დაპირისპირება დაპირისპირებისთვის
სარსანგის წყალსაცავი მთიანი ყარაბაღის დაქვემდებარებაშია,თუმცა მისი გამოყენების გარდაუვალი აუცილებლობა მოსაზღვრე აზერბაიჯანულ სოფლებს უფრო უდგათ. წყალსაცავმა ახალი ამბების ყურადღება მაშინვე მიიპყრო, როგორც კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდების მქონე რეზოლუციას _ „აზერბაიჯანის ფრონტისპირა რაიონების მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების განზრახ აღკვეთა“.
სარსანგის წყალსაცავი საბჭოთა პერიოდში, 1976 წელს აშენდა მდინარე ტერტერზე. მაშინ ეს წყალსაცავი სარწყავი წყლით უზრუნველყოფდა აზერბაიჯანის 6 რაიონს (ტერტერს, ბარდავს, აღდამს, გიორანბოის, ევლახსა და აღჯაბედის). ომის შემდეგ, აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ამ სოფლების მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვის საკითხი დღემდე დიდ პრობლემად რჩება.
არსებული ვითარების შესახებ კომენტარს აკეთებს სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი.
ეს სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის,რადგან ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში არ მონაწილეობს. ეს უფრო „ეუთოს მინსკის ჯგუფის“ პასუხისმგებლობის სფეროა.
საერთაშორისო სტრუქტურები ერთმანეთისგან მათი საქმიანობის თავისებურებებით განსხვავდებიან. მაგალითად, ევროკავშირი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტრუქტურაა, ეუთო უსაფრთხოების საკითხებითაა დაკავებული, ევროსაბჭო კი ჰუმანიტარულ პრობლემებს შეისწავლის.
სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სარსანგის წყალსაცავის შესახებ ამ რეზოლუციას, და არა მეორეს, რომელიც პარალელურად მოამზადა და წარადგინა ბრიტანელმა დეპუტატმა, რობერტ უოლტერმა. უოლტერის ვერსია „მთიან ყარაბახსა და აზერბაიჯანის კუთვნილ სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის ესკალაციაზე“ მიუთითებდა. ჰუმანიტარულ პრობლემებს მხოლოდ პირველი რეზოლუცია ეხება, ანუ _ სწორედ იმ სფეროს, რაც უშუალოდ ევროპი საბჭოს საქმიანობას წარმოადგენს.
ამ რეზოლუციის მიღებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არაფერი შეიცვლება. სარსანგის წყალსაცავის მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრია. მაგალითად, თავის დროზე, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და მთიანი ყარაბაღი გაზითა და ელექტროენერგიით აზერბაიჯანიდან მარაგდებოდა, თუმცა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამ პრეტენზიის განხილვა არასერიოზული იქნებოდა.
მარუთ ვანიანის ფოტო
ეს რეზოლუცია იმ არასაომარი მეთოდებით ომის შედეგია, რასაც აზერბაიჯანი მიმართავს. ეს პროპაგანდისტული ომია.
აზერბაიჯანი კონფლიქტის მოსაგვარებლად რეალური კომპრომისებისკენ სულაც არ მიისწრაფვის და ცდილობს, დაპირისპირება სხვა მიმართულებით გააღვივოს. დაბეჯითებით ვერ განვაცხადებ, რომ აზერბაიჯანული დიპლომატია აკრძალულ მეთოდებს იყენებს,რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გამაჩნია, თუმცა ცხადია,რომ მათ როგორღაც მოახერხეს ევროპის საბჭოს ზოგიერთი დეპუტატის დაყოლიება.
სომხეთი აზერბაიჯანისგან სრულიად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს და ამის მიზეზი თვალსაჩინოა _ ომი სწორედ სომხეთმა მოიგო.
მორიგი დაპირისპირების მიზეზი სომხეთს არ აქვს. რაში სჭირდება? ტერიტორიების მისატაცებლად? ასეთი სურვილი არ არსებობს.
