აზერბაიჯანში წინადადებით გამოდიან, არჩევნებზე გამოუცხადებლობა დასჯადი გახდეს
თურქეთის მაგალითზე, აზერბაიჯანში წინადადებით გამოდიან, არჩევნებზე გამოუცხადებლობის გამო, ამომრჩევლები დააჯარიმონ. ასეთი ინიციატივით ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერი, ილგარ მამედოვი გამოვიდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
- ოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
- სომხეთის ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს იწყებენ
მამედოვი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მსოფლიოს 37 ქვეყანას აერთიანებს და ეკონომიკური განათლების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო უწყებად მიიჩნევა. მისი თქმით, OECD-ის ქვეყნებში, არჩევნებზე, ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა 68 პროცენტია. თუმცა, თურქეთში, რომელიც ასევე ამ ორგანიზაციის წევრია, ეს მაჩვენებელი 86 პროცენტს შეადგენს.
ოპოზიციონერის წინადადება
„მაჩვენებლების ასეთი განსხვავება იმით აიხსნება, რომ თურქეთში არჩევნებზე გამოცხადება სავალდებულოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოუცხადებლობისთვის აჯარიმებენ, თუმცა, არა დიდი თანხით“, – ხაზს უსვამს „რესპუბლიკური ალტერნატივის“ (REAL) თავმჯდომარე.
„ჩვენთანაც შეიძლება ვიფიქროთ ასეთ ჯარიმაზე. არჩევნების ბოიკოტირების წინააღმდეგ პარტია REAL-ის აქტიური აგიტაციის წყალობით, ასეთი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში უკვე სიკვდილის პირასაა.
ხელისუფლება, რომელსაც არ ეშინია კონკურენციის, არ შეშფოთდება არჩევნებზე ხალხის გამოცხადების გამო, არ მოახდენს ბოიკოტის აგიტაციას. თურქეთის ელიტა ამ თვალსაზრისით პატივისცემას იმსახურებს. მართალია, თურქეთში ეს წესი შემოღებულია სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კულტურა დემოკრატიის მხარდამჭერ ერთ-ერთ ფაქტორად გადაიქცა“, – დაწერა ილგარ მამედოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
თურქეთი და ჯარიმები არჩევნებზე გამოუცხადებლობისთვის
თურქეთში, არჩევნებზე გამოუცხადებლობის გამო ჯარიმის ოდენობას ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყოველი კენჭისყრის წინ ადგენს.
2019 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, ასეთი ჯარიმა 22 ლირა (დაახლოებით, 4 დოლარი 2019 წლის მარტის კურსით) იყო.
არჩევნებზე არმისული ამომრჩეველი უწყებას იღებს დაკისრებული ჯარიმის შესახებ. გადახდა უწყების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში ხდება ადგილობრივ საფოსტო განყოფილებაში.
კომენტარები
სოციალურ ქსელებში გაკეთებული ყველაზე სახასიათო კომენტარები ამ თემაზე:
„თუკი ჯარიმა თუნდაც სულ რაღაც 10 მანათი (დაახლოებით, 5.88$) იყოს, ადამიანები არჩევნებზე წავლენ, ოღონდ ეს თანხა არ გადაიხადონ. ისე კი, საკუთარი მომავლის მიმართ გულგრილობისათვის სასჯელი ბევრად მკაცრი უნდა იყოს“.
„კარგი იქნებოდა, თუკი ჯარიმას დააწესებდნენ, დავუშვათ, 10 მანათს. ყველა წავიდოდა არჩევნებზე. ის კი, ვინც არ წავა, ბიუჯეტში გადაიხდის თანხას“.
„ანუ, თქვენ გჯერათ, რომ აზერბაიჯანში სამართლიანი არჩევნები ტარდება და პრობლემა მხოლოდ ამომრჩევლებშია?“.