დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ რუსეთის მტრულ ქმედებების საპასუხოდ სანქციები დაუწესეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტსა და 4 ორგანიზაციას. საელჩოს ცნობით, დასანქცირებულია გრუ-სის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლში. ასევე რუსეთის აფრიკის ინიციატივის 3 ლიდერი.
ბრიტანეთის საელჩო ასევე ეხმაურება 2019 წელს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას. საელჩო აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნება” ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას.
“ევროკავშირთან, ნატოსთან და სახელმწიფოების ფართო კოალიციასთან ერთად, გაერთიანებულმა სამეფომ გააკრიტიკა რუსეთის უპასუხისმგებლო, დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული აქტივობა, მიმართული გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 4 ორგანიზაციასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის 21 აგენტს, ჰიბრიდული აქტივობისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების შელახვას.
დასანქცირებულთა სიაშია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, გრუ-ს ის დანაყოფი, რომელმაც 2022 წელს ჩაატარა ონლაინ დაზვერვა მარიუპოლზე სარაკეტო დარტყმების დასაგეგმად — მათ შორის იმ დარტყმისთვის, რომელმაც გაანადგურა მარიუპოლის თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.
ასევე სანქციები დაეკისრა რუსეთის აფრიკის ინიციატივის სამ ლიდერს. აფრიკის ინიციატივა არის რუსეთის მიერ დაფინანსებული უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და გავლენის (FIMI) პლატფორმის ნაწილი, რომელიც იყენებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს დასავლეთ აფრიკაში საინფორმაციო ოპერაციების ჩასატარებლად. აფრიკის ინიციატივა ცდილობდა რეგიონში სიცოცხლის გადამრჩენი გლობალური ჯანდაცვის პროგრამების დისკრედიტაციას უსაფუძვლო შეთქმულების თეორიების გავრცელებით, რათა გაევრცელებინა კრემლის პოლიტიკური დღის წესრიგი.
გამოვლენილი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჰიბრიდული შეტევები — მათ შორის კიბერშეტევები და დეზინფორმაციის გავრცელება — წარმოადგენენ ევროპის დესტაბილიზაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი და გაუმართლებელი აგრესიის ომის ფარგლებში რუსეთის კამპანიის ინსტრუმენტებს.
2019 წლის ოქტომბერში საქართველოც გახდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მხრიდან დამაზიანებელი კიბერშეტევის მსხვერპლი. 2020 წლის თებერვალში გაერთიანებულმა სამეფომ და მისმა პარტნიორებმა გამოავლინეს, რომ ეს შეტევები იყო რუსეთის ხანგრძლივი მტრული დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი. გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიოდ განაცხადა, რომ გრუ-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები საქართველოს სუვერენიტეტის შესასუსტებლად, შუღლის დასათესად და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესაფეხერბლად იყო მიმართული.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერ-მედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც.” – წერს ბრიტანეთის საელჩო.