სომხეთი ყარაბაღზე საკუთარ უფლებას არავის უმტკიცებს; ყარაბაღი არც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უღიარებია, და არც _ სომხეთის ნაწილად. სომხეთში ყარაბაღის საელჩოც კი არ არის _ მხოლოდ წარმომადგენლობა.
აზერბაიჯანული მხარის რევანშისტული განწყობა სრულიად ბუნებრივი და გასაგებია _ აზერბაიჯანულ საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა.
ეს რეზოლუცია,რომ პროპაგანდისტული ომის შედეგია, ამაზე ისიც მეტყველებს,რომ მას სულ სხვადასხვა ქვეყნებსა და ფრაქციებში ‘გაბნეულმა’ დეპუტატებმა მოაწერეს ხელი.ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ საპასუხო განცხადება კი (რომლითაც ეუთოს ჯგუფი ევროსაბჭოს მიმართავდა, შეეკავებინათ თავი ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც მათ მანდატს ზიანს მიაყენებდა და მოლაპარაკების პროცესს გაართულებდა), მართლაც მთელი ორგანიზაციის ერთსულოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. „მინსკის ჯგუფმა“ საპარლამენტო ასამბლეას შეახსენა, რომ ეუთოს ჯგუფის ფორმატი კონფლიქტის მოგვარებისა და მოლაპარაკებების ერთადერთი გზაა.
ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია,რომ ამ რეზოლუციას კონფლიქტთან საერთო არ აქვს, სხვათა შორის არც _ წყალთან.
რაც შეეხება წყალს… თუკი სროლა შეწყდება და ლაპარაკი შესაძლებელი გახდება,ალბათ ამ საკითხს აზერბაიჯანის მხარე ყარაბაღთან გაარკვევს. თუმცა, ამჟამად ეს ყველაფერი მეტისმეტად სიურეალისტურად ჟღერს.
საერთოდ, პროპაგანდისტული ომი მუდმივი დაპირისპირების შენარჩუნებას უფრო ემსახურება,ვიდრე პრობლემის მოგვარებას. ამ რეზოლუციის ევროსაბჭოში შეტანა და მიღება,სინამდვილეში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ბრძოლის ნაწილი კი არ არის, არამედ _ კონფრონტაციის შენარჩუნებასა და კონფლიქტის დარეგულირების მცდელობას შორის დაპირისპირებაა.
ამასთან, აზერბაიჯანი ნახევარი წლის წინათ და აზერბაიჯანი დღეს _ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ორი სხვადასხვა სახელწიფოა. აზერბაიჯანში ფულის კატასტროფული დეფიციტია. შედეგად, იხურება ქვეყნის საელჩოები, მკვეთრად მცირდება სამხედრო ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდი. ერთი წლის წინათ აზერბაიჯანის ოქროს მარაგის ღირებულება 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 5 მილიარდზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, მომავალში აზერბაიჯანის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გამართულ ბრძოლებს სერიოზული შედეგები ვეღარ ექნება.
• სამხედრო ქმედებების დასრულების შემდეგ მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანს არაერთხელ შესთავაზა სარსანგის წყალსაცავის სარწყავი რესურსების ერთობლივი გამოყენება. ამ იდეას ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე, ჯეიმზ უორლიკიც უჭერდა მხარს.
• 2016 წლის 26 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული ორი დოკუმენტი განიხილა. პარლამენტარებმა აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული რეზოლუციებიდან ერთ-ერთი მიიღეს, მეორეს კი მხარი არ დაუჭირეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 98 ხმით მხარი დაუჭირა ბოსნიელი დეპუტატის, მილიცა მარკოვიჩის რეზოლუციას, რომელიც სარსანგის წყალსაცავს ეხება („აზერბაიჯანის ფრონტისპირა რაიონების მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების განზრახ აღკვეთა“). რეზოლუციის წინააღმდეგ 71 დეპუტატი გამოვიდა, ორმოცმა პარლამენტარმა კი პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა.