საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. მარგველაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა, რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის “ლელო საქართველოსთვის”, კონსულტაციებს მართავს.
“ქართული საზოგადოების შეკვეთა არის ახალ ძალაზე – არა წინა ხელისუფლებაზე, არა იმის წინა ხელისუფლებაზე, არამედ ახალ ძალაზე. იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოხერხდება. დიდი ძალისხმევით ვარ ამაში ჩართული. ვცდილობ კონსულტაციებს ამ პოლიტიკურ ძალებთან – მათთან, რომლებსაც მე ალტერნატივად მოვიაზრებ,” – აცხადებს მარგველაშვილი.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარტიაში ახალი სახეების შესაძლო დამატება განიხილება და ადასტურებს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან. რა შედეგს გამოიღებს. ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას. ამ ეტაპზე სიებსა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, რადგან ვაჯერებთ ჩვენ ხედვებს და სამოქმედო გეგმას,” – აცხადებს ხაზარაძე.
პარტიაში – “ლელო საქართველოსთვის” ამ დროისთვის უკვე გაწევრებულია მარგველაშვილის რამდენიმე თანამოაზრე, მათ შორის: ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე და ფიქრია ჩიხრაძე. ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ მაშინ, როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი იყო.