აზერბაიჯანი: საერთაშორისო ორგანიზაციების გასვლა ქვეყნიდან – ოპოზიციისა და მედიის თვალით
აზერბაიჯანში საერთაშორისო ორგანიზაციები დაიხურა
აზერბაიჯანის ოპოზიციური ძალები და მედიის წარმომადგენლები ეხმაურებიან ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტასა და საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციების გაუქმებას.
ქვეყანაში მუშაობას წყვეტს Transparency International-ის ეროვნული განყოფილება, კორუფციასთან ბრძოლის საზოგადოებრივი გაერთიანება „გამჭვირვალობა აზერბაიჯანი“, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) წარმომადგენლობა და ევროკავშირის უმსხვილესი საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+.
გარდა ამისა, მთავრობასთან დაახლოებულმა გამოცემამ „Caliber“-მა მარტის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში რამდენიმე გაეროს ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მოგვიანებით, მთავრობამ ამ ნაბიჯების მიზეზად „ახალი რეალობებისა და მოძველებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეფექტიანობის დაკარგვას“ დაასახელა.
ასევე, გაუქმდა BBC News-ის, Sputnik-ის, Bloomberg-ისა და „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტების აკრედიტაციები აზერბაიჯანში.
ოპოზიცია: აზერბაიჯანის ხელისუფლება გლობალურ პროცესებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
ისა გამბარი: “ხელისუფლებას სურს შეზღუდოს აზერბაიჯანის კავშირები თანამედროვე სამყაროსთან“
ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ ლიდერმა, ისა გამბარმა JAMnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული ხელისუფლება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს საზოგადოებაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და მისი აქტივობის შეზღუდვისთვის.
მისი თქმით, ბაქოს პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლური ინსტიტუტებისა და პროექტების შეწყვეტისკენ იმავე ტენდენციას მიჰყვება, რაც ბოლო წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში შეიმჩნევა.
„შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა საკითხები განსახილველად, მაგრამ ისეთი პროგრამის შეწყვეტა, როგორიცაა Erasmus+, რომელიც აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების შესაძლებლობას აძლევს და ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების სექტორს გლობალურ სივრცეს უკავშირებს, განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. ეს ძალიან მავნე ნაბიჯია“, – განაცხადა გამბარმა.
მისივე თქმით, მსგავსი მოსაზრებები შეიძლება გამოითქვას Transparency International-ის საქმიანობის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებითაც.
„ეს არის მონიტორინგის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კორუფციის დონეს იკვლევს. თუმცა, მისი საქმიანობა კორუფციის შემცირებისკენ არ იყო მიმართული.
ყველა ამ ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა არასწორია, მაგრამ განსაკუთრებით Erasmus+-ის პროგრამის დახურვა სერიოზული დანაკარგია და ხელისუფლების მორიგი შეცდომა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ამ ნაბიჯის შედეგები და მიიღოს ზომები ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად“, – აღნიშნა მან.
გამბარის შეფასებით, ბაქო ცდილობს არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა სფეროების მონოპოლიზაციასაც, ამცირებს საზოგადოებრივ აქტივობას და ზღუდავს ქვეყნის კავშირებს თანამედროვე სამყაროსთან. თუმცა, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლიანი თუ უსამართლო კრიტიკისგან ვერ დაიცავს.

ახმედ მამედლი: „თუ ეს არ იქნება მომგებიანი, აზერბაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციაზე უარი თქვას“
უფლებადამცველი ახმედ მამედლი JAMnews-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამჟამინდელი მოვლენები აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ილჰამ ალიევი გლობალურ პროცესებს საკუთარი ინტერესებისთვის.
„ეს ყოველთვის ასე იყო. ალიევი ხედავს, რომ აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაცია მის ინტერესებს პასუხობს, ხოლო ევროპაში მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, რომლებიც საკუთარი შიდა პრობლემებით იქნებიან დაკავებულნი. ამიტომაც, აზერბაიჯანის ხელისუფლება ანულირებს მედიასაშუალებების აკრედიტაციებს და ხურავს საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებს,“ – აცხადებს მამედლი.
მისი თქმით, ალიევი დასავლეთს მხოლოდ სავაჭრო პარტნიორად აღიქვამს.
„მისი გამოსვლებიდან ირკვევა, რომ მას ადამიანის უფლებებზე საუბარი არ სურს. როდესაც დასავლეთზე საუბრობს, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებსა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას“.
