გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ ივლისში ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. გამოცემის ცნობით, ამჟამად ივანიშვილის ქონება 6.2 მილიარდი დოლარია, ხოლო 10 წლის აბსოლუტურ მაქსიმუმს – 6.25 მილიარდ დოლარს – 5 ივლისს მიაღწია.
ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 411-ე ადგილს იკავებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ივანიშვილის ქონებაში შედის 1 მილიარდი დოლარის ღირებულებების ხელოვნების ნიმუშები, 45 მილიონი დოლარის ღირებულის უძრავი ქონება და 5.15 მილიარდი დოლარის ფინანსური აქტივები.
ბიძინა ივანიშვილის ქონება ამჟამინდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2013 წელს აჭარბებდა. Bloomberg-ი ივანიშვილზე წერისას ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მას ერთ-ერთ სახლში პირადი ზოოპარკი აქვს.
ივანიშვილმა თავის ქონება 90–იანი წლების რუსეთში იშოვა ლითონებისა და საბანკო სექტორის ბიზნესში. 2003 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ცხოვრობდა ჩრდილში – არასოდეს ჩნდებოდა საჯარო სივრცეში, პრესასთან, ინტერნეტში მისი მხოლოდ ორი ფოტო იძებნებოდა.
წლების განმავლობაში ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. თავდაპირველად იგი მხარს უჭერდა სააკაშვილის ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების მიერ განხორციელებული არაერთი მსხვილი პროექტი სწორედ მან დააფინანსა.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ მოიგო და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა დაასრულა. 2012 წლის ნოემბერში ივანიშვილი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა.
13 თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო, მან თქვა, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა და საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერის თანამდებობა.
თუმცა 2018 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა საჯარო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველი გუნდის – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდა.
ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის 11 იანვარს განაცხადა, რომ ტოვებს მმართველი გუნდის თავმჯდომარის პოსტს და საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან.
თავის ვრცელ ინტერვიუში ივანიშვილმა უარყო, რომ არაფორმალურად მართავდა ქვეყანას. “მე ვახორციელებდი საზოგადოებრივ კონტროლს და არა არაფორმალურ მმართველობას”, – განაცხადა მან.
თუმცა, იმავე ინტერვიუში აღიარა, რომ მონაწილეობდა პრემიერის კანდიდატის შერჩევაში და ასევე, სამთავრობო განხილვებში საბანკო სექტორთან დაკავშირებით.