რატომ უარყოფს ბაქო ერევნის წინადადებებს? ფაშინიანის სტატია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ
ბაქომ უარყო ერევნის წინადადება განბლოკვის შესახებ
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხის დეტალები გაასაჯაროვა. ის განიხილავს სომხეთის წინადადებებს, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას ეხება. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის ტრანზიტის პროცედურების გამარტივებისთვის, ორმხრივი პრინციპის საფუძველზე.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებით კომუნიკაციების გახსნის პროცესი დაეწყო. მისი თქმით, არსებობს მონაკვეთები, სადაც აუცილებელია მცირე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც დიდ დროს არ მოითხოვს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა პირველად ისაუბრა შესაძლო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე ლაჩინისა და კორნიძორის მონაკვეთზე. მისი განმარტებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის და მხოლოდ იურიდიული გადაწყვეტილების მიღება რჩება, რისთვისაც ერევანი მზად არის.
„გასაგები არ არის, რატომ უარყოფს აზერბაიჯანი ამ წინადადებებს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ ემსახურება ესკალაციისთვის ხელოვნური მიზეზების შექმნას,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
გასულ კვირას სომხეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ გაასაჯაროვებდა ერევნის წინადადებების დეტალებს, როგორც კი აზერბაიჯანი მას მიიღებდა ან უარყოფდა. დღევანდელ სტატიაში ის კითხულობს, რატომ იწუნებს ბაქო ამ „კონსტრუქციულ წინადადებებს“. ფაშინიანის თქმით, მისი შეთავაზება 100%-ით მისაღებია როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ხალხისთვის და არ არსებობს საფუძველი, რომ ბაქომ ის უარყოს.
გთავაზობთ ფაშინიანის სტატიას მცირე შემოკლებით
სომხეთს არ აქვს ცალმხრივი ვალდებულებები
„ყველაზე ხშირად ექსპლუატირებული ან ესკალირებული საკითხი აზერბაიჯანის მხრიდან სწორედ რეგიონული კომუნიკაციების საკითხია. ბაქო აცხადებს, რომ სომხეთი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციები კვლავ ჩაკეტილია.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთს არ აქვს ცალმხრივი ვალდებულებები. ორივე მხარემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ორმხრივად განბლოკოს სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციები.
დღეს არც ერთი სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაცია აზერბაიჯანში არ არის ღია სომხეთისთვის ან იმ პირებისთვის, რომლებიც სომხეთის გავლით გადაადგილდებიან: არც ერთი გზა, რკინიგზა, მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი ან კაბელი.“
აზერბაიჯანისთვის ყველა გზა ღიაა
„სომხეთის ყველა გზა ღიაა აზერბაიჯანისთვის. უკვე 2022 წელს მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა იყო შესაძლებელი. ეს საშუალებას მისცემდა აზერბაიჯანულ სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებს, შესულიყვნენ სომხეთში და გაეგრძელებინათ გზა, მაგალითად, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით.
ამ გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდა მხოლოდ აზერბაიჯანის პოზიციისა და უარის გამო, თუმცა სომხეთის მთავრობა მზადაა, ისინი ერთი-ორი კვირის ვადაში დაამტკიცოს.
ნახიჩევანის მიმართულებით შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არსებობს და საჭიროა მისი მშენებლობა, თუმცა ეს საკმაოდ სწრაფად შეიძლება განხორციელდეს.
ამასთან, ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მაგალითად, სატვირთო ავტომობილებს დღესვე შეუძლიათ, ლაჩინ-კორნიძორის მონაკვეთზე, კორნიძორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის გზებზე იმოძრაონ და მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით თურქეთში შევიდნენ. იგივე მარშრუტი მოქმედებს საპირისპირო მიმართულებითაც.
