დაკვირვება კრემლზე
ვინ მიაჩნია კრემლს მეგობრად და ვინ – ოპონენტად? ვის მეტ ყურადღებას უთმობს და ვის – ნაკლებს?
მცირე ხნის წინათ ჩეხურმა ანალიტიკურმა ცენტრმა – “ევროპული ღირებულებები” – ამ საკითხთან დაკავშირებით 2014-2016 წლებში რუსული მედიასაშუალებების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა ორგანიზაციის იმ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც “დაკვირვება კრემლზე” ჰქვია.
კვლევის დეტალები “გრომადსკის” აღნიშნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, იაკუბ ანდამ გაანდო.
– იაკუბ, როგორია თქვენი კვლევის ძირითადი შედეგები?
ძირითადი შედეგი იმ დასკვნამდე მისვლაა, რომ რუსული პროპაგანდა ევროპელი ლიდერების შესახებ არსებული ინფორმაციით მანიპულირებს, რომ ისინი ისე წარმოაჩინოს, როგორც კრემლს აძლევს ხელს. ჩვენ საკუთრივ პროპაგანდას ვგულისხმობთ, რადგან რუსეთში არც ისე ბევრი ნამდვილი მედიაორგანიზაციაა. მასმედიის საშუალებების უმრავლესობა რუსეთში უშუალოდ კრემლიდან იმართება.
რუსული პროპაგანდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ვლადიმირ პუტინის ოპონენტად აღიქვამს; მაგრამ არსებობენ სხვა პოლიტიკოსებიც – მაგალითად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერები – ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო; ან თუნდაც იტალიის პრემიერმინისტრი. ამ ლიდერებს კრემლის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილ ფიგურებად სახავენ.
და აქ რუსული პროპაგანდა მათ გავლენას აზვიადებს, ამიტომ, მათი ქვეყნების ზომებიდან გამომდინარე, რუსეთი ამ ლიდერებს გადაჭარბებულ ყურადღებას აქცევს. სხვა, ნაკლებად მეგობრული ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით, კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი დასავლელი პოლიტიკოსები რუსულ პროპაგანდისტულ მანქანაში განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობენ.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი რუსული პროპაგანდის არაპროპორციულად მცირე ყურადღებას იქცევს, სხვა დასავლელი ლიდერები კი რუსეთში შეუსაბამოდ დიდ ყურადღებას იქცევენ. რითი ახსნით ასეთ დისბალანსს?
ცნობილია, რომ რუსეთში ძნელია, დამოუკიდებელი მედიასაშუალება გქონდეს. მედიამასალის უდიდეს ნაწილს კრემლი განსაზღვრავს. თანაც, ოფიციალური მოსკოვი მედიანაკადების მიმართულებებსა და “ინსპირაციებსაც” აკონტროლებს.
შესაძლოა, ამ გზით კრემლი ცდილობს, მკაფიოდ გამიჯნოს მისი ოპონენტი ევროპელი ლიდერები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ფიგურებად, ევროპაში პუტინის პოტენციურ მოკავშირეებად წარმოაჩენს.
ამდენად, კრემლი რუსული აუდიტორიისთვის ისეთ სურათს წარმოაჩენს, თითქოს მთელი მსოფლიო (ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი მაინც) რუსეთის განადგურებას ლამობს, მაგრამ რუსეთის ლიდერი იმდენად დიდია, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ჰყავს მეგობრები.
და სწორედ ამიტომ უთმობს რუსული მედია ამხელა ყურადღებას ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს. მის ყველა გამოსვლას, სადაც იგი ჩეხეთის დასავლელ მოკავშირეებს (მაგალითად, აშშ-ს, გერმანიას, ან მთლიანად ევროკავშირს) აკრიტიკებს, რუსული მედია და რუსული პროპაგანდა, ყველასთვის მოულოდნელად, საკმაოდ აქტიურად აშუქებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი ამ პოლიტიკოსებს სრულიად აშკარა მიზნებისათვის (კერძოდ კი რუსეთში პროპაგანდის წარმართვისთვის) იყენებს.
– ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსული პროპაგანდა ევროპელ ლიდერებს მკვეთრად ყოფს კრემლის მეგობრებად და მტრებად? და თუ ასეა, რომელ პოლიტიკოსებს მიიჩნევს რუსეთი თავის მტრებად?
როგორც წესი, რუსული მედიასაშუალებები “მტრების” ცნებას არ იყენებენ. მაგრამ შეგიძლიათ, კარგად დაინახოთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ მედიას მათ მიმართ – ამ პოლიტიკოსებს ძალიან უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენენ.
