ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების დაბარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ელჩების დაბარება არის კარგად გააზრებული გეგმის ნაწილი, რომლის “დიდი მიზანიც” არის საქართველოს იზოლაცია და ჩახსნა დასავლეთისგან.
ძებისაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელი ელჩების დაბარებას ევროკავშირისგან პოლიტიკის რაიმე ცვლილება არ მოჰყვება.
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდიც დაიბარეს, ხოლო გუშინ, 24 სექტემბერს “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა.
შეხვედრის შემდეგ, საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას”.
ლაშა ძებისაშვილი: “2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული თავდასხმები ელჩების მიმართ, დასავლეთის და განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენლებზე საქართველოში, თავდასხმები პერიოდული გახდა, უფრო გაიზარდა და პრაქტიკულად ყოველ დღე ვხედავთ მზარდ დინამიკას, რაც მგონია, რომ არ არის შემთხვევითი.
ეს არის კარგად გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, გეგმის ნაწილი, რომლის დიდი მიზანიც რა თქმა უნდა არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან, საქართველოს ჩახსნა დასავლეთისგან. საბოლოომ ჯამში საქართველოს მოსახლეობის იმ მწარე რეალობის პირობებში დაყენება, რომ აქ აბსოლუტურად მარტო ვდგავართ, არ გვყავს არავითარი პარტნიორი, არავინ არ გვყავს და ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ გვეკონტაქტება, არის ჩინეთი, რუსეთი და ჩვენი მეზობლები. ამ ახალ გარემოში ჩვენ სხვა გზები უნდა მოვძებნოთ.
ელჩების დაბარებას ევროკავშირისგან პოლიტიკის რაიმე ცვლილება არ მოჰყვება. გერმანიის მთავრობამ გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი ელჩის უკან. ჩვენ მრავალ ასეთ განცხადებას კიდევ ვიხილავთ.
დინამიკა იქითკენ მიდის, რომ საერთო ჯამში, გვინდა თუ არ გვინდა, ახლო მომავალში ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ სულ უფრო ინტენსიურად მესიჯებს და განცხადებებს, სადაც ალტერნატივად იქნება შემოგდებული, რომ ასეთ პირობებში ხომ არ ჯობია, საბოლოოდ ჩავეხსნათ ევროკავშირს და ალტერნატიული გზები ვნახოთ.“