დაკეტილი საზღვრის იქით
მატარებლის ერთ-ერთი მგზავრის მოგონებები
‘ანისი უნდა ნახო და მერე მოკვდე’, _ სომეხი პოეტის, ოვანეს შირაზის ამ ცნობილ სტრიქონს ზედიზედ იმეორებდა ოსმალეთის იმპერიაში დაბადებული 90 წლის ბაბუა, რომელსაც 1991 წლის ზაფხულში, საბჭოთა რკინის ფარდის გახსნის შემდეგ საშუალება მიეცა, ტურისტად ჩასულიყო გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზით დასავლეთ სომხეთში. ეს რეგიონი ახლა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს ეკუთვნის.
ამ ტურისტული ჯგუფის თარჯიმან-ექსკურსიამძღოლი კარინე დავოიანი ამჟამად სომხეთის ტუროპერატორების კავშირის დირექტორია. კარინეს დაწვრილებით ახსოვს,თუ როგორ იგეგმებოდა ეს მოგზაურობა.
‘ტელევიზიით განცხადება გავავრცელეთ, რომ საქველმოქმედო მომლოცველთა ჯგუფის შექმნას ვაპირებდით. სამოგზაუროდ მხოლოდ იმ ადამიანებს ვიწვევდით, რომლებიც წარმოშობით დასავლეთ სომხეთიდან არიან. ეს იდეა ტურისტულ ასოციაცია „აიასტან-ტტტ“-ს დირექტორს, ედუარდ მინასიანს ეკუთვნოდა, რომელიც თავადაც ყარსიდან იყო წარმოშობით. მოსალოდნელზე მეტი მსურველი აღმოჩნდა და ამიტომ, მხოლოდ ის 30 ადამიანი ავარჩიეთ, რომლებმაც სხვებზე ადრე მოგვმართეს.
უცნაურია, მაგრამ მსურველთა უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანი იყო; მათ შორის ერთ-ერთი _ ის ბაბუა, რომელიც გამუდმებით იმეორებდა შირაზის ლექსს. მისი სახელი არ მახსოვს, თუმცა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ასაკის მიუხედავად, ძალიან აქტიური ადამიანი გახლდათ. ამ სიტყვებს _ ‘ანისი უნდა ნახო და მერე მოკვდე’ _ ხშირად გაიგონებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ისტორიულ სომხეთში მოგზაურობენ. იმ ჯგუფიდან თითქმის აღარავინ დარჩა ცოცხალი. მოგზაურობის ინიციატორი და ორგანიზატორი, ედუარდ მანასიანიც გარდაცვლილია’.
დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეებს პირველად უნდა მიეღოთ სასაზღვარგარეთის პასპორტები.თურქეთის ვიზის მიღება ადვილი არ იყო. მოგზაურობის მონაწილეთა პასპორტები ვიზის მისაღებად ბათუმში, თურქეთის საკონსულოში გადაიგზავნა.
მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ, პირველი სომხური რესპუბლიკის წლებში (1918–1920)ამ რკინიგზით მგზავრებიც სარგებლობდნენ და ტვირთიც გადაჰქონდათ. საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, უფრო ზუსტად კი 80-იან წლებში (1989 წლამდე) „გიუმრი-ყარსი“ რკინიგზის ერთადერთი მოქმედი ხაზი იყო, რომელიც თურქეთს უკავშირდებოდა და ამ გზით, ძირითადად, ტვირთი გადაჰქონდათ. დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი სომხეთის ისტორიაში პირველად, გიუმრი-ყარსის რკინიგზით მატარებელს მგზავრები უნდა გადაეყვანა.
