ცაგერის ოპოზიციონერი მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს
გაზიარება
გაზიარება
ცაგერის ოპოზიციონერი მერობის კანდიდატს მანქანა დაუცხრილეს. ბესარიონ ბენდელიანის მანქანას, რომელიც მერობისთვის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიიდან იბრძვის, მანქანა დაცხრილული გამთენიისას დახვდა. მისი თქმით, რამდენიმე გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა, რადგან მეზობლებს სროლის ხმა არ გაუგონიათ.
“პარტია საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, ვერ ატარებს.პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება “ოცნების” ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე“.- თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, სწორედ მათმა უმოქმედობამ მიიყვანა ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დმანისში მომხდარ ინციდენტამდე და ცაგერამდე –“არავინ იცის, არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სანამდე მივა” – ამბობს მეზვრიშვილი.
თავად ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესო ბენდელიანის თქმით, ლეჩხუმში მოქალაქეებს სუს-ი აშინებს და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას აიძულებს:
“მინდა, ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს – ძალიან კარგად მიცნობს ის მე. 2 ოქტომბერს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან დაიწყება ამ მავნებლური ორგანიზაციის, ოცნების დემონტაჟი.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შსს-ს და პირდაპირ მინისტრს, გომელაურს – გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და საკადრისად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა ეს ბინძური კამპანია.
ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეები, თალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ“.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ათობით ადამიანი სამსახურიდან შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. კერძოდ, ამ პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.
მისი განმარტებით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია, “საქართველოსთვის” დააფუძნა.
გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, მისმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყო რეპრესიები ექსპრემიერის კადრების წინააღმდეგ. საჯარო სამსახური რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა, მათ შორისაა ზუგდიდს ყოფილი მერი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში.