ბაქოში, სამხედრო ალაფის პარკიდან, მულაჟები და ჩაფხუტები გაუჩინარდა - ფოტო
სამხედრო ალაფის პარკში, რომელიც ბაქოში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა, გარკვეული ცვლილებები მოხდა. ახლა აქ ვეღარ ნახავთ ვერც სომეხი ჯარისკაცების მულაჟებს, ვერც „მტრის ჩაფხუტების“ ხეივანს.
თუმცა, ჩვენმა თანამშრომელმა მაინც მოახერხა პარკში რამდენიმე „დავიწყებული“ ჩაფხუტის მოძებნა. ექსპერტმა ამ ცვლილებებს კულისებს მიღმა მოლაპარაკებების შედეგი უწოდა.
2021 წლის 12 აპრილს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა სამხედრო ალაფის პარკი, სადაც გამოფენილია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის დღეებში, აზერბაიჯანულმა მხარემ ალაფის სახით ჩაიგდო ხელში.
მაგრამ პარკში სომეხი ჯარისკაცების მულაჟების არსებობამ და ასევე ბრძოლის ველზე შეგროვებული ჩაფხუტების ხეივანმა, არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ცოტა ხნის წინ, ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო ალაფის პარკიდან გაუჩინარდა ჩაფხუტები და ჯარისკაცების მულაჟები. პარკის თანამშრომლებმა ეს ცვილის მულაჟების რესტავრირების აუცილებლობით ახსნეს. ჩაფხუტებთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაკეთებულა.
დღეს, JAMnews-ის თანამშრომელი პარკში წავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა იქ მომხდარი ცვლილებები. პარკში მულაჟები აღარ არის და ეს ფოტოსურათებიდანაც გასაგებია – არც „ჩაფხუტების ხეივანი“ აღმოჩნდა თავის ადგილას.
მაგრამ სომხური შეიარაღებული ძალების იმპროვიზებულ სანგარში ჩვენმა თანამშრომელმა მაინც მოახერხა „საცეცხლე წერტილზე“ ორი „დავიწყებული“ ჩაფხუტის მონახვა.
ექსპერტის მოსაზრება
პოლიტიკური მიმომხილველი აზერ გასიმოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ხდება მოვლენები, რომლის შესახებაც მხარეები ამჯობინებენ ინფორმაცია არ გაავრცელონ.
„იმის შესახებ, რომ სამხედრო ალაფის პარკში უკვე აღარ არის ჯარისკაცების მულაჟები და ჩაფხუტების ხეივანი, ცნობილი ოქტომბრის დასაწყისში გახდა. სომხურმა მედიამ ეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გარჩევით ახსნა. მოსმენა სასამართლოში ამ დღეებში დაიწყო და ჯერჯერობით სარჩელზე გადაწყვეტილება გამოტანილი არ არის.
პარკში მომხდარი ცვლილებები შეიძლება აიხსნას კულისებსმიღმა მოლაპარაკებების შედეგით, რომელიც, ეჭვგარეშეა, რომ აქტიურად მიმდინარეობს. ავიღოთ თუნდაც სომხური მხარისთვის გუშინ ხუთი დივერსანტის გადაცემა, რომლებსაც სომხეთი სამხედრო ტყვეებად მოიხსენიებს. პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში ასეთი მოვლენა მოხდა არა გაცვლის სახით, არამედ ცალმხრივად. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, სომხურ მხარეს რა დათმობების სანაცვლოდ გადაეცა ეს სამხედრო მოსამსახურეები.
დღეს მოსკოვში სამმხრივი კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი დადებითი იქნება და უახლოეს პერსპექტივაში ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების პოზიციების დაახლოება გველოდება“, – განაცხადა ექსპერტმა.