აშშ-ის სანქციების ოფისი: ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება
აშშ-ს სანქციების ოფისი სანქციებზე
აშშ-ს სანქციების ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიზნესები, რომლებიც რუსეთში ელექტრონულ საქონელს გზავნიან, “რულეტს თამაშობენ”. მისი თქმით, საქართველო “გულმოდგინედ ასრულებს” სანქციებს, თუმცა “ვნახეთ ქვეყნის გავლით რუსეთში” ელექტრონული ნივთების ტრანზიტის მომატება
მან უპასუხა სანქციების რეჟიმის მონიტორინგის, კონტროლისა და დაცვასთან დაკავშირებულ კითხვას და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას სანქციები.
“ჩვენ რეგულარულად ვსაუბრობთ საჯაროდ. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებით ცალკეულ ბიზნესებს თუ არის პოტენციური პრობლემა. ჩვენი კოლეგები ხაზინაში, ვაჭრობის დეპარტამენტში და აქ სახელმწიფო დეპარტამენტში, ძალიან ხშირად ვესაუბრებით ბიზნესებს, ბიზნეს ასოციაციებს. გვაქვს საგანმანათლებლო მასალები. ამასთან ერთად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ხარვეზებს. ერთ-ერთი მათგანი ახლა ვახსენე. კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა”, – აღნიშნა ობრაიენმა.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ნებით თუ უნებლიედ ხელს უწყობს რუსეთს და მათ ამ “ძალიან მგრძნობიარე” ელექტრონიკის მოპოვებაში ეხმარება, ობრაიენმა ასე უპასუხა:
„ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე – იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს.”
გარდა ამისა, მან ისაუბრა ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც ოთხ ქართველ მოსამართლეს დაუწესდა. მისი თქმით, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი:
“ჩვენი კანონის თანახმად, ამ შეზღუდვების დაწესება ფაქტობრივად, სავალდებულოა. ჩვენ მას ვხედავთ, როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებების განმტკიცებას. ეს სტანდარტული ნაბიჯია. რეაქცია, რომელიც ბევრი კარგად ინფორმირებული ადამიანისგან მივიღეთ იყო ის, რომ დიახ, დიახ, უკვე დრო იყო. ვფიქრობ, ფაქტები და გარემოებები ყველასთვის კარგად არის ცნობილი და არანაირი პრობლემა არ არსებობს. არ მგონია, კარგად ინფორმირებულმა ქართველმა ოფიციალურმა პირმა შეძლოს იმის თქმა, რომ ეს უსაფუძვლო იყო.”
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული “მაგნიტსკის აქტთან”, თუ მის ფარგლებში მოხდა – ობრაიენი აცხადებს, რომ ეს ცალკე უფლებამოსილებაა.
“ეს არის ცალკე იურიდიული უფლებამოსილება, თუმცა ორივეს კანონს შეუძლია ერთსა და იმავე გარემოებებზე რეაგირება. მაგრამ ეს არის კანონი, რომელიც ჩვენგან მოითხოვს იმ ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, რომლებიც ჩართული იყვნენ მსგავს ქმედებებში.” – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.
● კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე: რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა
● თეა წულუკიანი: მინდა მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო აშშ-ს გადაწყვეტილება
● “სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე” – როგორ ხსნის იურისტი გურამ იმნაძე მოსამართლეთა დასანქცირების ფაქტს
5 მარტს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” მოსამართლეებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
დამოუკიდებელი ექსპერტები და უფლებადამცველები უკვე წლებია აღნიშნავენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე საქართველოში ხელმძღვანელობენ ე.წ. მოსამართლეთა მძლავრ „კლანს“, რომელიც ბლოკავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად საჭირო რეფორმებს.
ორივე მოსამართლე დაკავშირებულია ძლიერ ორგანოსთან, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ზედამხედველობის ორგანოა. ითვლება, რომ მათ ასევე აქვთ ფარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და ქვეყნის არაფორმალურ მმართველად.
მურუსიძე წინა ხელისუფლების ლოიალობითაც გამოირჩეოდა – სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება უკავშირდება.
სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაშიც. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა და უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნა გააგრძელა.
2002 წლის 31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.