მოსაზრება: ჯერჯერობით 1937 წლის ფორმები მიღებული არ არის, მაგრამ განცდა რჩება, რომ აქეთკენ მივდივართ
დავით დარჩიაშვილის მოსაზრება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გვიანი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც არ ახსენდება და ყველაფერი 1937 წლის რეპრესიებისკენ მიდის.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ხელისუფლება არ აღიარებს. დარჩიაშვილის თქმითვე, კრიზისი ოპოზიციის გაქრობით არ განიმუხტება.

დავით დარჩიაშვილი: “ხელისუფლება აცხადებს: – აი, ასეთი ვარ და მიმიღეთ ისეთი, როგორც ვარ! ჩათვალეთ, რომ ვარ მეფე ანუ თეა წულუკიანს არ ეახლნენ, არ დაუკმაყოფილეს მას უზარმაზარი ამბიცია და ზიზღი, რასაც ის ოპონენტების მიმართ აფრქვევს და ამის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ჩასვეს. მათ კანონიც შესაბამისი შექმნეს. კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ამით სამართლიანობა მყარდება. კანონი შეიძლება იყოს არანორმალური და ამ ხელისუფლების მიერ ასეთი კანონებია მიღებული. ამას ადამიანები აპროტესტებენ და ამისთვის ისჯებიან. ამის შემხედვარენი ვართ ახლა – ეს არის ტიპური რეპრესიები სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. პარლამენტში შექმნილი კომისიის მიზანი და სულისკვეთება არის ოპონენტების განადგურება, რეპრესიებისთვის კანონიერი სახის მიცემა და მისი ფორმალიზება.
ხშირად დამოკიდებულებები სუბიექტურია და ყველას თავისი არგუმენტი აქვს. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს რაც შეუძლია, იმას აკეთებს. თუ უფრო რეალისტები და მომთმენები ვიქნები, უკეთესი იქნება. გასაგებია, რომ ყველაფერი სწრაფად გვინდა, ქვეყანაში არანორმალური ვითარებაა, ადამიანებს იჭერენ და ციხეს იმის გამო უსჯიან, რომ წულუკიანს არ ეახლნენ კომისიაში, რომელიც კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე არალეგიტიმურია. ასეთ ვითარებაში გასაგებია, რომ ერთის მხრივ, არის ფრუსტრაცია და მეორეს მხრივ, არის ბრაზი, მაგრამ მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ საჭიროა ვიყოთ მომთმენები. ესეც გასაგებია, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივვადიანი იქნება!
სალომე ზურაბიშვილს აზრს ვეთანხმები, რომ ერთადერთს აქვს ლეგიტიმაცია და ამას საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე იყენებს. ზურაბიშვილს ეს შეუძლია. ის არ გარბის საფრანგეთში, სადაც შეეძლო, რომ მშვიდად ეცხოვრა და დგას იქ, სადაც დგას. დავუფასოთ მას ეს! გასაგებია, რომ მას მეტი მოვთხოვოთ, მაგრამ რასაც აკეთებს ხელწამოსაკრავი არ არის.
გუშინდელი აქციით დაფიქსირდა, რომ საზოგადოებაში არის უკმაყოფილება და პროტესტის მუხტი, რასაც ნორმალური ხელისუფლება უნდა ითვალისწინებდეს. მეორეს მხრივ, რაოდენობა შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი არ იყოს, როგორიც გვინახავს. ეს ერთგვარ ფრუსტრაციას აჩვენებს, რომ აქციებს შედეგი არ მოაქვს. უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაშია, არსად გაქრება და ხელისუფლებაზე მაინც იმოქმედებს. საერთაშორისო ვითარებაც ძალიან ცვალებადი და დინამიკურია – რაღაც მომენტში ხელისუფლება მიხვდება, რომ ასე მართვა ქვეყნის, სადაც ამხელა უკმაყოფილება გააჩინა, აღარ შეუძლია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი პოსტები და გამოსვლები უფრო და უფრო მეტად მაგონებს დიმიტრი მედვედევის ზეპირსიტყვიერებას და სოციალურ ქსელში რუსების აქტიურობას. ეს ყველაფერი სრული არაადეკვატურობაა, რაც ჩვენს ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ქვეყნის პარტნიორებთან ასეთი ტონით საუბარი ნორმალური არ არის.
ევროკავშირმა არჩევნების შედეგები პრაქტიკულად არ აღიარა. მას საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობები მინიმუმზე აქვს დაყვანილი. ინარჩუნებენ სააუცილებლო კომუნიკაციას ძალიან დაბალ დონეზე. ჩვენთან არ ჩამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, რომელიც ორდღიანი ვიზიტით ერევანში იმყოფება, ჩვენკენ კი გამოხედვაც არ უნდა.“