ასეთი სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის. დარჩენილია მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენ მზად ვართ, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ აზერბაიჯანსა და თურქეთს ამის ინტერესი ექნებათ.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გადაზიდვების უსაფრთხოებას. თუმცა, თუ აზერბაიჯანელ მძღოლებს ან გადამზიდავ კომპანიებს ფსიქოლოგიური სირთულეები ექმნებათ, შესაძლებელია ეს გადაზიდვები თურქული სატვირთო ავტომობილებით განხორციელდეს, რომლებიც უკვე დიდი ხანია, აქტიურად გადაადგილდებიან სომხეთის გზებზე.“
კრეატიული და მოქნილი მიდგომა აზერბაიჯან-ნახიჭევანის კავშირის უზრუნველსაყოფად
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთს არასდროს ჰქონია რაიმე წერილობითი თუ ზეპირი ვალდებულება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის საერთაშორისო ან აზერბაიჯანული სატრანსპორტო გადაზიდვები, გადაეცა სხვა ქვეყნისთვის. ამის შესახებ არც შეთანხმება ყოფილა და არც მინიშნება.
პირიქით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ტრანზიტის უსაფრთხოება, და ჩვენ მზად ვართ ამისთვის.
2022 წელს, აზერბაიჯანის შეშფოთების საპასუხოდ, შევთავაზეთ, რომ საზღვრის, საბაჟოსა და კონტროლის ფუნქციები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაცემოდათ, მაგრამ ბაქომ ეს არ მიიღო.
ახლა კი, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი აცხადებს, თითქოს მისი მოქალაქეები ერიდებიან სომხეთის საბაჟო კონტროლს, შევთავაზეთ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების გახსნა ზანგელანი-მეღრი-ორდუბადის და ერასხი-ორდუბადის მარშრუტებზე. ეს არ არღვევს არცერთი მხარის სუვერენიტეტს.
რკინიგზის ინფრასტრუქტურის მცირე მონაკვეთები აშენებას მოითხოვს, თუმცა ეს სწრაფად შესაძლებელია. იგივე მიდგომით, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და საკომუნიკაციო კაბელების ტრანზიტი აზერბაიჯანიდან ნახიჭევანში.
მიუხედავად ამისა, ბაქო კვლავ უარყოფს ამ წინადადებებს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ ემსახურება ესკალაციის ხელოვნურად შექმნის მიზნებს.“
სომხეთი მზად არის კომუნიკაცია იმავე პირობებით უზრუნველყოს, როგორც ირანმა
„აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თუ სომხეთი არ მიაწვდის გზას ნახიჭევანისთვის, ისინი ამ კავშირს ირანის ტერიტორიის გავლით უზრუნველყოფენ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან ეს ირანსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი საკითხია.
თუმცა, იმის გასაგებად, სომხეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ მზად არის, ტრანზიტი დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჭევანში იმავე პირობებით უზრუნველყოს, როგორც ირანმა.
აზერბაიჯანი ამაზე პასუხობს, რომ ტრანზიტი უნდა იყოს შეუფერხებელი. ეს ნიშნავს, რომ ირანის გავლით არსებული მარშრუტი დაბრკოლებებს შეიცავს? რადგან ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, სწორედ იმავე სამართლებრივი პირობებით უზრუნველვყოთ კომუნიკაცია, როგორც ირანმა.
ორმხრივი პრინციპის საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ, დამატებით გავამარტივოთ პროცედურები და დავნერგოთ ავტომატიზებული კონტროლის მექანიზმები. მაშ, რატომ უარყოფს აზერბაიჯანი ჩვენს კონსტრუქციულ წინადადებებს?
დარწმუნებული ვარ, ყველა რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაცია, მათ შორის, დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჭევანში სომხეთის გავლით, მეღრი-ერასხის მიმართულებით აზერბაიჯანის (ნახიჭევანის) გავლით, მთლიანად მზად არის.
ამის განხორციელებისთვის მხოლოდ აზერბაიჯანის თანხმობაა საჭირო.”