“ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ მათ გვერდით დგას:
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს“.
პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია:
“ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდით ჩვენც. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ წაგართვან თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ მახე დააგოს“.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონს ვეტოს დაადებს:
“ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია. რა ფორმითაც გინდათ, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ კარგად იცის რა ტიპის კანონია. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს“.
სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში სამსახურებრივი ვიზიტით იმყოფება. დღეს ცნობილი გახდა, რომ მან დღეს გაეროში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა.
7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, 76 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო კანონი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. კანონპროექტის განხილვა 9 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ, დღეს ის ნაჩქარევად განიხილეს.
კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საღამოს პარლამენთან ასობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა.
აქცია, რომელიც დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო პარლამენტის წინ, ამ დრომდე [00:30 სთ] გრძელდება. აქციის დასაშლელად შენობის მიმდებარედ პოლიციელებისა და სპეცრაზმის უპრეცენდენტო მობილიზებაა. პერიოდულად სპეცრაზმი აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და გაზის ჭავლს იყენებს.
აქციაზე დაშავდა არაერთი მოქალაქე. ამ დროისთვის დაკავებულია სავარაუდოდ სამი ადამიანიც.