ჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე, რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა დატოვა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამბობს, რუსმა დიპლომატებმა მაგიდა მაშინ დატოვეს, როცა დღის წესრიგში დევნილების დაბრუნების საკითხი დადგა.
ლაშა დარსალიას თქმით, უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებული რჩება.
“ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. მნიშვნელოვანია, ადრე თუ გვიან ეს გადავლახოთ და დევნილთა დაბრუნების საკითხი იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში. დანარჩენ პროცესთან მიმართებაში რეალობა არის ის, რომ უსაფრთხოების თემაზე მხარეთა პოზიციები რჩება რადიკალურად განსხვავებული”. – განაცხადა დარსალიამ.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყონ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რაც კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს, “თუმცა, მსგავსი მიდგომა არ ჩანს რუსეთის დელეგაციის მხრიდან.”
დარსალიას თქმით, გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობა, რომ მცირე ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა.
“არავის ინტერესში არ არის, რომ ადგილზე რჩებოდეს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მძიმე ფონი. რეალურად, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთი იყენებს ზეწოლის მექანიზმად მოლაპარაკებათა პროცესში, თუმცა პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევით, იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარულ საკითხებზე გარკვეული პროგრესის მიღწევა. ამ მხრივ ველოდებით, რომ თანათავმჯდომარეები მოამზადებენ გარკვეულ წინადადებებს, რომლებიც უკვე შემდეგ რაუნდზე იქნება განხილული. იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ჰუმანიტარულ საკითხებზე შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას, თუმცა თუ შევაჯამებთ დღევანდელ რაუნდს, როგორც ყველა სხვა წინა რაუნდზე, ამჯერადაც პრაქტიკულად ვერც ერთ საკითხზე წინსვლა ვერ მოხერხდა”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
● გაიმართა აბაშიძე კარასინის ონლაინ შეხვედრა. საქართველო 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს
● ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის მონაწილეთა წინადადება
● საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე
რა არის ჟენევის ფორმატი
● 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა.
● წლების განმავლობაში, ვიდრე “ქართული ოცნება” ქართულ-რუსული მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატს აამოქმედებდა, ჟენევა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თბილისი და მოსკოვი საუბრობდნენ.
● ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
● კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს ჟენევის ფორმატი არ ეხება. ანუ, აქ არ მსჯელობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.
● ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში:
პირველ ჯგუფში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას);
ხოლო მეორე ჯგუფში საუბარია დევნილების მდგომარეობაზე და მათი დაბრუნების საკითხზე. ასევე ეს ჯგუფი იხილავს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება (მაგალითად, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობა, კრიმინალური შემთხვევები, ადამიანის უფლებები და სხვა).
● საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.