როგორ იმოქმედებს ღარიბაშვილის განცხადებები დასავლეთზე. ექსპერტების შეფასებები
ექსპერტების შეფასებები
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინამ ომი ვერ აიცილა და ამის გამო ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი, სახელმწიფო დაზარალდება.
მანვე განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.
“საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
JAMnews-მა ექსპერტებს ჰკითხა, რა გავლენას მოახდენს ქვეყნის პრემიერის ეს განცხადებები დასავლეთთან ურთიერთობაზე:
- LIVE: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღე მეორე. განახლებადი ინფორმაცია
- რატომ არის პუტინის ომი დასავლეთის ყველაზე დიდი გამოცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
გია ნოდია, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი, ილიაუნის პროფესორი: “თუ საქართველოს საერთაშორისო ჭრილს ავიღებთ, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას [ქვეყანას] არ აქვს მყარი პოზიცია, ის არ არის სანდო პარტნიორი და მას არ აქვს ღირსეული პოზიცია – ეს არის მთავარი გზავნილი, მთავარი დასკვნა, რაც ამ გზავნილიდან შეიძლება გამოიტანონ.
არ მგონია, რომ ახლა დასავლეთს ეცალოს ამ განცხადებისთვის და დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს, მაგრამ, აუცილებლად ჩაინიშნავენ, როგორ მოიქცა საქართველო.
არ გამოვრიცხავ, რომ ეს განცხადება იყოს გუშინდელი დიდი აქციის საპასუხოც და იმ განცხადებებისაც, რომელიც ისმოდა სხვადასხვა პირების მხრიდან უკრაინის სოლიდარობისთვის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სახიფათო იყო, ზედმეტად ვაღიზიანებდით რუსეთს, გაქარწყლება, დაბალანსება სჭირდებოდა ამ ყველაფერს და ღარიბაშვილს გააკეთებინა ასეთი განცხადება.
ხელისუფლებას არ მგონია რამე ეშველოს. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა – უნდა ვაჩვენოთ, რომ კი ბატონო, ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ქართული საზოგადოება სხვანაირად ვფიქრობთ. ისტორიულ მეხსიერებას ეს უნდა შემორჩეს”.
- კვება, მგზავრობა, ღამის გასათევი – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ
- თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ფოტო
- ნიკა მელია უკრაინელებს: საქართველო არ არის ღარიბაშვილი. გვრცხვენია და ბოდიშს ვიხდით
ვალერი ჩეჩელაშვილი, “რონდელის ფონდის” მკვლევარი: “ჩვენს კონსტიტუციაში, რომელიც მიღებულია „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, პირდაპირ წერია, რომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტია გავხდეთ ევროატლანტიკურ სივრცის განუყოფელი ნაწილი, გაწევრიანებით ნატოსა და ევროკავშირში. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მან ეროვნული ინტერესით ახსნა, არამცთუ არ ასახავს ჩვენს სტრატეგიულ და ტაქტიკურ ინტერესებს, არამედ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ჩანაწერს.
სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენ ვალდებულებები გვაქვს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნატომ, ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩადეს საქართველოს განვითარებაში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ შესაბამისი პოზიციონირება უნდა მოვახდინოთ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ძალიან მკაფიოდ. ამის დრო ყოველთვის არის, მაგრამ, დღეს განსაკუთრებულად.
ჩვენ ბოლო დროს დასავლეთთან მაინცდამაინც გამართული ურთიერთობები არ გვაქვს, – შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, ის ფორმა, რომლითაც ეს მოხდა, ზოგიერთი პოლიტიკოსის გამუდმებული თავდასხმები დიპლომატებზე – კელი დეგნანზე, კარლ ჰარცელზე და მსგავსი შემთხვევების ფონზე, რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ კრიტიკულ ვითარებაში შენი პარტნიორები აღმოგიჩენენ დახმარებას, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს შენთვის მოცემულ, კრიტიკულ მომენტში.
შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს და მისი გამოსწორების უფლებაც უნდა ჰქონდეს. მე არ ვიცი ეს იყო თუ არა შეცდომა, მინდა, ვიფიქრო, რომ ეს იმ დროს და იმ ვითარებაში კარგად აწონილი განცხადება არ იყო და თუ ეს ასეა, მაშინ ამ განცხადებას უნდა მოჰყვეს განმარტებები და გამოსწორდეს ვითარება. ეს იყო დაუფიქრებელი განცხადება, დიპლომატიამ იცის შესაბამისი მეთოდები და ხერხები ასეთ დროს და ეს არის განმარტებების გაკეთება, რისთვისაც, ყველაზე ადექვატური ფიგურა იქნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: “დღეს როცა, ორი სამყარო დაეჯახა ერთმანეთს და ფრონტის ხაზი ძალიან მკვეთრია, ორმაგი თამაში შეუძლებელია. ღარიბაშვილის ეს განცხადება, ასეთ პირობებში, შესაძლოა აღქმული იქნას კოლაბორაციონისტულ და დასავლეთის გენერალური ხაზის საწინააღმდეგო განცხადებად. როდესაც შენ აცხადებ, რომ ვიღაცის სახლში გინდა ცხოვრება და აჩვენებ, როგორი უსაქციელო ხარ, ბუნებრივია, იმას აღარანაირი სურვილი არ ექნება მიგიპატიჟოს და თავისიანად ჩაგთვალოს.
ამ არაადეკვატურობით ღარიბაშვილი მიაღწევს იმას, რომ მას ხელსაც აღარავინ ჩამოართმევს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის საქართველოს წარმოადგენს. როდესაც ქვეყნის პრემიერზე ასეთი წარმოდგენა აქვთ და პარალელურად, ფიქრობენ, რომ ეს არის კაცი, ვინც ამ ქვეყნის მოსახლეობას მოსწონს, ბუნებრივია, მათ ასეთი არც პრემიერ-მინისტრი უნდათ და არც ხალხი. ამ დასკვნას გააკეთებენ.
ასე რომ, დღევანდელი განცხადებები კატასტროფული იყო ქვეყნის მომავლისთვის. ვინც უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის არჩევანს აკეთებს, კარგავს ორივეს. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ეს არ იცის”.