პირველი ტურისტული ჯგუფის ექსკურსიამძღოლი იხსენებს: ‘საბჭოთა კავშირის პასპორტების შემოწმების დროს ახალგაზრდა მესაზღვრე გააოცა იმან, რომ უმრავლესობას გრაფაში „დაბადების ადგილი“ თუქეთის ქალაქები (ვანი და ყარსი) ჰქონდა მითითებული. თუმცა, უფროსი თაობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი თავისუფლად ლაპარაკობდა თურქულად და მესაზღვრეს მარტივად აუხსნეს, რაშიც იყო საქმე. მხარეებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და მოგზაურობის მიზნებზე ისაუბრეს’.
კუნძული ახტამარი ვანის ტბაზე
კარინე დავოიანმა აღიარა, რომ თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე ძალიან ღელავდნენ,თუ როგორ დახვდებოდნენ მათ ამ ქვეყანაში.
‘ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თურქეთში ყველგან კარგად გვმასპინძლობდნენ და ჩვენი ეროვნების დამალვა არ გვიწევდა. ვანში კი ერთმა ახალგზარდა თურქმა, რომელიც კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად, ვანის ციხესთან მიგვიყვანა. დაგვიმეგობრდა. ვკითხე, სომეხი წინაპრები ხომ არ ჰყავდა? მიპასუხა, რომ თურქია, მაგრამ მშობლების ნაამბობით იცოდა იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ვანი სომხებით იყო დასახლებული’.
რკინიგზის ხვალინდელი დღე
ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის დაკეტვა სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტის ერთ–ერთი შედეგი იყო. 1993 წელს თურქეთმა, აზერბაჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად, ამ მონაკვეთის დაკეტვა გადაწყვიტა. სომხეთმა, რომელსაც არც მანამდე ჰქონდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ბევრი გზა, ესეც დაკარგა.
იმავე წლებში დაიკეტა საქართველოზე გამავალი რკინიგზის ხაზიც, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებდა. ამ გზის ნაწილი გადიოდა აფხაზეთზე, რომელიც საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდა. საბოლოოდ რკინიგზის ეს მონაკვეთიც გაუქმდა _ აფხაზეთის ომის დროს ააფეთქეს.
1993 წლის 11 ივლისის შემდეგ, როდესაც სომხეთმა და თურქეთმა თავიანთ ტერიტორიებზე შემორჩენილი მატარებლები გაცვალეს, რკინიგზის ხაზი აღარ ფუნქციონირებს.
კარინე დავოიანი ამბობს: ‘სხვა მოქალაქეების მსგავსად, მეც ახალი ამბებიდან შევიტყვე ამის შესახებ. ბიზნესმენი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ, საზღვრის დაკეტვაზე რაიმე სხვაგვარი რეაქცია რომ მქონოდა. უბრალოდ, გული დამწყდა და ეს არის. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში დაკეტილი საზღვრები არ უნდა არსებობდეს’.
რკინიგზა პოლიტიკურ დიალოგში
სომხეთის ხელისუფლება შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ყველას შეახსენოს, რომ ევროპის მეზობლად საზღვარი ჩაკეტილი აქვს, ხოლო ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის ექსპლუატაციის შეწყვეტა თურქეთმა ცალმხრივად გადაწყვიტა.
ამ საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყოველწლიურად გამოთქვამენ წუხილს. გასულ 2015 წელს სომხეთის ვიცეპრემიერი ვაჩე გაბრიელიანი და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი ამ პრობლემაზე ბევრს მსჯელობდნენ. პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანი ზესახელმწიფოების ყურადღების მიპყრობა უფროა, ვიდრე სათქმელის ოფიციალურ ანკარამდე მიტანა.
‘არ მგონია, რომ თურქეთის პოლიტიკაში ჩართული ადამიანები ამ საკითხის თავისებურებებს არ იცნობდნენ. ეს სიგნალები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენაა მიმართული, როგორც იმ ბერკეტების გამოყენების მცდელობა, რომლებსაც თურქეთზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ,ვიდრე სომხეთს’.
იმ პროცესის შედეგად, რომელმაც 2008 წელს დაიწყო და „საფეხბურთო დიპლომატიის“ სახელი დაერქვა, 2009 წლის 10 ოქტომბერს სომხურ-თურქულ პროტოკოლებს მოეწერა ხელი.
