აშშ-ის საელჩო და კარლ ჰარცელი იუსტიციის საბჭოს დანიშვნებით იმედგაცრუებულები არიან
აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2 მოქმედი წევრი სხვა მოსამართლეებით ჩაანაცვლეს.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
მათ ამ პოზიციაზე თამარ ონიანი და თეა ლეონიძე ჩაანაცვლეს, რომლებსაც საბჭოს წევრობის ვადა ჯერ არ გასვლიათ, თუმცა, მათ თავისი ნებით დაწერეს განცხადება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
რას ამბობს ამერიკის საელჩო
როგორ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, დასანანია, რომ სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევა დემოკრატიული გზით.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა საზოგადოების ყურადღება მუნიციპალურ არჩევნებზე იყო გადატანილი.
“თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა”, – წერია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. ასევე, მათი თქმით, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.
“თუმცა, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ. სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს.” – ვკითხულობთ განცხადებაში
● ჰარცელი: სააკაშვილის მხარდამჭერ წერილზე ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
რას ამბობს ევროკავშირი
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნა არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს მოხდა – მხოლოდ 4 დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა.
ელჩმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეც:
“დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.”
ჰარცელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ და რომელსაც, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“.
ასევე, ელჩის თქმით, დიდწილად ამან გამოიწვია ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების შეჩერებას, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის გაუტარებლობას მოჰყვა.
“დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა.
ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს” , – ამბობს ჰარცელი.
მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის.
ასევე, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმაც. ელჩი twitter-ზე წერს: “გარკვევით ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია”.
კელი ასევე აციტირებს აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ციტატას, სადაც ნათქვამია, რომ პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე:
● ფინანსთა მინისტრის მოადგილე: იყო რისკი, რომ EU-ს დახმარება ისედაც არ ჩამოირიცხებოდა
● ევროკომისია: მოსამართლეების დანიშვნამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს დახმარების გამოყოფაზე
● ევროკავშირი სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3 მილიარდიანი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო.
ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონ ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.
მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღიარა, რომ იყო რისკი, რომ ევროკავშირის 75-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარება ისედაც არ ჩაირიცხებოდა, რადგან ეს თანხა მიბმული იყო რეფორმების შესრულებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სასამართლო სისტემის რეფორმა. კაკაურიძის განმარტებით, სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართ ევროკავშირს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა.
კაკაურიძის ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამგვარი შემთხვევა მანამდეც ყოფილა, როცა გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო გრანტის ნაწილი ვერ მიგვიღია და ეს ქვეყნისთვის საზიანოა, “რადგან ვკარგავთ თანხასაც და რეფორმაც ბოლომდე ვერ მიგვყავს.”