პირველი იანვრიდან მეწარმეებს ელექტროენერგიის გადასახადი უძვირდებათ, რაც ადამიანებს თავისთავად უჩენს კითხვას _ გაძვირდება თუ არა ცხოვრებაც.
ამბობენ, რომ ცომს თუ ხელით მოზელ, პური უფრო გემრიელი გამოდის, ამიტომ ცხინვალში, გმირთა ქუჩაზე მდებარე პატარა საცხობი ‘ცხელი ლავაში’ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აქ ცომს ხელით ზელენ.
ამ ადგილის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ აქ ლავაში 20 რუბლი (დაახლოებით 30 ცენტი) ღირს; სხვა საცხობებში კი პურს 25 რუბლად ყიდიან. თუმცა, 25 რუბლს ალბათ მალე ყველა კარგ ფასად ჩათვლის.
ხელისუფლებამ სათანადო დადგენილება უკვე გამოაქვეყნა. საბიუჯეტო და კომერციული ორგანიზაციებისთვის ელექტროენერგიის ფასი თვითღირებულებამდე იზრდება და 3 რუბლი და 81 კაპიკი ხდება. სამხრეთ ოსეთში შიშობენ, რომ ეს სიახლე ზოგადად ცხოვრების გაძვირების საფუძველი გახდება. პირველ რიგში კი პური გაძვირდება.
‘ცხელი ლავაშის’ დიასახლისი, რიტა ბესტაევა ამბობს, რომ ცხობისას ის გაზს იყენებს და ამიტომ ახალი წლიდან პურის გაძვირებას არ აპირებს.
ფასების შენარჩუნებასთან დაკავშირებით სხვა ბიზნესმენები ასე ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ამბობენ.
სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ვილიამ ძაგოევმა აღნიშნა, რომ ტარიფების ზრდა რიგით აბონენტებს არ შეეხებათ და მათთვის შენარჩუნდება ძველი ტარიფი ( 2 რუბლი და 64 კაპიკი 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე)
მინისტრის თქმით, გაძვირება იძულებითი ნაბიჯია. ‘სახელმწიფოს თავისსავე ბალანსზე არსებული უნიტარული საწარმო ‘ენერგორესურს _ სამხრეთ ოსეთის’ სუბსიდირება უწევს. დოტაციები 100 მილიონი [დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) რუბლით განისაზღვრება, რაც მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს’, _ ამბობს ძაგოევი.
თუმცა, ცხინვალში არც ისე ბევრს სჯერა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა რიგით აბონენტებზე არ აისახება.
კომენტარი სოციალურ ქსელში:
‘საბოლოო ჯამში, ტარიფების ზრდა ბიზნესმენებს აიძულებს, პროდუქციის ფასი გაზარდონ, რითაც მხოლოდ მომხმარებელი (ანუ სამხრეთი ოსეთის მთელი მოსახლეობა) იზარალებს. თუ არადა, მეწარმეებს მოუწევთ საქმიანობის შეწყვეტა. აი, ასეთი ეკონომიკური ‘სარგებელი’ ექნება ამ ზომებს’.