საპროტესტო ნოტა, 5 000 ლარი ჯარიმა და გაუქმებული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტმა საქართველოში
გაზიარება
გაზიარება
ელინა ვალტონენის ვიზიტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.
საქართველოს საგარეო უწყება ეუთოს სამდივნოსთვის გაგზავნილ ნოტაში ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე მისვლას “ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციაში” შეერთებას უწოდებს და ვალტონენს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
ნოტაში ნათქვამია, რომ ვალტონენის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად.
წინაისტორია
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.
ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე
მანამდე ეუთო-ს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, სადაც მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა გააკრიტიკა. თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალტონენის კრიტიკის შესახებ პრესრელიზში არაფერი უთქვამს.
15 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა “კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო” გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.
16 ოქტომბერს ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძეს მიმართა და მოუწოდა, ეწვიოს ფინეთს, შეხვდეს თავისუფალ მედიას და დაესწროს მისთვის სასურველ დემონსტრაციას. ვალტონენი ასევე წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
დღეს შსს-მ ვალტონენი “გზის უკანონო გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმა.
“ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომელიც მოიცავდა შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საოკუპაციო ხაზზე ვიზიტს და შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელთან, მინისტრი ელინა ვალტონენი შეუერთდა ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქუჩის აქციას, რომლებმაც 14 ოქტომბერს თავისუფლად, თუმცა არალეგალურად, გადაკეტეს თბილისის მთავარი გამზირი.
მინისტრი ვალტონენის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელიც არ ასახავს რეალობას, წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას, შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს.
აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან, რომელთა შორისაა – სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, გაეროს A/RES/20/213 რეზოლუციაში, ეუთო-ს წესებსა და პროცედურებში და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას.” – ნათქვამია ნოტაში.