აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიან სესხს მისცემს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიან სესხს მისცემს.
აზიის ბანკის ინფორმაციით, სესხი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700 ათასი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.
მათივე განმარტებით, აზიის განვითარების ბანკის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს.
“მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის ცენტრების ბინადრები და მომსახურე პერსონალი, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და პირველადი სერვისების მომწოდებლები”, – ნათქვამია განცხადებაში.
● ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, აცრილი მოქალაქეებისთვის ფულად ჯილდოებს გაათამაშებს
● საქართველოში იქმნება აპლიკაცია, რომელიც კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს
● იუსტიციის სამინისტრომ სრულად აცრილებისთვის შეღავათები დააწესა
როგორც საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის დაწყების დროს აცხადებდა, მათი მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრაა, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში შენელდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ვაქცინაციის ტემპის შემცირება, ძალიან საგანგაშოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში უკვე შემოტანილ “ფაიზერის” ვაქცინების ნაწილს ვარგისიანობის ვადა დეკემბრამდე აქვს და ასეთი ტემპით შესაძლოა ვაქცინები გაფუჭდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ “ფაიზერისგან” განსხვავებით, “სინოფარმსა” და “სინოვაკს” 2-3 წლიანი ვარგისიანობა აქვს. მისივე განმარტებით, ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში ნამდვილად არ იქნება. ამ დროისთვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია “ფაიზერის” 804 633, “სინოვაკის” 114 490, “სინოფარმის” 241 679 და “ასტრაზენეკას” 43 883 დოზა.
“ერთადერთი გულსატკენია, რომ რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია ის ვაქცინები გვაქვს, ამ დროს მათ ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს”, – ამბობს პაატა იმნაძე,
24 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა:
1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.9%;
სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.3%;
23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.
