ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარუმატებელი "საპრეზიდენტო" კანდიდატი
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი წელია დარჩენილი, თუმცა პოლიტიკური დინამიკა უკვე თვალშისაცემია ხშირად მოულოდნელი და წინააღმდეგობრივი ფორმით. ამ პროცესის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო, თუმცა ხანმოკლე ეპიზოდად იქცა ოსურენოვანი ლიტერატურული ჟურნალ “ფიდიუეგის“ მთავარი რედაქტორის, ნელი გოგიჩევას მოულოდნელი საპრეზიდენტო ამბიცია.

ოფიციალური კამპანიის დაწყებამდე ბევრად ადრე, გოგიჩევამ საკუთარი კანდიდატურა Telegram-ის არხზე გამოაცხადა და მანიფესტიც იქვე გამოაქვეყნა. ტექსტი ფართო ამბიციებით იყო დატვირთული – სოციალური სამართლიანობიდან დაწყებული, ეროვნული იდენტობის, ენისა და კულტურის დაცვით დასრულებული. თუმცა ამ განცხადებაში თავიდანვე იგრძნობოდა პარადოქსი: ავტორი ხაზს უსვამდა, რომ თავს ოპოზიციად არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მოქმედ პრეზიდენტზე უკეთესი ლიდერობის პრეტენზიას აცხადებდა.
გოგიჩევას გზავნილები სწრაფად გადავიდა გენდერული უთანასწორობის თემაზე. მან საჯაროდ ისაუბრა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის წინააღმდეგ არსებულ წინაღობებზე და აღწერა აგრესიული რეაქციებიც, რომლებიც, მისი თქმით, გარკვეული მამაკაცების მხრიდან მიიღო. ამ კონტექსტში მან 2011 წლის კრიზისიც გაიხსენა, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულ ალა ჯიოევას ხელისუფლებაში მოსვლა დაბლოკეს
თუმცა, თუ გოგიჩევას განცხადებები გარკვეულ დისკუსიას მაინც იწვევდა, საზოგადოების რეაქცია მის პოლიტიკურ გეგმებზე ძირითადად ირონიული აღმოჩნდა. მისი დაპირებები ბევრისთვის არადამაჯერებლად ჟღერდა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავად მოქმედი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, ერთ-ერთი ცნობილი მხარდამჭერია. 2022 წლის არჩევნების დროს გოგიჩევა აქტიურად იცავდა მის კანდიდატურას სოციალურ ქსელებში, რის შემდეგაც, გაგლოევის გამარჯვებისთანავე, მან “ფიდიუეგის“ მთავარი რედაქტორის პოსტი მიიღო.
სწორედ ამ ბიოგრაფიულმა კონტექსტმა გააძლიერა სკეპტიციზმი მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის მიმართ. და ეს სკეპტიციზმი თითქოს მალევე დადასტურდა: კანდიდატურის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გოგიჩევამ წაშალა როგორც საკუთარი პოსტები, ისე მთლიანად Telegram-არხი. გადაწყვეტილება მან “დესტრუქციული ძალების“ ზეწოლით ახსნა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
მისი ბოლო განცხადება უკვე ოპოზიციური პლატფორმის მეშვეობით გავრცელდა – არხის, რომელიც თავად გაგლოევის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით არის ცნობილი. იქ გამოქვეყნებულ მონოლოგში გოგიჩევამ კვლავ ახსენა :მტრული ძალები“ და განაცხადა, რომ მიუხედავად :ცილისმწამებლური დევნისა“, გააგრძელებს ბრძოლას მოქალაქეთა უფლებებისთვის.
ამ ისტორიამ საზოგადოებაში უფრო მეტი ირონია, ვიდრე სიმპათია გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი სოციალური ქსელებიდან იხსენებდა მის წარსულ აქტივობას გაგლოევის მხარდასაჭერად და ეჭვქვეშ აყენებდა მის უეცარ ტრანსფორმაციას “სისტემის კრიტიკოსად“.
ამ ფონზე, უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ გოგიჩევა შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს, როგორც მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერი 2027 წლის არჩევნების წინ. ზოგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მისთვის პოლიტიკური სივრცის სრულად დატოვება ნაკლებად სავარაუდოა.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ალან გაგლოევის რეიტინგი, სხვადასხვა შეფასებით, ამ ეტაპზე სუსტი რჩება. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებისთვის ლოიალური, აქტიური და მედიისთვის მოხერხებული ფიგურები შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდეს