ენგურჰესი დროებით გაჩერდა
ენგურის ჰიდროელექტროსადგური ორი კვირით გაჩერდა. ეს დრო ენერგეტირკოსებს სადგურის მონიტორინგისთვის და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვისთვის დასჭირდებათ.
„ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის მონიტორინგისთვის გაჩერდა. სამუშაოები მარტის დასაწყისამდე გაგრძელდება”, – განაცხადა აფხაზური ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა ასლან ბასარიამ.
შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის იანვის ბოლოს შედგა.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ დროის განმავლობაში აფხაზეთი რუსეთიდან, სალხინო-ფსოუს ხაზით 200 მეგავატ ელექტროენერგიას მიიღებს. გარდა ამისა, ქართული მხარე ჩვენ დაგვაზღვევს, რადგან არსებობს ორივე მხარის დაინტერესება, რომ გენერაციის სიმძლავრე გაიზარდოს”, – უთხრა ბასარიამ „აფსნიპრესს”.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აფხაზეთის ელექტრომომარაგება „ძირითადად რუსეთის ენერგოსისტემიდან მოხდება, ხოლო დეფიციტს, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ნაწილობრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაზრდილი მოხმარებითაა განპირობებული, საქართველოს ენერგოსისტემა საკუთარი წყაროებით შეავსებს”.
ენგურჰესმა მუშაობა 19 თებერვალს შეაჩერა. საქართველოს ნერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხდა, რომ გვირაბის სრული რეაბილიტაციის დაწყება 2018 წელს იგეგმება, რაც ჰესის გაჩერებას გამოიწვევს. ასლან ბასარიას თქმით, „მხოლოდ მონიტორინგის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რამდენი ხნით შეჩერდება გენერაცია 2018 წელს”.
=====- აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში, აფხაზეთის მხარესაა.
- თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს საქართველო იღებს.