დათა პაპა - მავთულხლართების ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა პაპა, დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.
დათა პაპა ხურვალთიდან – ასე იცნობდნენ მას ჟურნალისტები. წლების განმავლობაში ის ფაქტობრივად ერთადერთი ეთნიკური ქართველი იყო, რომელიც არა მარტო ქართველ ჟურნალისტებს, არამედ პრეზიდენტებს და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, ბოლო დროს ის ავადმყოფობდა და ძირითადად ლოგინში იწვა.

ვინ იყო დათა პაპა?
2013 წელს, როდესაც რუსმა ოფიცრებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიების გასწვრივ ფიზიკური ბარიერების გავლება დაიწყეს, ხურვალეთელი დავით ვანიშვილი მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
სასაზღვრო ხაზმა მის სოფელში, ხურვალეთში გაიარა და სოფელი ორად გაყო. ვანიშვილის სახლი ცხინვალის მიერ კონტროლირებად მხარეს მოექცა.
80 წლის ასაკში ვანიშვილს უნდა აერჩია, თუ სად გააგრძელებდა ცხოვრებას – საკუთარ სახლში, რომელიც ოსების და რუსების კონტროლქვეშ რჩებოდა, თუ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყო და დარჩენილი ცხოვრება დევნილობაში გაეტარებინა.
ვანიშვილმა შინ დარჩენა აირჩია.
რვა წელი მან ოჯახის სხვა წევრებისგან და ახლობლებისგან მავთულხლართებით დაშორებულმა გაატარა.
წლების განმავლობაში, ის და მისი მეუღლე ნათესავების და
მეზობლების იმედად ცხოვრობდნენ. მეზობლები მოხუცებს პენსიას, წამლებს, სხვა ნივთებს მალულად, ღამღამობით, ღობიდან აწვდიდნენ, წერს Amnesty International-ი თავის ანგარიშში.
მადლიერების ნიშნად, დავით ვანიშვილი მათი გარდაცვლილი ნათესავების საფლავებს უვლიდა, რომლებიც მისი სახლის
მსგავსად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ – ბალახისგან წმენდდა, აღდგომას კვერცხს გააგორებდა.
ვანიშვნილს კომუნიკაციის ერთადერთი შესაძლებლობა ჰქონდა: მავთულხლართებთან მიდიოდა და იქიდან ელაპარაკებოდა ღობესთან მისულ ახლობლებს.
ის საქართველოს მოქალაქე იყო და არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას.
დათა ვანიშვილს სთავაზობდნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებას და იქაურ პენსიის დანიშვნას, თუმცა ის უარს ამბობდა.
ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
მას ყველანი დათა პაპათი იცნობდნენ. იგი ამ წლების განმავლობაში 2008 წლის ომის მსხვერპლთა სიმბოლოდ იქცა.
____________________________
● მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი
● 10 წელი მავთულხლართებს მიღმა
● 12 წელი აგვისტოს ომიდან
______________________________
საქართველოში ვიზიტით ჩამოსული უცხოელი ლიდერები და დიპლომატები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ვითარების გასაცნობად ჩადიოდნენ, როგორც წესი, ხურვალეთში მიდიოდნენ და მავთულხლართების მეორე მხრიდან დათა ვანიშვილის მონათხრობს ისმენდნენ.
2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დათა ვანიშვილს წერილიც გაუგზავნა, სადაც მადლობას უხდიდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო.
ვანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. იგი მავთულხლართებიდან გადმოძვრა და მერე უკან დაბრუნდა.
როგორც ჟურნალისტებს უყვებოდა, ღობეზე გადმოსვლის დროს ხელიც გაიჭრა.
დათა ვანიშვილზე სიუჟეტი გააკეთა BBC-იმ, სტატია აქვს დაწერილი National Geographic-ს და სხვა საერთაშორისო მედიას.
დათა პაპას ფოტოები აქვს გადაღებული საქართველოს პრეზიდენტთან

მასთან ჩასული იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც
