ეპშტეინის ფაილები: ეწვია თუ არა ბაქოს მსჯავრდებული ამერიკელი ფინანსისტი?
აზერბაიჯანი ეპშტეინის ფაილებში
აშშ-ში გამოქვეყნებულმა მილიონობით დოკუმენტმა, რომელიც მსჯავრდებული ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეს უკავშირდება, არაერთ ქვეყანაში გამოიწვია სკანდალი. აზერბაიჯანში დებატების ცენტრში აღმოჩნდა კითხვა: ასახავს თუ არა ე.წ. ეპშტეინის ფაილები ეპშტეინის რეალურ კავშირს ბაქოსთან, თუ საქმე მხოლოდ ფრაგმენტულ მიმოწერასა და პოლიტიკურად დატვირთულ ინტერპრეტაციებს ეხება.
მიუხედავად ხმაურისა, დოკუმენტები აზერბაიჯანს სექსუალურ დანაშაულთან არ აკავშირებს – ყველა ხსენება პოლიტიკურ კონტაქტებსა და ლობისტურ პრაქტიკებს უკავშირდება.
ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი და რა არის “ეპშტეინის ფაილები“
ჯეფრი ეპშტეინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს და 2019 წელს ციხეში გარდაიცვალა. მის საქმეს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა, რადგან ეპშტეინი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა კავშირების ქსელს პოლიტიკოსებთან, მილიარდერებთან, სამეფო ოჯახის წევრებსა და გავლენიან ფიგურებთან.
“ეპშტეინის ფაილები“ წარმოადგენს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებულ მასალებს, რომლებიც ეფუძნება სასამართლო ჩანაწერებს, გამოძიების ანგარიშებს, მოწმეების ჩვენებებსა და ეპშტეინის პირად მიმოწერას. კანონის საფუძველზე, სააგენტომ გამოაქვეყნა დაახლოებით 3.5 მილიონი გვერდი, ათასობით ვიდეო და ასიათასობით ფოტო.
ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს: ეს მასალები ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულს ყველა იმ პირისთვის, ვინც დოკუმენტებში ფიგურირებს. ისინი ასახავს ეპშტეინის საქმიანობის გარშემო არსებულ კონტაქტებსა და გარემოს, მაგრამ არა სამართლებრივ დასკვნებს.
რატომ გაჩნდა აზერბაიჯანი დოკუმენტებში
არქივში აზერბაიჯანი რამდენჯერმე ჩნდება ეპშტეინის მიმოწერაში, რაც ადგილობრივ მედიაში სწრაფად გადაიქცა ბრალდებად, თითქოს ეპშტეინს ბაქოსთან “ფარული კავშირები“ ჰქონდა.
რეალურად, საუბარია რამდენიმე წერილზე, სადაც ბაქო მოხსენიებულია როგორც შესაძლო მოგზაურობის მიმართულება ან პოლიტიკური კონტაქტების სივრცე – და არა როგორც ეპშტეინის საქმიანობის აქტიური ცენტრი.
2011 წელი: შესაძლო მოგზაურობა, რომელიც არ შედგა
2011 წლის აგვისტოში ეპშტეინი არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესმენს, სულთან ბინ სულაიემს სწერს: “თქვენი აზერბაიჯანელი მეგობარი პარიზში ჩამოდის თუ ამ შაბათ-კვირას ბაქოში უნდა წავიდეთ?“
მიმოწერა მიუთითებს, რომ განიხილებოდა ბაქოში გამგზავრება, თუმცა დოკუმენტებში არ მოიპოვება არც ბილეთები, არც ვიზიტის ჩანაწერები. შემდგომ მასალებში არ ჩანს, რომ ეპშტეინი რეალურად ჩავიდა აზერბაიჯანში.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ: წერილში მოგზაურობის განხილვა არ ნიშნავს მის განხორციელებას.
“აზერბაიჯანელი მეგობრის“ ქორწილი
იგივე მიმოწერაში ნახსენებია ბაქოში დაგეგმილი ქორწილი. საუბარია 2011 წლის სექტემბერში საგანგებო სიტუაციების მინისტრის, კამალადინ ჰეიდაროვის ვაჟის ქორწილზე, რომელსაც ქვეყნის ელიტა ესწრებოდა.
სულთან ბინ სულაიემი წერილებში ადასტურებს, რომ თავად მიემგზავრებოდა ბაქოში, თუმცა ეპშტეინის მონაწილეობა დოკუმენტებით არ დასტურდება. არც ფრენის გეგმა, არც სასტუმროს ჩანაწერი არ არსებობს.
