დათვები სოხუმში
რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს წევრების არჩევნები გაიმართა. მთლიანობაში კენჭისყრაში მონაწილეობა 111,6 მილიონ ადამიანს შეეძლო. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის განცხადებით, აქტივობა 47,81%-ით განისაზღვრა (ამასთან, მოსკოვში მხოლოდ 28,62% დაფიქსირდა). 2011 წელს იმავე დროს ანალოგიური მაჩვენებელი 51,7%-ს უდრიდა.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნები სიურპრიპზების გარეშე დასრულდა – გაიმარჯვა პროსახელისფლებო პარტია “ედინაია როსიამ”.
მაგრამ ჩვენი ამბავი ოდნავ განსხვავებულია. ჩვენი ისტორია აფხაზეთში ვითარდება, სადაც 90 ათას ადამიანს ორმაგი, აფხაზურ-რუსული მოქალაქეობა აქვს და, შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო.
ვარაუდობდნენ, რომ ამ 90 ათასიდან არავინ მივიდოდა არჩევნებზე, მაგრამ აქტივობამ ყველა გააოცა – არჩევნებზე 20,335 ადამიანი მივიდა. მთლიანობაში ცხრა საარჩევნო უბანი მოქმედებდა – სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, სოფელ ბამბორასა და გალში. ზოგან ამომრჩეველთა რიგებიც კი შეინიშნებოდა.
პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დილით, 9:30-ზე მისცა ხმა და პატარა პროგრამული განცხადებაც გააკეთა.
ასეთი მაღალი აქტივობა, გარკვეულწილად, იმითაც აიხსნება, რომ ამომრჩევლები უბნებზე ავტობუსებით მოიყვანეს – მ.შ. ყველა სოფლიდან. ამ ღონისძიების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული ხარჯები რუსეთის საელჩომ აიღო საკუთარ თავზე.
გალინა პოჟიდაევა სოხუმის გარეუბანში ცხოვრობს. იგი სიამოვნებით იძლეოდა ინტერვიუს: “აეროპორტიდან [სოხუმის ერთ-ერთი უბანი] ავტობუსით მომიყვანეს. სპეციალურად არჩევნებისთვის მოვედი აქ – იმისთვის, რომ პუტინს მივცე ხმა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებმა უკვე ბევრი მოგვცა. მაგალითად, კარგი პენსია. ჩვენს ავტობუსში ყველა “ედინაია როსიას” აძლევს ხმას!”
საარჩევნო უბნიდან გამოსული კიდევ ერთი მოხუცი ქალი მარინა თარბად გამეცნო და თქვა:”შვილო, მე პუტინს მივეცი ხმა, მაგრამ, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუკი არ დაწერ ამას.”
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არჩევნებზე მოსულთა უმრავლესობა ხმას სწორედ “პუტინს აძლევდა”, და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან მიმართულებას.
სოხუმელი ლიდია კოროლიოვა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ხალხების ერთიანობას აჩვენებს. როგორც ჩანს, იგი აფხაზეთსა და რუსეთს გულისხმობს. “მე პირადად, მედვედევს, უფრო სწორად კი “ედინაია როსიას” მივეცი ხმა. მედვედევი ჩვენი დათვია, ჩვენ კი მისი ბელები ვართ. თუკი რუსეთში ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენთანაც კეთილდღეობა დაისადგურებს.”
ამომრჩეველთა უმრავლესობას ხანშიშესული ადამიანები შეადგენენ. საარჩევნო უბნებზე ძალიან იშვიათად შეხვდებოდით ახალგაზრდებს. რამდენიმე მათგანმა გვერდით ჩაუარა უბანს. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ სიხარულს არც ინტერვიუს მოცემისას ავლენდნენ.
ამანდა: “არ ვიცოდი, რომ დღეს არჩევნებია. ვისი არჩევნებია?”
ინნა: “არ წავსულვარ არჩევნებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი არჩევნები არ არის.”
ვალერი გოგუა: “არ წავსულვარ არჩევნებზე. არ ვთვლი, რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. საერთოდაც, ინტეგრაციის თემამ გამაღიზიანა და ამიტომ ხმის მისაცემად აღარ წავედი.”
რიმა არძინბა: “მე საერთოდ არასდროს დავდივარ არჩევნებზე. და რა ხეირს მოგვცემს? უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ნაცვლად გადაწყვიტეს ყველაფერი. ჩვენს არჩევნებზეც კი არ დავდივარ, რუსულზე – მით უმეტეს. საერთოდ, რატომ უნდა მივცეთ მათ დეპუტატებს ხმა?! ჩვენ საკუთარი პარლამენტარები გვყავს.”
ირაკლი: “გავიგე, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებია. მაგრამ რომელი აფხაზი დეპუტატი იყრის კენჭს?”
სვეტლანა ხოჯავა: “ოჰ, დღეს არჩევნების დღეა? მე კიდევ დამავიწყდა. ახლა წავალ და პენსიონერების პარტიას მივცემ ხმას.”
რაც შეეხება პენსიონერებს…
გთავაზობთ დიალოგს ბაბუასა და ბებიას შორის, რომელიც სოხუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, სკამზე წარიმართა:
– პუტინს უნდა მივცეთ ხმა. სხვას არავის! – თქვა ბებიამ.
– რას ლაპარაკობ! მე კომუნისტებს მივცემ ხმას! რად მინდა შენი პუტინი! – უპასუხა მას ბაბუამ, რომლის კეპსაც ამშვენებს წარწერა “სამართლიანობისთვის”.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 19.09.2016