ბურჭულაძის პარტია
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაშია. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას -‘სახელმწიფო ხალხისთვის’ – აფუძნებს და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
ამის შესახებ ბურჭულაძემ 12 მაისს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეს მისი პირველი გამოსვლა იყო პოლიტიკოსის რანგში. მომღერალი, რომელიც სავსე დარბაზებსაა მიჩვეული, შესამჩნევად ღელავდა.
’ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში, – განაცხადა მან, – ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში,’ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბურჭულაძემ დაიწყო აქტივობა, რომელიც ძალიან ჰგავდა წინასაარჩევნო კამპანიას – დააფუძნა ‘საქართველოს განვითარების ფონდი’, ხვდებოდა მოსახლეობას, გახსნა ოფისები საქართველოს რეგიონებში, დაიწყო გუნდის შემოკრება.
თუმცა, ბოლო დრომდე მაინც გაურკვეველი იყო – გარისკავდა კი, მსოფლიო ბანი თავისი პოლიტიკური პარტიის შესრულებას?
35-წლიანმა საოპერო კარიერამ და ფონდ ‘იავნანას’ ფარგლებში საქველმოქმედო საქმიანობამ ბურჭულაძე სამშობლოში პატივსაცემ ფიგურად აქცია.
მარტში აშშ–ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 12% მზად არის, ბურჭულაძეს მისცეს ხმა საპარლამენტო არჩევნებში; ამავე კვლევაში ბურჭულაძეს პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე დიდი, 75%-იანი რეიტინგი ჰქონდა.
მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბურჭულაძე საქართველოს პროდასავლური კურსის მომხრეა, მკვეთრად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას და ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე აკეთებს.
თავის ფეისბუკ-გვედზე ბურჭულაძემ დაწერა, რომ ‘ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მთელი ქვეყანა არ უნდა ცხოვრობდეს ამ ბატონის გემოვნებით’. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის გულისხმობდა იგი.
თავისი მომავალი პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მომღერალი პოლიტიკური ელიტის განახლებას მიიჩნევს.
‘უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ; უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც ადამიანი არ სძულს; უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ, და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის.’
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ბურჭულაძის ახალ გუნდში. გუშინდელ ბრიფინგზე ის მარტო იდგა. ხოლო,
პოლიტიკურ დებატებში მისი გუნდის სახელით ჯერჯერობით მონაწილეობენ – მხოლოდ დავით ჯანდიერი, 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტიკური მიმომხილველი; და გიორგი რუხაძე, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრი. ისინი მთავრობას ‘პასიური და არაეფექტური’ პოლიტიკის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.
ჯერ პოლიტიკაშიც არ იყო მოსული, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ბურჭულაძეს უკვე უწოდეს ‘ნაციონალური მოძრაობის’ სატელიტური ძალა.
თავად ბურჭულაძე ამ ბრალდებას ასე პასუხობს:
‘სად ვიყავი 9 წელი? მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, 9 წელი კია არა, საერთოდ, 25 წლის განმავლობაში, ვინც კი მოდიოდა მთავრობაში, ეს იქნებოდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, მე ვიყავი მათ გვერდით, რადგან რაღაც ახალი იქმნებოდა და ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს, რომლის გვერდით დგომა შეიძლება. დღეს, ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ვიყავი იძულებული, მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ მოძრაობას სათავეში’
წლების განმავლობაში ბურჭულაძეს მართლაც იდგა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასვა პოლიტიკური ლიდერის გვერდით და გამონაკლისი არც ბიძინა ივანიშვილი ყოფილა, რომელთანაც, როგორც ჩანს, მომღერალს საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა:
უკვე მაისის ბოლოს ‘სახელმწიფო ხალხისთვის’ თავისი პირველი ყრილობის ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც წინასაარჩევნო კამპანიაში გადაეშვება, რომელიც ოფიციალურად სტარტს 8 ივნისს, არჩევნებამდე 4 თვით ადრე აიღებს.
საინტერესოა, იქნება კი, ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ისეთივე შთამბეჭდავი, როგორიც ეს:
*ფოტოები აღებულია პაატა ნურჭულაძის ოფიციალური ვებ-გვერდიდან
გამოქვეყნებულია: 13.05.2016