2015 წელი: “პრეზიდენტი ჩემი მეგობარია“
2015 წლის მიმოწერაში ბინ სულაიემი ეპშტეინს ბაქოდან სწერს:
“ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია… პრეზიდენტი ჩემი ძალიან კარგი მეგობარია.“
იგულისხმება პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ბიზნესმენი ეპშტეინს ბაქოში ჩასვლას სთავაზობს, თუმცა კვლავაც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვიზიტი განხორციელდა. ბაქო ამ მიმოწერაში ფიგურირებს როგორც პოტენციური დანიშნულების ადგილი და არა როგორც ფაქტობრივი კონტაქტის ადგილი.
ლობიზმი და “იმიჯ-მოგზაურობები“
დოკუმენტებში კიდევ ერთი ეპიზოდი ეხება 2014 წელს აშშ-ის კონგრესმენების ბაქოში ვიზიტის ორგანიზებას. ჩანაწერები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი ცდილობდა გავლენიანი პირების მიწვევას – დაფარული ხარჯებითა და მაღალი დონის მასპინძლობით.
ეს პრაქტიკა დასავლურ დისკუსიებში ცნობილია როგორც “ოქროს დიპლომატია“ — როდესაც ქვეყნები საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებენ ძვირადღირებულ ვიზიტებსა და კონტაქტებს.
ეპშტეინის სახელი აქ ირიბად ჩნდება, მისი ძმის საშუალებით გადაგზავნილი წერილების კონტექსტში, თუმცა მას პირდაპირი ორგანიზატორის როლი არ აქვს.
როგორ აშუქებს თემას აზერბაიჯანული მედია
დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანულ მედიაში ორი ტენდენცია გამოიკვეთა.
პროსამთავრობო გამოცემებმა ან შეამცირეს აზერბაიჯანის ხსენების მნიშვნელობა, ან ფოკუსი გადაიტანეს ეპშტეინის სკანდალის ექსტრავაგანტულ დეტალებზე – მაგალითად, ქააბას საფარის ფრაგმენტებზე ან რუსეთთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე.
ამით ამბავი წარმოაჩინეს როგორც “დასავლური ელიტების შიდა კრიზისი“ და არა როგორც კითხვა აზერბაიჯანის პოლიტიკური ლობიზმის შესახებ.
დამოუკიდებელ მედიაში კი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეპშტეინის ფაილები უფრო ნათელს ჰფენს, თუ როგორ ცდილობდა ბაქო დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში გავლენის გაფართოებას.
პოლიტიკა ხმაურის მიღმა
მთავარი პარადოქსია, რომ ეპშტეინის საქმე სექსუალურ დანაშაულთან ასოცირდება, ხოლო აზერბაიჯანის შესახებ დოკუმენტები მთლიანად პოლიტიკურ და დიპლომატიურ კონტექსტშია ჩასმული.
არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობას ბაქოს უკავშირებს. არსებობს მხოლოდ ფრაგმენტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ხვდებოდა აზერბაიჯანი გავლენიანი ფიგურების გლობალურ ქსელებში — როგორც პარტნიორი, ლობისტი ან პოტენციური მასპინძელი.
რატომ აქვს ამას მნიშვნელობა რეგიონისთვის
აზერბაიჯანი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აქტიურად ცდილობს დასავლეთში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური იმიჯის გამყარებას – ენერგეტიკული პროექტების, ლობისტური ქსელებისა და საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით.
“ეპშტეინის ფაილებმა“ ამ პოლიტიკის ჩრდილოვანი მხარეც აჩვენა: როგორ მუშაობს გავლენა არა მხოლოდ ოფიციალური დიპლომატიით, არამედ პირადი კონტაქტებით, ძვირადღირებული ვიზიტებითა და არაპირდაპირი არხებით.
ამ კონტექსტში სკანდალი ნაკლებად ეხება ეპშტეინს და მეტად – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობას დასავლურ პოლიტიკურ სისტემასთან. კითხვა უკვე აღარ არის, ჩავიდა თუ არა ეპშტეინი ბაქოში. უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვა რამ: რამდენად გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით მუშაობს რეგიონი საერთაშორისო პარტნიორებთან მაშინ, როცა პოლიტიკა, ფული და იმიჯი ერთ სივრცეში იკვეთება.