რუსეთი აცხადებს, რომ ცხინვალთან და სოხუმთან შეთანხმება თბილისის "შერიგების რიტორიკის ხორცშესხმა" იქნება
ჟენევის ფორმატი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 65-ე შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება “ქართული ოცნების” მიერ გაჟღერებული “შერიგების რიტორიკის განხორციელება” იქნება. ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს საქართველოს “ათვისების” მცდელობაში ადანაშაულებს.
ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილების დაბრუნების საკითხზე საუბრისას რუსულმა მხარემ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა და მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა.
რას ამბობს რუსეთის საგარეო უწყება
“მონაწილეებმა დაამტკიცეს უცვლელი ერთგულება МДЗ-ის (საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ კავკასიაზე) ფორმატის მუშაობის გაგრძელებისადმი. დღესათვის, დისკუსიები რჩება ერთადერთ მრავალმხრივ მოლაპარაკებების მოედნად, რომელიც უზრუნველყოფს სოხუმისა და ცხინვალის მუდმივ პირდაპირ დიალოგს თბილისთან მათ შორის პოსტკონფლიქტური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა МДЗ-ის პრიორიტეტული მიზნების კონკრეტული ნაბიჯების სასწრაფოდ შემუშავების აუცილებლობას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოსა და ამ ორ რესპუბლიკას შორის ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების მიღების გზით. კერძოდ, მისი გაფორმება გახდებოდა თბილისში გაჟღერებული აფხაზ და სამხრეთ ოსეთის ხალხთან შერიგების რიტორიკის პრაქტიკულ განხორციელებად.
მსგავსი ნაბიჯის აქტუალურობა იზრდება იმ ფონზე, როცა გარედან ისმის საქართველოსადმი მოწოდებები, სამხედრო ძალის გამოყენებით დაიბრუნონ “გამოყოფილი რეგიონები”, ასევე NATO-ს მხრიდან ამ ქვეყნის “ათვისების” დაუფარავი გეგმების, მათ შორის, მის ტერიტორიაზე ალიანსის სწავლებებისა და სხვა სამხედრო-საწვრთნელი ღონისძიებების ფონზე.
ჰუმანიტარული მიმართულებით მოლაპარაკებების პროცესის მთავარ წინაღობად რჩება საქართველოს მიერ გაეროს გენერალური ასამბლეისადმი ყოველწლიურად წარდგენილი უკიდურესად პოლიტიზებული, გეოპოლიტიკური რეალობების უგულებელმყოფი რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ. აღნიშნული პრობლემის განხილვა არსებული შეთანხმებებისა და МДЗ-ის გარდა სხვა ფორმატების დარღვევით, სოხუმისა და ცხინვალის მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელს ხდის მის განხილვას МДЗ-ის ფორმატში.
ანტირუსულ სანქციებზე შეერთებით შვეიცარიის მიერ დეკლარირებული ნეიტრალური სტატუსის დაკარგვის გათვალისწინებით, მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის მხარდაჭერით, მიიჩნევს, რომ აუცილებელია МДЗ-ის სხდომების ჟენევიდან სხვა, ნამდვილად ნეიტრალურ და ყველა მონაწილისათვის მისაღებ ადგილზე გადატანა.” – წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რას პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
“მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. შედეგად, წინა რაუნდების მსგავსად, მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.” – ნათქვამია განცხადებაში.
რა არის ჟენევის ფორმატი
● 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა ყველანაირი პირდაპირი დიალოგი. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე იმსჯელებდა.
● წლების განმავლობაში, ვიდრე “ქართული ოცნება” ქართულ-რუსული მოლაპარაკებების აბაშიძე-კარასინის ფორმატს აამოქმედებდა, ჟენევა იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თბილისი და მოსკოვი საუბრობდნენ.
● ჟენევაში წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
● კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს ჟენევის ფორმატი არ ეხება. ანუ, აქ არ მსჯელობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.
● ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში:
- პირველ ჯგუფში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას);
- ხოლო მეორე ჯგუფში საუბარია დევნილების მდგომარეობაზე და მათი დაბრუნების საკითხზე. ასევე ეს ჯგუფი იხილავს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხება (მაგალითად, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობა, კრიმინალური შემთხვევები, ადამიანის უფლებები და სხვა).
● საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.