ექიმებზე თავდასხმები თურქეთში - რატომ იზრდება აგრესია პაციენტთა ახლობლების მხრიდან
თურქეთის ექიმთა ასოციაცია ხელისუფლებისგან ექიმების დაცვას ითხოვს საფრთხისგან, რომელიც მათ სიცოცხლეს ემუქრება. ამგვარი მოთხოვნით, ასოციაციამ ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართა, რაც ანკარაში მდებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი პაციენტის ნათესავები სამედიცინო პერსონალს თავს დაესხნენ.
რა მოხდა?
22 სექტემბერს თურქეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ტყვიით დაჭრილი ორი ადამიანი მიიყვანეს. ექიმებმა ერთი დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შემდეგ ათამდე ადამიანმა – გარდაცვლილის ნათესავებმა, მათ შორის მისმა მეუღლემ, საავადმყოფოში ყველაფრის განადგურება დაიწყეს, რაც თვალში მოხვდათ. გაავებული ბრბო თავს დაესხა სამედიცინო პერსონალს. საავადმყოფოს დაცვამ მათი შეჩერება ვერ შეძლო.
• აია-სოფია მეჩეთი გახდა. ფოტო და ისტორია
• გაგაუპატიურეს? ცოლად გაჰყევი მოძალადეს – თურქეთში სწორედ ასეთ კანონს იღებენ
საკუთარი თავის და პაციენტების თავდამსხმელებისგან დასაცავად, ექიმები რეანიმაციის განყოფილებაში ჩაიკეტნენ. გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები კარებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მსხვრევას პოლიციის მოსვლამდე აგრძელებდნენ.
არეულობის ხუთი მონაწილე დააკავეს, ორი მათგანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, მიმდინარეობს გამოძიება.
ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეტინ კოჯა სამედიცინო პერსონალს შეხვდა, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.”ქვეყნის მთელ სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და მტკიცედ ვართ განწყობილი ეს საკითხი კონტროლზე ავიყვანოთ”, – დაწერა მინისტრმა საკუთარ Twitter-ზე.
90 ათასზე მეტი ძალადობის შემთხვევა ბოლო 10 წლის განმავლობაში
პაციენტთა ნათესავებისა და ახლობლების თავდასხმები ექიმებსა და მედპერსონალზე, ასევე არეულობები საავადმყოფოებში თურქეთში საკმაოდ ხშირია. თითქმის ყოველდღე მედიაში ქვეყნდება ახალი ამბები მსგავსი ინციდენტების შესახებ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, თურქეთის ოჯახის ექიმთა კავშირის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალზე პაციენტების ნათესავებისა და ახლობლების 90 ათასზე მეტი თავდასხმა არის დაფიქსირებული. თურქეთის სამედიცინო მუშაკების 60 პროცენტს ამ ტიპის ძალადობა ათჯერ მაინც განუცდია საკუთარ თავზე.
პროფკავშირის სპიკერის, მედიცინის პროფესორის აკპინარის თქმით, ძალადობის მსხვერპლი მედიცინის მუშაკები ხშირად იურიდიული გზით თავის დაცვისგან თავს იკავებენ:
”მიზეზი, თუ რატომ არ მიმართავს ბევრი მათგანი ადვოკატების დახმარებას, ამ მცდელობების უშედეგოობა. აღიძრება საქმეები, იღებენ ჩვენებებს, იწერება განცხადებები. იწყება სასამართლო პროცესი და შედეგი არ არის. ჯანდაცვის თანამშრომელთა 64,7 პროცენტს არ სჯერა, რომ კანონიერი გზით რაიმე შედეგს მიაღწევს. საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა,”– განაცხადა მან.
კანონები მკაცრდება
თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსში მართლაც არის სპეციალური მუხლი სამედიცინო მუშაკების მიმართ ძალადობის შესახებ. 2020 წლის აპრილში ქვეყნის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ამკაცრებს სასჯელს ასეთი ქმედებებისთვის.
ამ ცვლილებების თანახმად, თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთნახევარჯერ გაიზარდა თავდასხმის, დაზიანების, მუქარის, შეურაცხყოფისა და სამედიცინო პერსონალის მუშაობაში ხელის შეშლისთვის საჯარო და არასახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მათი მოვალეობის შესრულების დროს.
20 წლიანი პატიმრობა ექიმის დაჭრისთვის
ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა შედეგი უკვე გამოიღო. 23 სექტემბერს სასამართლომ მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო მამაკაცის მიმართ, რომელმაც ქალაქ იზმირში ექიმი დაჭრა.
2019 წლის 16 ოქტომბერს ბაირამ ქაინაკმა იზმირის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმი კისრის არეში დაჭრა იმის გამო, რომ მკურნალობით უკმაყოფილო იყო. კოლეგების დროული ჩარევის წყალობით, ექიმი გადარჩა.
პროკურორი ბრალდებულისთვის 13-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მოსამართლემ უმძიმესი ვარიანტი აირჩია – მამაკაცს ციხეში 20 წლის გატარება მოუწევს.
«არა ძალადობას ჯანდაცვაში!»
დედაქალაქის კეჩიორენის საავადმყოფოში მომხდარმა ინციდენტმა საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ექიმები და რიგითი მოქალაქეები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #SağlıktaŞiddeteHayır (“#არა ძალადობას ჯანდაცვაში”).
ერთ-ერთმა მოქალაქემ ტვიტერზე დაწერა:
”მხეცობად მიმაჩნია ასეთი საშინელების ჩადენა ჯანდაცვის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც პანდემიის გამო საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, გარიყულები არიან სოციალური ცხოვრებიდან, ვერ ხვდებიან ოჯახებს, უბრალოდ სახლშიც ვერ მიდიან.”