ცხინვალის ოპოზიცია: გაგლოევის გამარჯვებაში ქართულ სპეცსამსახურებს მიუძღვით წვლილი
სამხრეთ ოსეთში გახარიას სიტყვებზე რეაქცია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბოლო განცხადებამ სამხრეთ ოსეთის ოპოზიციას ახალი საბაბი მისცა ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევის წინააღმდეგ ბრალდებებისთვის.
ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ოსეთის“ ვერსიით, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის გამარჯვება ქართული სპეცსამსახურების დახმარებით მოხერხდა.
რა თქვა გიორგი გახარიამ?

საუბარია პოლიციის ბლოკპოსტზე, რომელიც ქართულმა მხარემ 2019 წელს განათავსა სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. ამ ნაბიჯს მოჰყვა შიდა პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ ოსეთში, რასაც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაშინდელი პრეზიდენტის, „ერთიანი ოსეთის“ ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მარცხი მოჰყვა. შედეგად, პარტია ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიანიშნებს, რომ ბლოკპოსტის შექმნით სწორედ ასეთი შედეგი იყო მოტივირებული:
„საბოლოოდ მივიღეთ სასურველი შედეგი: ომი არ დაიწყო, ტყე დავიცავით, ბიბილოვი ვერ დარჩა ხელისუფლებაში,“ — განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმითვე, ცხინვალში იმ პერიოდში ცდილობდნენ დე-ფაქტო საზღვრის გადახედვას და საქართველოს ტერიტორიაზე 1800 ჰექტარი მიწის კონტროლის დამყარებას — თემაზე, რომელზეც ბიბილოვმა თავისი საარჩევნო კამპანია ააგო.
„ბიბილოვის დისკრედიტაციის გეგმა“ — რას ამბობს ოპოზიცია
გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, ცხინვალის ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ოსეთმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადანაშაულა მმართველი პარტია „ნიხასი“ და პრეზიდენტი ალან გაგლოევი ბიბილოვის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის წარმოებაში ბლოკპოსტის თემის გამოყენებით:
„2019 წლის მოვლენებმა გამოიწვია ახალი დაძაბულობის ტალღა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. როგორც ახლა გაირკვა, ქართული მხარე შეგნებულად წავიდა ესკალაციისკენ.“ — აცხადებენ პარტიაში.
„გახარიას აღიარება ადასტურებს, რომ ქართული სპეცოპერაცია მიზანმიმართული იყო მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივების ჩაშლაზე, ბიბილოვის დისკრედიტაციასა და რესპუბლიკაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლაზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.
პარტია „ერთიანი ოსეთი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეიმუშავა გეგმა მაშინდელი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დისკრედიტაციისა და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, რათა „გამოესწორებინა საზღვრების დემარკაციის პროცესში დაშვებული შეცდომები“.
„ბიბილოვის მმართველობის პერიოდში საზღვრების დემარკაციის პროცესმა მნიშვნელოვნად პროგრესი განიცადა, მიუხედავად თბილისის მხრიდან არსებულ წნეხისა,“ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მათივე თანახმად, მაშინ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც იკვლევდა სამხრეთ ოსეთის უფლებებს სადავო ტერიტორიებზე, მათ შორის სოფელ ცნელისზე, რომელიც 2012-2014 წლებში, მათი თქმით, „ვიღაცის ნებით“ საქართველოსთვის იქნა გადაცემული. კომისიის მუშაობამ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის პრეტენზიები როგორც სოფელზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც მნიშვნელოვანი წიაღისეულის მარაგებია.
„ერთიანი ოსეთი“ ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს: თბილისმა იცოდა მიმდინარე სამუშაოების შესახებ და გააქტიურა სპეცოპერაცია ბიბილოვის მთავრობის წინააღმდეგ, რისთვისაც გამოყენებული იქნა როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე აგენტურული ქსელი.
„შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა ალან გაგლოევი, რომლის მმართველობის პირობებში საზღვრების დაზუსტების პროცესი შეჩერებულია.”- ნათქვამია განცხადებაში.
პაიკები თუ თანამზრახველები?
„ერთიანი ოსეთი“ მთავარ კითხვას სვამს: ვინ შეუწყო ხელი, რომ თბილისის სპეცოპერაცია წარმატებით განხორციელებულიყო?
„გიორგი გახარიას აღიარება გვაიძულებს 2019-2022 წლების სამხრეთ ოსეთის შიდა პოლიტიკურ კრიზისს ახალი თვალით შევხედოთ. იმ პერიოდის ზოგიერთი ფიგურა დღეს მაღალ თანამდებობებს იკავებს. საზოგადოებამ უნდა შეაფასოს — იყვნენ ისინი მხოლოდ სხვის თამაშში პაიკები, თუ შეგნებულად მოქმედებდნენ მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებისთვის,“ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ერთიანი ოსეთი“ ამ ფიგურებში გულისხმობს პრეზიდენტ ალან გაგლოევს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ალან ალბოროვს და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს ზიტა ბესაევას.
ამ ეტაპზე არც ეს პოლიტიკოსები და არც მმართველი პარტია „ნიხასი“ ოპოზიციის ბრალდებებს არ გამოხმაურებია.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო