"ბაქომ არ უნდა ისარგებლოს ირან-ისრაელის ესკალაციით“ — ერევნის პოზიცია
ირან-ისრაელისა და სომხეთის ესკალაცია
ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საქმის კურსში იყო ამ ოპერაციის შესახებ, თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ შეტევა ერთპიროვნულად განხორციელდა და ამერიკული ძალები მასში ჩართული არ ყოფილან.
დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპნენ ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერები და მაღალი რანგის სამხედროები. მათ შორის არიან “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდალი ჰოსეინ სალამი და ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი მოჰამად ბაგერი.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მკაცრად დაგმეს ისრაელის იერიში. ფაშინიანმა, რომელიც ჩეხეთში GLOBSEC 2025-ის ფორუმში მონაწილეობს, განაცხადა: “ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ მყიფე სტაბილურობას, რაც რეგიონში არსებობდა. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ.“
პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი მიიჩნევს, რომ ისრაელი ასეთი მასშტაბური დარტყმის განხორციელებას ამერიკის მხრიდან, სულ მცირე, ჩუმი თანხმობის გარეშე ვერ გაბედავდა. მისი თქმით, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე განსაკუთრებულად მაღალია:
“თუ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო ირანსა და ისრაელს შორის, დიდია შანსი, რომ აშშ-მაც დაინახოს აუცილებლობა ჩარევის. ახლა საჭიროა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მასშტაბებს მიაღწევს ესკალაცია.“
ბადალიანის აზრით, სერიოზულ რისკს წარმოადგენს ის, რომ ბაქომ შესაძლოა სცადოს ძალის გამოყენებით მიიღოს ტერიტორიული გზა სიუნიქის გავლით — ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი“. მიუხედავად იმისა, რომ ერევანი უკვე რამდენიმე წელია აცხადებს მზადყოფნას, განბლოკოს კომუნიკაციები და უზრუნველყოს აზერბაიჯანის კავშირი ნახიჭევანთან, იგი კატეგორიულად უარყოფს “დერეფნის“ კონცეფციას, რაც სუვერენიტეტის დაკარგვას მოიაზრებს საკუთარ ტერიტორიაზე. ასეთივე პოზიცია აქვს ირანს, რომელიც არ თანხმდება სიუნიქის რაიონში საკუთარი საზღვრის დაკარგვას.
მიმომხილველი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სომხეთმა უნდა გააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა როგორც აშშ-სთან, ასევე რუსეთთან და ჩინეთთან.
“სომხეთისთვის იდელური გამოსავალი არ არსებობს. აუცილებელია გამოიყენოს ინტერესების მრავალფეროვნება, რათა თავიდან აიცილოს უარესი სცენარები“, — აღნიშნა მან.
„ერთპიროვნული იერიში ირანზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ — ერევნის შეფასება
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა დაუყოვნებლად შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები.
“ერთპიროვნული იერიში ირანზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. იერიში განხორციელდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ [15 ივნისს], რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან ძალისხმევას, რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ირანისა და ახლო აღმოსავლეთისთვის — ის პრობლემებს უქმნის თავად სომხეთსაც.
მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა?
პოლიტიკური მიმომხილველი აკოპ ბადალიანი მიიჩნევს, რომ ისრაელის ამ ქმედების მიზანი შესაძლოა მოლაპარაკებების ჩაშლა იყო:
“თუ ისრაელი წავიდა ასეთ სერიოზულ დარტყმაზე, ირანს მოუწევს საპასუხო იერიშის განხორციელება, რათა ღირსება შეინარჩუნოს. ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ თეირანი დათმობაზე წავა, არარეალურია. პირიქით — ეს მხოლოდ გაართულებს მოლაპარაკებებს.
ჩემი აზრით, ისრაელის მიზანი სწორედ მოლაპარაკებების ჩაშლაა. ამას მხარს მარტო ისრაელი არ უჭერს. ამის სურვილი აქვთ გარკვეულ გავლენიან ძალებს დასავლეთში. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ვოლცმა თანამდებობა სწორედ ამიტომ დაკარგა.”
ბადალიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისრაელის დარტყმას უპრეცედენტო პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რაც, მისი თქმით, უკიდურესად ძლიერ საპასუხო ზომებს გამოიწვევს. თუმცა მასშტაბური ომი ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ტრამპის ინტერესებში ნაკლებად ჯდება.
“დარტყმა ირანის ბირთვული პროგრამის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს“
ბადალიანის აზრით, ისრაელი ცდილობს ძალის დემონსტრირებით შეინარჩუნოს საკუთარი როლი რეგიონში მიმდინარე გარდამტეხი პროცესების ფონზე:
“ძალა ისრაელის მთავარი ინსტრუმენტია გავლენის შესანარჩუნებლად. ნეთანიაჰუ მაქსიმალურად ეცდება ამ ვითარების გამოყენებას, ეს მის პოლიტიკურ მომავალზეა დამოკიდებული.”
ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა აჩენს მოლოდინს რუსეთის უფრო მკვეთრი პოზიციისთვის. მან ასევე გაიხსენა საუდის არაბეთის განცხადება, რომელმაც დაგმო ისრაელის იერიში “ძმურ სახელმწიფოზე“.
ზანგეზურის დერეფანი და ბაქოს ცდუნება
ბადალიანის შეფასებით, მთავარი რისკი სომხეთისთვის ბაქოს სურვილია ისარგებლოს დაძაბულობით და მიიღოს ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი“:
“აზერბაიჯანს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, რომ შექმნილ არეულობაში თავის მიზნებს ძალის გამოყენებით მიაღწიოს. ისრაელ-აზერბაიჯანის კავშირების გათვალისწინებით ეს რისკი რეალურია.“
მისი თქმით, სომხეთისთვის ამ რისკების სრულად მართვა რთულია, თუმცა აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევა, მათ შორის, რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებთან მუშაობა.
დასავლეთის რეაქცია
ბადალიანი სკეპტიკურად აფასებს დასავლეთის განცხადებებს ძალის გამოყენების მიუღებლობაზე:
“როდესაც საჭირო გახდა, ძალა გამოიყენეს და შედეგიც აღიარეს. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რა ინტერესები ამოძრავებს დასავლურ ძალებს კონკრეტულ საკითხში.“
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ბოლო თვეებში აქტიურად მუშაობდა ტრანსკასპიური დერეფნის საკითხზე, რაც ასევე ზეწოლას ახდენს რეგიონზე.
რაც შეეხება აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას — ბადალიანის თქმით, მისი პოზიცია გაურკვეველია და ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.