"არასრულწლოვანებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს ორჯერ აღემატება" - გურამ იმნაძე
არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ამბობს, რომ კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვანებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს ორჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა. მისივე თქმით, ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. იურისტის განმარტებით, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ინჰალანტების ხელმისაწვდომობა, რაც იმას აჩვენებს, რომ მოზარდები იმ ნივთიერებას მოიხმარენ, “რაც ფინანსური თვალსაზრისით მეტად ხელმისაწვდომია” და რაზეც სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლი, ბრძოლის მექანიზმები არ აქვს.
“თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია, სასკოლო სივრცეში, განათლების სისტემაში ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის უფრო სისტემური ნაბიჯები გადაიდგას. პირველ რიგში, პრევენციის მიმართულებით და მოზარდებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იმნაძემ.
გურამ იმნაძე ხაზს უსვამს, რომ ის მოცემულობა, რომ ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს „მეტადონის პროგრამიდან” ნარკოტიკული ნივთიერება მაინც გამოაქვს და სხვებს უზიარებს, რეალურად აჩვენებს, რომ თვითონ პროგრამაშიც “არ არის რაღაც კარგად.”
რა არის “მეტადონის პროგრამა”
“მეტადონის პროგრამა” – ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ექსპერტების განმარტებით, სასურველია, ასეთი მკურნალობა კომპლექსურად ხორციელდებოდეს ფსიქოსოციალური თანადგომის ღონისძიებებთან ერთად. დღეისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მსგავსი მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან საშუალებად არის მიჩნეული.
ჩანაცვლებითი თერაპიის მთავარი ღირებულებაც სწორედ ის გახლავთ, რომ ბენეფიციარებს არ უწევთ ყოველდღიურად სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის კრიმინალური გზით თანხის მოძიება, შავ ბაზარზე ნარკოტიკის შეძენა.
ჩანაცვლებითი თერაპია თვისობრივად არ წარმოადგენს სამკურნალო კომპონენტს და მისი მთავარი ფაქტორი დრო არ არის – ძირითადი დანიშნულება „ქუჩის ნარკოტიკის“ ლეგალური ნარკოტიკული საშუალებით ჩანაცვლებაა.
საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილი იყო რამდენიმე ათეული პაციენტისთვის და სრულად ფინანსდებოდა გლობალური ფონდის მიერ.
2017 წლის ზაფხულიდან გაუქმდა თანადაფინანსების პრინციპი და აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა პაციენტებისთვის გახდა აბსოლუტურად უფასო.
არაოფიციალური მონაცემებით, წლებია, საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი 50 000-ს აღწევს.
იმნაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად უფასოა, ის ბოლომდე ხელმისაწვდომი მაინც არ არის. მისივე თქმით, ადამიანებს უფასო პროგრამაში ჩართვის ნაცვლად, ურჩევნიათ, საკუთარი ჯანმრთელობა და თავისუფლებაც გარისკონ:
“საჭიროა, მოთხოვნაზე შემცირება სახელმწიფომ უზრუნველყოს იმით, რომ ქვეყანაში პრევენციული სისტემა არსებობდეს, მოქალაქეებმა იცოდნენ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე, როგორ აარიდონ თავი ნარკოტიკის მოხმარებას, როგორ შემცირდეს ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი, როგორ ჩართოს მოქალაქეები სახელმწიფომ ლეგალურ სერვისებში. მიუხედავად იმისა, რომ „მეტადონის“ პროგრამა უფასოა, იმდენი ბარიერია, ძალიან ბევრი ადამიანი მასში არ ერთვება, ეს უკვე პრობლემაა, რადგან ეს ადამიანები უკვე არალეგალურ, „შავ მარკეტში“ იღებენ მონაწილეობას და იქ ქმნიან ნარკოტიკზე მოთხოვნას.”
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ასევე ამბობს, რომ ძირითადი ხარვეზები, ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული, რადგან ბენეფიციარების გარკვეული შეფასება უნდა არსებობდეს. მისივე განმარტებით, თუკი, ბენეფიციარი წლებია, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს, მისი მხრიდან შიდა ნორმატიული წესების, მოთხოვნების დარღვევა არ ფიქსირდება, თუ ის სამედიცინო სფეროს ექიმების მიერ გაწერილ რეჟიმს და წესებს მიჰყვება, ასეთ ადამიანებს ეს პროგრამა უნდა ენდობოდეს და თუნდაც, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ მათი მოსახმარი რამდენიმე დღის საჭირო დოზა გაიტანონ.
● სომხეთის სოციალურ ქსელებში ნარკოტიკები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება
● შეძლებს თუ არა საქართველო C ჰეპატიტის დამარცხებას? ყველაფერი, რაც “ჩუმ მკვლელზე” უნდა ვიცოდეთ
● აფხაზეთში განიხილავენ დოკუმენტს, რომლის მიხედვით ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან