აშშ-მა გაახანგრძლივა რუსეთის მიმართ სანქციები, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილიც სანქცირებულია
ბიძინა ივანიშვილიც სანქცირებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე გაახანგრძლივა რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილიც არის სანქცირებული.
რა არის №14024 აღმასრულებელი განკარგულება
14024-ე აღმასრულებელი ბრძანება ის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც აშშ-მა რუსეთს ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები. საუბარია, 2021 წლის 15 აპრილს მიღებულ აღმასრულებელ განკარგულება 14024-ზე, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მიზნით გამოაცხადა.
აღნიშნული ბრძანება შეეხებოდა რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
სწორედ №14024 განკარგულებით დაუწესდა ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც 2024 წლის 27 დეკემბერს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეტყობინება შესაბამის მოხსენებასთან ერთად გადაეგზავნა საბანკო, საბინაო და საქალაქო საქმეთა კომიტეტს.
რას ამბობს ტრამპი კონგრესისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში
დონალდ ტრამპის მიერ კონგრესისადმი გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია:
“რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებული განსაზღვრული მავნე საგარეო ქმედებები კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებში; ჩაერთოს და ხელი შეუწყოს კიბერ-საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ; წაახალისოს და გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხო ქვეყნების მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული საქმიანობა, რომელიც მიმართულია დისიდენტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ; შელახოს უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებსა და რეგიონებში; და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა კვლავაც წარმოადგენს არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის.
შესაბამისად, მე დავადგინე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს 14024-ე აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ განხორციელებულ განსაზღვრულ მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით.”
რას გულისხმობს ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები
2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
რა შეზღუდვებს გულისხმობს სანქციების ეს რეჟიმი?
1. ქონების გაყინვა (ქონების ბლოკირება)
• სანქცირებული პირის ქონება და ქონებრივი ინტერესები აშშ-ის იურისდიქციაში სრულად იყინება.
• ქონების გადაცემა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, აშშ-დან გატანა ან განკარგვა, წვდომა ან სხვა ფინანსური ოპერაციები – აკრძალულია და შეუძლებელია.
სპეციალურად დანიშნულ პირებისა და დაბლოკილ სუბიექტთა სიაში (SDN) შეყვანილი პირებისთვის სანქციების რეჟიმი უმკაცრესია. დასანქცირებული პირისთვის ამ სანქციების გარდაუვალი და თავიდან აურიდებელი შედეგებია:
2. ტრანზაქციების აკრძალვა
• აშშ-ის მოქალაქეებს და კომპანიებს ეკრძალებათ სანქცირებულ პირებთან ტრანზაქციების განხორციელება ან მათთვის სერვისების მიწოდება.
3. მეორეული სანქციების რისკი დასანქცირებულ პირთან ფინანსური ურთიერთობისთვის:
• უცხოური კომპანიები, რომლებიც ითანამშრომლებენ SDN-ის სიაში მყოფ სუბიექტებთან, რისკავენ მათაც დაედოთ მეორეული სანქციები და ვეღარ აწარმოონ საქმიანობა აშშ-ში.
4. ფინანსური იზოლაცია
• დასანქცირებულ პირმა შესაძლოა დაკარგოს წვდომა აშშ-ს ფინანსურ ინსტიტუტებსა და დოლარზე დაფუძნებულ ფინანსურ სისტემაზე.
• გარდა აშშ-ს ბანკებისა, უცხოურმა ბანკებმაც (მათ შორის ქართულმა ბანკებმა), რომლებიც სანქცირებული პირისთვის მნიშვნელოვან ტრანზაქციებს განახორციელებენ – აშშ-ს კორესპონდენტ ბანკებთან მომსახურებაზე წვდომას დაკარგავენ (ამით, პრაქტიკულად, საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან იზოლირდებიან).
5. ვიზისა და მოგზაურობის შეზღუდვები
• სანქცირებული პირისთვის აშშ-ში მოგზაურობა, როგორც წესი, იკრძალება. მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს ასევე აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების მიერ, რომლებიც ახორციელებენ თანმხვედრ სანქციებს.
6. რეპუტაციული ზიანი
• სანქცირებული პირის რეპუტაცია იმდენად ძლიერად ილახება, რომ მასთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება სერიოზული რეპუტაციული რისკია საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის, ევროპაში და ყველა იმ იურისდიქციაში, რომლებიც ეთანხმებიან აშშ-ის სანქციებს.