ოთხი ექსპედიცია, რომელთაგან თითოეული 10 დღეს გრძელდებოდა. ჯგუფი ისეთ ძნელად მისაღწევ მთიან რაიონებში იმყოფებოდა, სადაც მანამდე მხოლოდ ვერტმფრენებით აღწევდნენ. იმ ადგილებში თოვლის სიღრმე 14 მეტრს აღწევდა.
პირველად მოხდა, რომ მთიანი აფხაზეთის ზამთრის ბუნება ფოტოებზე აღბეჭდეს და მსოფლიოს უჩვენეს.
გამოფენა “ბუნების იდუმალი სულის ქვეყანა” – პირველია და ხუთი წლის იუბილეს ეძღვნება.
“შევეცადეთ, ამ გამოფენაზე ფოტოებით, ვიდეოებითა და ჩვენი აზრებით გარკვეულწილად ყველაფრისთვის თავი მოგვეყარა”, – ამბობს ფონდის ერთ-ერთი შემქმნელი თენგიზ თარბა.
პრაქტიკულად, ფონდის მუშაობის შედეგია პირველ რიგში აქამდე უცნობი, რუკაზე დაუტანელი მთის მარშრუტები და ვრცელი მონათხრობი აფხაზეთის შესაძლებლობებზე National Geographic-თან და რუსულ მედიასთან თანამშრომლობით. ასევე, უამრავი ფოტო და ვიდეოდღიური – რომლებიც გამოფენაზე თავისუფლად არის ხელმისაწვდომი.
“ჩვენ დღეს უკვე თითქმის ყველა კონტინენტთან გვაქვს კავშირი. რამდენიმე დღის წინათ ამერიკელ სპოტსმენებს და ჟურნალისტებს ვეურთიერთე. მათ ჩვენი ვიდეორგოლები ნახეს და ახლა აფხაზეთში უნდათ ჩამოსავლა, რომ მთიანი აფხაზეთის შესახებ ამერიკელ ფრირაიდერებს და მოთხილამურეებს უამბონ,”- ამბობს თენგიზ თარბა.
“365 საექსპედიციო დღიდან, რაც ჩვენ მთებში გავატარეთ, რასაკვირველია, ბევრი სამუშაო დაგროვდა, მაგრამ საგანგებოდ საგამოფენო კადრების შერჩევა ძალიან ძნელია. როცა მზის ჩასვლას ან განთიადს უყურებ, ხვდები, რომ შენ თვალწინ სასწაული ხდება,” – ამბობს თენგიზ თარბა.
“მთიანმა აფხაზეთმა” მეც შემცვალა. ან იქნებ ჩემს ფესვებთან მიმიყვანა და შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება დამიბრუნა. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ მთიანი აფხაზეთის შესახებ თუ არ გვეცოდინება, დაობლებულებივით ვიქნებით,” – ამბობს თენგიზი.
დარბაზში თენგიზ თარბას მაღალმთიანი ნამუშევრები ალან ვოუბას შავ-თეთრი მწვერვალების სამყაროს პირისპირ არის გამოფენილი.
“ფერები მიყვარს, მაგრამ … შავ-თეთრი ანარეკლებით ბევრად მეტის გადმოცემა შეიძლება. შევეცადე, გარკვეული სასაზღვრო ზოლი გამევლო. ის მეჩვენებინა, რაც დაფარულია, უხილავი გამომევლინა,” – ამბობს ალან ვოუბა.
“ჩემთვის ხელოვნება – უპირველესად საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობაა. როდესაც არსებობს შეკითხვები – ობიექტივის საშუალებით პასუხებს ბუნებაშიც აღმოაჩენ და საკუთარ თავშიც,”- ამბობს ალანი.
ფაზილ ისკანდერი წერდა, რომ “დრო მთებში ზანტად მიედინება”.