მამედლის შეფასებით, ალიევს არ სურს ქვეყანაში დარჩეს ისინიც კი, ვინც ნაწილობრივ თანამშრომლობს მასთან.
„ცხადია, რომ ალიევი მაქსიმალურად იყენებს 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ მიღებულ შესაძლებლობებს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. სწორედ ეს არის ზეწოლის მთავარი მიზეზი.
ის დარწმუნებულია, რომ აშშ მის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს, ხოლო ევროპაში მას იტალია და უნგრეთი დაუჭერენ მხარს. თუ სიტუაცია მისთვის არახელსაყრელი გახდება, აზერბაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) იურისდიქციაზე უარი თქვას“.
მისი აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება „ბოლო ამოსუნთქვამდე.“

Meydan TV-ის რედაქტორი: „ჩვენ არ გვინდა, აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ვიყოთ დამოკიდებული“
Meydan TV-ის რედაქტორი ორხან მამედი, რომლის ცხრა თანამშრომელიც დაპატიმრებულია და რომლის ვებსაიტზეც ქვეყანაში წვდომა დაბლოკილია, მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა, რომელიც AbzasMedia-ს თანამშრომლების დაკავებით დაიწყო, დასასრულს უახლოვდება.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში არსებობდეს დასავლეთთან დაკავშირებული არც ერთი ორგანიზაცია და ყველა ხიდს წვავს დასავლეთთან.
Meydan TV-ის საქმიანობაზე საუბრისას, ორხან მამედმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა თითქმის შეუძლებელია.
„ბოლო 10 დღის განმავლობაში Meydan TV-ის საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზებულია. პირველად ხდება ისე, რომ აზერბაიჯანიდან მასალების გამოქვეყნება ვერ ხერხდება. სამომავლოდ ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ სამოქალაქო ჟურნალისტიკას, თუმცა ამჟამინდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს“.
მისი აზრით, აზერბაიჯანი არ გადაიქცევა ჩრდილოეთ კორეად ან თურქმენეთად, თუმცა ხელისუფლება საკუთარ, უნიკალურ გზას ადგას.
„2014 წელსაც იყო რეპრესიები, ქვეყანა იკეტებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ გაიხსნა.
როგორც ჟურნალისტი, პოლიტიკურ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა ნათელია, რომ მაშინაც კი, თუ აზერბაიჯანი მომავალში კვლავ გაიხსნება, გრანტებთან მუშაობა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ისეთივე ვეღარ იქნება, როგორც ადრე.
ჩვენ არ გვინდა, დამოკიდებული ვიყოთ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ამიტომაც ვდგამთ ნაბიჯებს, რათა ჩვენი საქმიანობის მდგრადობა შევინარჩუნოთ“.
ორხანი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესების შედეგად აზერბაიჯანული მედიის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება.
„რეგრესი დაიწყო AbzasMedia-ზე თავდასხმით და დღითიდღე უფრო მძიმდება.
არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება სოციალურ ქსელებს მთლიანად დახურავს, რადგან თავადაც აქტიურად იყენებს მათ საკუთარი პროპაგანდისთვის.
ამიტომ, თუკი აზერბაიჯანში მედიის საქმიანობა მთლიანად აიკრძალება, ჩვენ საზღვარგარეთ გავაგრძელებთ მუშაობას – ზუსტად ისე, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამას დამოუკიდებელი რუსული მედია აკეთებს“.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტისა და მედიასაშუალებების აკრედიტაციების გაუქმების შესახებ.
კონტექსტი
2023 წლის ბოლოდან აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე ზეწოლა მძაფრდება.
2023 წლის ბოლოს დაწყებული პროცესების შედეგად, „Abzas Media“-ს თანამშრომლების დაკავების შემდეგ, 20-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის „Abzas Media“-ს, „Toplum TV“-ს და „Meydan TV“-ს წარმომადგენლები, დააპატიმრეს, ხოლო მათი რედაქციები დახურეს.
ამ პროცესების გაგრძელებად, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო მედიაორგანიზაციების აკრედიტაციები გაუქმდა, ხოლო მათი ოფისები დახურეს.
გარდა ამისა, Transparency International-მა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) და ევროკავშირის უმსხვილესმა საგანმანათლებლო პროგრამამ Erasmus+ აზერბაიჯანში საქმიანობა შეწყვიტეს.