აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ქვეყნის ტერიტორია და საჰაერო სივრცე ირანზე თავდასხმებისთვის არ იქნება გამოყენებული
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის პოზიცია ირანთან დაკავშირებით
ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან გამართულ სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ბაქო არასდროს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის.
ბაირამოვის თქმით, რეგიონში არსებული ვითარება “სერიოზული შეშფოთების საფუძველს“ იძლევა. მან ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ როგორც ქმედებებისგან, ისე რიტორიკისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებით დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელს ირანში და მის გარშემო.
მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ კრიზისის მოგვარება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის გზით არის შესაძლებელი — გზით, რომელიც სამხედრო ესკალაციის ალტერნატივად განიხილება.
ამ განცხადებების პარალელურად, შეერთებული შტატები რეგიონში სამხედრო აქტივობას ზრდის. ბოლო დღეებში რეგიონში განლაგდა ავიამზიდი USS Abraham Lincoln და რამდენიმე მართვადი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი ხომალდი.
პენტაგონი ამ ნაბიჯებს მრავალეროვნული საჰაერო წვრთნებით ხსნის, თუმცა რიგი დამკვირვებლების შეფასებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს ვაშინგტონის მზადებაზე ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო სცენარებისთვის. რეგიონში ძალების გადაადგილება ხდება მაშინ, როცა თეირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
დაძაბულობას ამწვავებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებიც. მან ირანის მიმართ მუქარის შემცველი რიტორიკა გააძლიერა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო ოპერაცია უფრო მძიმე იქნება, ვიდრე შარშან ივნისში განვითარებული მოკლე კონფლიქტი, რომელშიც აშშ და ისრაელი მონაწილეობდნენ.
გასული წლის ივნისში, იმ დაპირისპირების დროს, დარტყმები ირანის სტრატეგიულ ობიექტებსა და მაღალი რანგის სამხედრო ფიგურებთან დაკავშირებულ სამიზნეებს შეეხო. კონფლიქტმა მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია და ირანის უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახადა.
შიდა პროტესტები ირანში და “კოშმარული სცენარის“ შიში
გარე ზეწოლის პარალელურად, ირანი შიდა გამოწვევებსაც აწყდება. წლის ბოლოსა და ახალი წლის დასაწყისში ქვეყანაში მასობრივი პროტესტები დაიწყო, რასაც ინფლაციის ზრდა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება უძღოდა წინ. თავდაპირველად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გამოსვლები მალევე გადაიზარდა პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებში.
ამ მოვლენებმა, ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის რეჟიმი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა და ქვეყანაში ხანგრძლივი არეულობის რისკი გაზარდა.
საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ხშირად განიხილება ირანისთვის ყველაზე მძიმე სცენარები. იანვარში “ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ანალიზი, რომელშიც საუბარია ე.წ. “კოშმარულ სცენარზე“ – ვითარებაზე, როდესაც შიდა კრიზისი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ასეთ შემთხვევაში მეზობელმა აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, შესაძლოა განიხილოს ჩარევა ირანში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დასაცავად. ეს კი, ანალიტიკოსების აზრით, ირანისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხს – ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას – შეეხება.
თუ შიდა დაპირისპირება გაღრმავდება, არსებობს ეთნიკური ნიშნით ფრაგმენტაციის საფრთხე, რაც თეირანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არაპროგნოზირებად სცენარად ითვლება.