სომხეთისა და თურქეთის ეროვნულ გუნდებს შორის 8 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის წინ, პრეზიდენტ გიულის ვიზიტამდე, სომხური მხარის ინიციატივით, გიუმრი-ყარსის რკინიგზის ხაზის თორმეტკილომეტრიან სომხურ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის თურქული ნაწილი 2013 წელი
რატომ დაიწყო ამ ხაზის სომხური მონაკვეთის რეაბილიტაცია, არავის აუხსნია, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ მხარეებს შორის ეფექტიანი დიალოგის გამართვის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი შეთანხმება სწორედ ამ რკინიგზას შეეხებოდა, რომელსაც სომხეთისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუმცა,პროტოკოლების ხელმოწერამ მოსალოდნელი შედეგები არ მოიტანა. მეტიც, ამ დოკუმენტებმა საერთოდ დაკარგა ძალა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტოკოლები დღეს უბრალოდ ისტორიის ნაწილია, თუკი მხარეები კიდევ შეეცდებიან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ, ეს დოკუმენტები დიალოგის გაგრძელების საფუძველი გახდება. ამგვარი პროცესის დაწყებას სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება შეუწყოს ხელი, თუმცა რის წყალობით უნდა განახლდეს დიალოგი, ძნელი სათქმელია. პროტოკოლები, რომლებიც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ყველა სფეროს მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი გამოდგა. ხოლო,რა ფორმას მიიღებს მომდევნო მცდელობა, იმ ფილოსოფიაზეა დამოკიდებული, რომელიც დაახლოების პროცესს დაედება საფუძვლად’, _ ვარაუდობს სერგეი მინასიანი.
P.S.
კარინე დავოიანი 1991 წლის აგვისტოს შემდეგ თურქეთში აღარ ჩასულა, მაგრამ თურქეთთან საზღვრის გახსნა აუცილებლად მიაჩნია.
‘რამდენიმე წლის წინათ ერევანში სომხური და თურქული ტურისტული სფეროების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. მაშინ ჩვენ თურქეთის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ორივე ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ერთობლივი წერილი დაგვეწერა, რომლითაც ოფიციალურ ერევანსა და ოფიციალურ ანკარას საზღვრების გახსნისკენ მოვუწოდებდით. თურქმა კოლეგებმა ეს მაშინვე დადებითად შეაფასეს, მაგრამ საბოლოო პასუხი მათგან მაინც არ მიგვიღია’.
კუნძულ ახტამარის პანორამა, აკვარელი. ნამუშევრის ავტორმა, ტურისტული ჯგუფის ერთერთმა წევრმა, მხატვარმა ვასილ ვარდანიანმა (1910 ყარსის — 1993 ერევანში) ეს ნახატი ჯგუფის ექსკურსიამძღოლს, კარინე დავოიანს აჩუქა
კარინე სიამოვნებით იგონებს თურქეთში იმ ერთადერთი მოგზაურობის დროს გამართულ სამახსოვრო და თბილ შეხვედრებს, ოღონდ თურქეთში კიდევ ერთხელ გამგზავრებას არ ჩქარობს. ამბობს, რომ დასვენებისთვის ევროპულ ქვეყნებს ამჯობინებს. თუმცა, თუ საზღვარი ისევ გაიხსნება, შეეცდება, კიდევ ერთხელ იმგზავროს მატარებლით, რომელიც გიუმრიდან ყარსისკენ გაემართება.
‘დღეს საზღვრის დაკეტვა ლოგიკის ფარგლებს სცდება. სუძულვილი განვითარებას არ მოგვიტანს; და თუ ისევ მოვახერხებ თურქეთში ჩასვლას, ვეცდები, სწორედ ეს გზავნილი ჩავუტანო ჩვენს მეზობლებს’.
კადრები მოგზაურობის ერთ-ერთმა მონაწილემ გადაიღო 1991 წელს