ძალაუფლება და ფული
1. ფინანსური დახმარება, რომელმაც აფხაზეთამდე ვერ მოაღწია
რაულ ხაჯიმბა და ვლადიმირ პუტინი
აფხაზეთის ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის მოსკოვში გამგზავრება ან კრემლის რომელიმე მოხელის სოხუმში ჩამოსვლა რიგით მოქალაქეებს, ტრადიცულად, მხოლოდ მერკანტილურ ინტერესს აღუძრავს. „როდის გადმოგვირიცხავენ ფულს?“ _ ეს კითხვა ყველაზე პოპულარულია არამხოლოდ წელს, არამედ ბოლო რამდენიმე წელია, რუსულ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში ყველაზე ხშირად გაისმის.
მას შემდეგ,რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთის ბიუჯეტი განსაკუთრებულად დამოკიდებული გახდა რუსეთისგან მიღებულ შემწეობაზე, რომელიც თითქმის მის ნახევარს შეადგენს. წელს აფხაზეთის ხელისუფლებამ შეპირებული და კრემლის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული, ოთხი მილიარდი რუბლით[დაახლოებით 57 მილიონი აშშ დოლარი] განსაზღრული დოტაცია ვერ მიიღო. სოხუმში დაპირებული დახმარების მხოლოდ 7 პროცენტი გადაირიცხა, და ისიც _ მხოლოდ წლის ბოლოს. შედეგად, დეკემბერში ადგილობრივ პარლამენტს დაჩქარებული წესით მოუწია ბიუჯეტის საგრძნობლად შემცირება.
ამჯერად კრემლი „დანაკლისის“ ანაზღაურების პირობას იძლევა და 2016 წლისთვის განსაზღვრულ ტრანშს კიდევ 4 მილიარდს უმატებს. ამდენად, მთლიანობაში სოხუმი რვა მილიარდი რუბლს უნდა ელოდოს.
https://www.youtube.com/watch?v=9j4JW2xgxQI
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ ლაპარაკობს
2. ოპოზიციის საპროტესტო ტალღა
მიტინგი სოხუმში
ადგილობრივი ექსპერტები აფხაზეთში მთელი წლის განმავლობაში შექმნილ შიდაპოლიტიკურ არასტაბილურობას სწორედ რუსული დახმარების გარეშე დარჩენილი ბიუჯეტის დეფიციტსა და თანმხლებ სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებენ.
ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციებით შემდგარმა ბლოკმა რამდენიმე ყრილობა და კონფერენცია გამართა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც დაპირებები ვერ შეასრულა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამ-ნახევარი წლით ადრე უნდა გადადგეს.
ოქტომბერში, სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე გამართულ ფორუმზე ოპოზიციონერებმა ხაჯიმბას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს _ის ,რომ იგი ხელისუფლებაში 2014 წლის 27 მაისის სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა.
ამჟამად ოპოზიცია, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასადმი ნდობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პლებისციტის ჩასატარებლად 10 ათასი ხელმოწერის მოგროვებაა საჭირო.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია
3. წარმატებული საკურორტო სეზონი
2015 წელი აფხაზეთის ისტორიაში იმით იქნება ღირსშესანიშნავი, რომ წელს იქ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი ჩავიდა. ხელისუფლების შეფასებით, გასულ სეზონზე აფხაზეთს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა _ დამსვენებლებიც და მეზობელი სოჭიდან ექსკურსიაზე გადმოსული ტურისტებიც. ზაფხულში ადგილობრივ სასტუმროებსა და სანატორიუმებში თავისუფალ ნომერს ვერ ნახავდით. გარდა ამისა,ტურისტების დიდი ნაწილი,ძველი საბჭოთა ტრადიციის მიხედვით,დასასვენებლად კერძო ბინას ქირაობდა.
აფხაზეთის ორ ყველაზე შემოსავლიან ტურისტულ ადგილს _ რიწის ტბასა და ახალი ათონის გამოქვაბულს გასულ სეზონზე შემოსავლები გაუორმაგდა.
სოხუმის სანაპირო ზოლი
4. ანტითურქული სანქციები
თურქეთ-სირიის საზღვართან Су-24-ის ტიპის რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობა არ შეიძლებოდა აფხაზეთზე არ ასახულიყო.სოხუმს არ შეეძლო მოსკოვის მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების იგნორირება, რადგან მოკავშირის ვალი აიძულებდა,მხარი რუსეთისთვის დაეჭირა, და სწორედ ასე მოიქცა,თუმცაკი _ სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგის ფასად.
სოხუმის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ოცი პროცენტი თურქეთს უკავშირდება. ასევე,ამ ქვეყანაში 500 ათასი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს,რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი კავკასიური ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში მოხვედრილი მუხაჯირების შთამომავლები არიან.
5. შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა
2015 წელს ბევრი რეფორმა განხორციელდა. პარლამენტმა მთელი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც სასამართლო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობაში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. დაფუძნდა ახალი ორგანო _ ხაზინა. თუმცა, ყველაზე დიდი გამოხმაურება საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული წესის გაუქმებას და შერეული მოდელის დანერგვას მოჰყვა.აფხაზეთის პოლიტიკური ელიტის წიაღში უამრავი კომპრომისის დაშვების გამო,ამ რეფორმის ჩატარება ძალიან ძვირი დაჯდა და, შესაბამისად, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულებაც გამძაფრდა. საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია არა თავად საარჩევნო სისტემის რეფორმამ, არამედ დეპუტატების მანდატთა რაოდენობის ზრდამ _ 35-დან 55-მდე.