ჩვენ, პროგრამის “დაკვირვება კრემლზე” (Kremlin Watch) და კომპანია Semantic Visions-ს ბოლო სამი წლის მონაცემები გვაქვს. აქ ტენდენცია ისეთია, რომ რუსული მედიასაშუალებები ანგელა მერკელს იმ ლიდერად მიიჩნევენ, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პოლიტიკას განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ბევრი რუსულენოვანი მედიასაშუალება ევროპას აღიქვამს კონტინენტად, რომელიც ლტოლვილებითაა სავსე – თითქოს არმაგედონი იწყებოდეს. ანგელა მერკელს ამაშიც ადანაშაულებენ.
სამაგიეროდ, სხვა ლიდერები სხვა კონტექსტით ხასიათდებიან.
მაგალითად, იტალიის პრემიერმინისტრი მატეო რენცი და ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი წარმოჩინდებიან ლიდერებად, რომლებიც საკუთარი სუვერენული ერების ევროკაშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლისგან დაცვას ცდილობენ. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, იგივე ჩეხეთის პრეზიდენტი, თავადვე ლაპარაკობს ხოლმე ამის შესახებ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობენ ლიდერები, რომლებსაც რუსული პროპაგანდა ახასიათებს “ამერიკის მონებად”, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა უბრძანებს. რუსეთის პროპაგანდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ასეთი ლიდერების რიცხვს მიაკუთვნებს. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ვლადიმირ პუტინისადმი მეგობრულად განწყობილ პირებად სახავენ. და ამ ლიდერებს დამოუკიდებელ, ან სუვერენულ ფიგურებად წარმოაჩენენ.
– გსმენიათ თუ არა ევროკავშირის ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შექმნილი განსაკუთრებული მითები? და თუკი გაგიგონიათ, მათ შორის რომელ მითს უფრო ახმაურებს და ატრიალებს რუსული პროპაგანდა?
დიახ, ათობით ასეთი მითი არსებობს. თუკი რუსეთის ტელევიზიის პირველ არხს, ან RT-ს მიადევნებთ თვალს, უამრავ ისტორიას გაიგებთ იმის შესახებ, თუ როგორ სახავენ ევროპელი ლიდერები რაღაც გეგმებს, რომლებიც ევროპელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ გზით რუსული არხები ანგელა მერკელის მსგავსი ევროპელი ლიდერებსა და მათი ხალხებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.
რუსული პროპაგანდა აღვივებს შეგრძნებას, რომ მტერი და მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატებია. თუმცა, რუსული მედიასაშუალებები იმასაც აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გაცილებით მეგობრულადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, მაგრამ ისინი უბრალოდ ამერიკული პოლიტიკის მძევლებად იქცნენ. ზოგიერთი ევროპული ერიც მეგობრულადაა განწყობილი რუსეთისადმი, და,რუსული პროპაგანდის გამტარებლების აზრით, ამერიკელი ხელმძღვანელობის, ან ამერიკული დიქტატურის მსხვერპლად არ უნდა იქცნენ.
– რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ რუსული მედიასაშუალებები ევროკავშირის ინსტიტუტის ლიდერებს? რამდენად დიდ როლს თამაშობენ ისინი რუსულ პროპაგანდაში?
ჩვენი კვლევის მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ ასახავს რუსული პროპაგანდა ჩვენ მიერ კვლევის ობიექტად არჩეულ თითოეულ ევროპელ ლიდერს.
მაგალითად, შეგიძლიათ გაეცნოთ მონაცემებს რასმუსენისა და სტოლტენბერგის (ნატოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელის) შესახებ. მათ ძირითადად ნატოს თემასთან დაკავშირებით ასახავენ. სამაგიეროდ იუნკერს, ევროპის კომისიის პრეზიდენტს, პირველ რიგში, უკრაინის კრიზისთან და მიგრაციასთან დაკავშირებით ახასიათებენ ხოლმე.
მაგრამ ქალბატონ მოგერინის, რომელიც ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს, ისეთ თემებთან დაკავშირებით ახასიათებენ, როგორიცაა სანქციები და უკრაინის კრიზისი, მაგრამ მიგრაციის საკითხზე საუბრისას არასდროს ახსენებენ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ადამიანები ამ საკითხებით არიან დაკავებულები. მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ სანქციების საკითხთან დაკავშირებით ძირითადი ყურადღება სწორედ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ეთმობა. რუსულ მედიაში ყურადღებას ამახვილებენ, რომ სწორედ მერკელი დგას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკან. და ამ გარემოებას უკავშირდება ის ნეგატიური ტონალობა, რომლითაც გერმანიის კანცლერის ფიგურა შუქდება. სანქციების საკითხთან მიმართებაში იუნკერისა და მოგერინის მსგავს ლიდერებს ასეთი დიდი ყურადღება არ ექცევათ.
გამოქვეყნდა 11.08.2016