საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის აპრილში ორი რეისი შესრულდა, თუმცა უარყოფს სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეგულარული გადაზიდვების დაწყებასთან დაკავშირებით.
დღეს Armenpress-მა გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, C&M INTERNATIONAL-მა ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით ნოვოროსიისკი-ბათუმის, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო.
მათი თქმით, ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება. C&M INTERNATIONAL-ის დირექტორი დავით ილოიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უკვე ტვირთის გადაზიდვა ორჯერ განხორციელდა.
“დღეს ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთ რეგულარულ რეისს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის და უკან.
მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას.ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვქონდა – ზემო ლარსი, დღეს გვაქვს მეორე გზაც.” – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
მისივე თქმით, თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება, შედეგად კი “ტურისტებს გაუადვილდებათ გადაადგილება.”
“სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებაში.