აშშ "აბრაამის შეთანხმებას" სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს უკავშირებს. რას ნიშნავს ეს
შეუერთდება თუ არა RA აბრაამის შეთანხმებებს?
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა გამოცემა Breitbart-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შესაძლოა გახდნენ იმ ქვეყნების ნაწილი, რომლებიც “აბრაამის შეთანხმებას” შეუერთდებიან.
“საკმაოდ რეალისტურად მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყანა გამოთქვამს სურვილს შეუერთდეს “აბრაამის შეთანხმებას.” ისინი ძალიან ახლოს არიან კონფლიქტის საბოლოო მოგვარებასთან. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა პრეზიდენტისთვის და მას სჯერა ამ პროცესის“, — თქვა უიტკოფმა.
ამ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა. მისი თქმით, ერევანი მართავს მრავალმხრივ დიალოგს აშშ-სთან, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობის საკითხებზე.
“ასეთი ინიციატივები შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა როგორც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, ასევე რეგიონის მშვიდობისთვის“, — აღნიშნა ბადალიანმა.
სომეხმა პოლიტოლოგმა ტიგრან გრიგორიანმა კი განმარტა, რომ ამ პროცესში აშშ-ის ჩართულობა ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც რისკების, ისე შესაძლებლობების წყარო. მისი თქმით, უკრაინასა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უშედეგო მცდელობების ფონზე, ვაშინგტონისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება “ადვილად მისაღწევ დიპლომატიურ წარმატებად“ შეიძლება გამოჩნდეს.
“აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო პროცესს. თუ მას დააჩქარებს, შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ქულების მოპოვება მინიმალური ძალისხმევით — რაც პოზიტიური გარემოებაა“, — თქვა გრიგორიანმა.
კომენტარი
პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი განმარტავს, რომ “აბრაამის შეთანხმება” თავდაპირველად მიზნად ისახავდა ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. შეთანხმება 2020 წლის სექტემბერში აშშ-ის შუამავლობით გაფორმდა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის.
“ამ შეთანხმებებმა ოფიციალური ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა შექმნა. მანამდე ამ ქვეყნებს შორის შესაძლოა არსებობდა არაფორმალური სავაჭრო კავშირები, თუმცა “აბრაამის შეთანხმებამ” მათ ახალი პლატფორმა მისცა. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მაროკო და სუდანი“, — ამბობს გრიგორიანი.
მისი თქმით, მიუხედავად თავდაპირველი მოლოდინებისა, შეთანხმებამ რეალური წარმატება ვერ მოიტანა — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში ომი დაიწყო და არაბულ-ისრაელური ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა. გრიგორიანი აღნიშნავს, რომ საინვესტიციო ფონდის შექმნის მცდელობა, რომელშიც $3 მილიარდის მოზიდვა იგეგმებოდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ისრაელმა რამდენიმე პროექტი განახორციელა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა მათი მასშტაბი ძალიან მცირე იყო.
ექსპერტი ასევე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, აზერბაიჯანი ცდილობს გახდეს “აბრაამის შეთანხმების ნაწილი. მისი თქმით, ბაქო საკუთარი მჭიდრო ურთიერთობებით ისრაელთან ცდილობს დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ შეთანხმებაში მისი ჩართვა მიზანშეწონილია.
“ბაქოს სურს აჩვენოს, რომ სამშვიდობო შეთანხმება უფრო სომხეთს სჭირდება, ხოლო თავად ის დამატებით სარგებელს უნდა იღებდეს ამ ხელმოწერის სანაცვლოდ. ისინი დასავლეთს ეუბნებიან: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ, მაგრამ თქვენც უნდა დააფინანსოთ, მაგალითად, აღდგენითი სამუშაოები ყარაბაღში“, — ამბობს გრიგორიანი.
ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთიც ახსენა შეთანხმებებში შესაძლო მონაწილედ. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა იქნას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში, ისრაელ-სომხეთის ურთიერთობები ჩართული, რომელიც ამ ეტაპზე არცთუ მეგობრულია.
“თუ ლოგიკა ის არის, რომ ისრაელი და არაბული ქვეყნები დააკავშიროს, აზერბაიჯანს ისრაელთან უკვე სტრატეგიული ურთიერთობა აქვს. მაგრამ სომხეთთან ისრაელის ურთიერთობა პრობლემურია. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი ამ ყველაფერთან დაკავშირებული“, — აცხადებს ანალიტიკოსი.
გრიგორიანი მიუთითებს, რომ სტივ უიტკოფი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელია რამდენიმე მიმართულებით — მათ შორის როგორც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში. თუმცა, გრიგორიანის თქმით, მის მიერ მიღწეული ერთადერთი შედეგი იყო აშშ-ის იმ მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ჰამასის მიერ იყვნენ დატყვევებულნი.
რაც შეეხება უკრაინას, ექსპერტის შეფასებით, უიტკოფს კონფლიქტის ზედაპირული ხედვა აქვს. მან უკვე მოასწრო რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გამეორება — რაც, გრიგორიანის აზრით, ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ უიტკოფს დიპლომატიური გამოცდილება არ გააჩნია. მან სახელმწიფო მმართველობის სისტემაში კარიერა უძრავი ქონების ბიზნესიდან დაიწყო.
“უიტკოფი წარმოადგენს ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხასიათს — დიპლომატიური გარიგებების ფორმით. თუ ის იქნება ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, შესაძლოა ეს სერიოზულ პრობლემად იქცეს სომხეთისთვის“, — ამბობს გრიგორიანი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში პროცესიდან გამორიცხული იქნება ის ინსტიტუციური მეხსიერება, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს რეგიონთან მიმართებით: “ალიევის დარწმუნება გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე ფაშინიანის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უიტკოფმა და ალიევმა შეიძლება საერთო ენა იოლად გამონახონ“.
მიუხედავად არსებული რისკებისა, გრიგორიანი საჭიროდ მიიჩნევს იმ შესაძლებლობის გამოყენებას, რაც შეიქმნა. მისი აზრით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესში აშშ-ის პოზიტიური როლის გაზრდა შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს.
„თუ ტრამპი ჩაერთვება ამ პროცესში, აზერბაიჯანის მხრიდან ახალი ესკალაცია აღარ იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისაღები.“ — ამბობს ექსპერტი.