AZAL-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო – გამოძიების ანგარიში
AZAL-ის ჩამოვარდნილი თვითმფრინავი
25 დეკემბერს, ყაზახეთში, აქტაუს აეროპორტთან ახლოს მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი ანგარიში გამოქვეყნდა.
მომხდარის გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად მიმდინარეობს.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ თვითმფრინავი გროზნოს თავზე დაზიანდა – გავრცელებული ვერსიით, ის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების ცეცხლის ქვეშ მოჰყვა, როდესაც ეს უკანასკნელი უკრაინული დრონების შეტევას იგერიებდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტში, აქტაუში გადაამისამართეს, თუმცა ის ჩამოვარდა. ტრაგედიას ეკიპაჟის ორი წევრი (კაპიტანი და მეორე პილოტი), უფროსი ბორტგამცილებელი და 35 მგზავრი ემსხვერპლა, 29 ადამიანი კი გადარჩა.
გამოძიების მთავარი მიგნებები
53-გვერდიანი წინასწარი ანგარიშის თანახმად, 25 დეკემბრის დილას, როდესაც თვითმფრინავი გროზნოს უახლოვდებოდა, დაფიქსირდა ორი გარე დარტყმა რამდენიმე წამის ინტერვალით.
ამან ავტოპილოტის გათიშვის სიგნალიზაცია გააქტიურა, ხოლო ერთ-ერთი ჰიდრავლიკური სისტემის წნევა და სითხის დონე ნულამდე დაეცა.
იმ მომენტში თვითმფრინავი გროზნოს თავზე იმყოფებოდა და დაშვებას გეგმავდა, თუმცა ნებართვა ვერ მიიღო.
ეკიპაჟმა დისპეტჩერებს აცნობა, რომ ბორტზე ფრინველებთან შეჯახებისა და ჟანგბადის ბალონის აფეთქების ნიშნები შეინიშნებოდა. დისპეჩერმა გადაწყვეტილება მიიღო, გადაეამისამართებინა თვითმფრინავი ყაზახეთის აქტაუს აეროპორტში, თუმცა დაშვებისას თვითმფრინავი მიწას შეეჯახა, განადგურდა და ნაწილობრივ დაიწვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადარჩენილი ფრაგმენტების წინასწარმა გამოკვლევამ აჩვენა სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაზიანებები ფიუზელაჟის კუდის ნაწილში, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სტაბილიზატორებზე, სიმაღლისა და მიმართულების საჭეებზე.
მსგავსი დაზიანებები დაფიქსირდა თვითმფრინავის მარცხენა ძრავსა და ფრთაზეც.
ზოგიერთ დაზიანებას ჰქონდა “სწორი მართკუთხა ფორმა“,— ნათქვამია ანგარიშში.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადება
აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, 25 დეკემბერს Embraer 190-100 IGW, რომელიც “აზერბაიჯანის ავიახაზებს“ (AZAL) ეკუთვნოდა, ასრულებდა რეგულარულ რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით.
თვითმფრინავს გროზნოში დაშვებაზე უარი ეთქვა, რის შემდეგაც აქტაუში გადაამისამართეს, თუმცა აეროპორტამდე ვერ მიაღწია.
“ეკიპაჟისა და ბორტგამყოლების პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და თავგანწირვის შედეგად, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რამაც 29 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი გახადა“,— ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად, გამოძიებას ყაზახეთი ხელმძღვანელობს, როგორც ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ავიაკატასტროფა მოხდა.
ამ კონვენციის მთავარი მიზანი ავიაციის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა და არა დამნაშავეთა გამოვლენა.
გამოძიების შედეგები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) და სხვა შესაბამის მხარეებს გადაეგზავნება, რათა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის რეკომენდაციები შემუშავდეს.
აზერბაიჯანის ჩართულობა გამოძიებაში
როგორც თვითმფრინავის რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის ქვეყანა, აზერბაიჯანი გამოძიების ყველა ეტაპზე მონაწილეობდა.
აზერბაიჯანელმა სპეციალისტებმა განახორციელეს ადგილზეც ფაქტების ფიქსაცია, ფოტო და ვიდეომასალების მოწოდება, ასევე, “შავი ყუთებიდან“ მონაცემების ამოღების პროცესში ჩაერთნენ ბრაზილიის ავიაკატასტროფების გამოძიების ცენტრში (CENIPA).
ასევე, აზერბაიჯანმა დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება განახორციელა.
Embraer 190-100 IGW აღჭურვილი იყო ორ CVFDR მოწყობილობით, რომელიც აერთიანებდა როგორც სალონის ხმის ჩამწერს (CVR), ასევე ფრენის მონაცემთა ჩამწერს (FDR), რაც შესაძლებელს ხდიდა ფრენის ტექნიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს.
დამატებითი მიგნებები გამოძიებიდან
- გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ფიუზელაჟზე დაფიქსირებული დაზიანებები გარე ობიექტების ზემოქმედების შედეგად წარმოიშვა.
წინასწარ ანგარიშში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ფრინველებთან შეჯახების ფაქტზე.
- ფიუზელაჟის დაზიანებულ ადგილებში აღმოჩენილ იქნა უცხო ობიექტები, რომლებიც თვითმფრინავს არ ეკუთვნის.
ეს ობიექტები ამოღებულია, მათი ფოტოები ანგარიშშია წარმოდგენილი. მათი წარმომავლობის დასაზუსტებლად დამატებითი ექსპერტიზები დაინიშნა.
- თვითმფრინავის ძირითადი მართვის სისტემები 05:13:32 საათზე გამოვიდა მწყობრიდან.
ამის შემდეგ, 05:21:42 საათზე, გროზნოს დისპეტჩერს ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობეს.
- ანგარიშში არ არის მითითებული რაიმე ინფორმაცია, რომელიც ჟანგბადის ბალონის აფეთქებას დაადასტურებდა.
ჩიკაგოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, ინციდენტიდან ერთი წლის ვადაში უნდა მომზადდეს საბოლოო ანგარიში.
ამ დოკუმენტის შედგენაზე უკვე მუშაობენ ყაზახეთი და გამოძიებაში მონაწილე სხვა ქვეყნები,— ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.