დამნაშავე ბავშვები. რატომ გაორმაგდა მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაული
არასრულწლოვანთა დანაშაული
ცოტნე, გიორგი, დათა და ალექსი ჩვეულბრივი 15-16 წლის ბიჭები არიან – ხმაურიანი და მოუსვენარი, ბევრს ლაპარაკობენ მანქანებზე, ცოტას გოგოებზე და ზოგჯერ მშობლებისგან მალულად სიგარეტს ეწევიან.
ერთ არაფრით გამორჩეულ შაბათ საღამოს, სამეგობრო უბნის სუპერმარკეტში შედიოდა, როცა უცნობმა თანატოლმა ცოტნეს ფეხი დაუდო და თან უყვირა: „ნელა იარე!“ ცოტნემ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო და დაბნეულმა უპასუხა, „შენ იარე ნელა!“ ლაპარაკი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ხმამაღალმა გარჩევამ ჩაანაცვლა. ცოტნემ და მისმა სამმა მეგობარმა უცებ ბნელ კუთხეში ამოყვეს თავი. მათ ორჯერ მეტი ადამიანი ერტყათ გარს.
ალექსმა სახეში ძლიერი დარტყმა იგრძნო, ხმით მიხვდა რომ ცხვირი გაუტეხეს. დათა ძირს დააგდეს და ნეკნებსა და ზურგში წიხლები ურტყეს. თავდამსხმელი, რომელმაც ცოტნეს ფეხი დაუდო, იქვე იდგა და მარჯვენა ხელი ზურგს უკან, შარვლის წელში ჰქონდა ჩაყოფილი, თითქოს რაღაცას ეჭიდებოდა. ბიჭები გაიქცნენ. პირველივე შემხვედრ ავტობუსში აცვივდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ცოტნე სახლიდან არ გასულა.
არასრულწლოვნებს შორის ასეთი ჩხუბი საქართველოში არ უკვირთ.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოზარდები ყველაზე ხშირად ქურდობას ჩადიან, შემდეგ კი – ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
მშობლები ჩხუბის სერიოზულობას ხშირად უგულებელყოფენ. „ვის არ უჩხუბია?!“, – ხშირად გაიგებთ მათგან.
დროდადრო ჩხუბი არა უბრალოდ დალურჯებებით, არამედ ფატალური შედეგებით სრულდება.
მოძალადე ბავშვები
2025 წლის სექტემბერში, თინეიჯერმა ბიჭმა შეყვარებული გოგოსგან გაიგო, რომ მათემატიკის კერძო გაკვეთილების ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი „ზედმეტ ყურადღებას იჩენდა“ მოსწავლის მიმართ. მოზარდი დაუკავშირდა ორ მეგობარს და სამივემ გადაწყვიტა „ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა და მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“
მოზარდებმა ყველაფერი დეტალურად დაგეგმეს. იმისთვის, რომ ავალიანი არავისში შეშლოდათ, დაათვალიერეს მისი სოციალურ მედია და იქ გამოქვეყნებული ფოტოები, დაადგინეს მისი სამუშაო ადგილი და საცხოვრებელი მისამართი, შეისწავლეს მისი ყოველდღიური მოძრაობის მარშრუტი, შეარჩიეს თავდასხის ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
„ჩაუსაფრდნენ და შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა იმისთვის, რომ გიგა ავალიანს თავს დასხმოდნენ და მიეყენებინათ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“, – აცხადებს გამოძიება. თუმცა პირველ დღეს გეგმა ჩავარდა.
ორი დღის შემდეგ, ბიჭებმა დაგეგმილი სისრულეში მოიყვანეს.
პირველ ოქტომბერს, საღამოს 10 საათისთვის თბილისში, თემქის დასახლებაში, სამსახურიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა და სახლამდე გაჰყვა. სახლთან ახლოს, მას თავს დაესხნენ. ერთ-ერთი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა. თავდამსხმელები მიიმალნენ.
ახალგაზრდა მასწავლებელმა 23 დღე გაატარა კომაში. 24 ოქტომბერს ის გონზე მოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
გამომძიებლებმა დანაშაულთან დაკავშირებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. მათ შორის გიგა ავალიანის მოსწავლე გოგოც. დაკავებული მოზარდებიდან ერთი ავალიანზე ძალადობას ტელეფონით იღებდა.
დაკავებიდან რამდენიმე თვეში, საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა, რის გამოც დაკავებულ თინეიჯერებს ახალი ბრალი წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, გიგა ავალიანი ამ მოზარდების პირველი და ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა – ისინი ჯგუფური ძალადობის სულ მცირე კიდევ ოთხ ეპიზოდში არიან გარეული.
გამოძიების თანახმად, მოზარდების ჯგუფი შერჩეულ მსხვერპლს გოგოების სახელით წერდა და გარეთ იტყუებდა. ითანხმებდნენ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ. “
სცემდნენ მსხვერპლს უმოწყალოდ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალადობის სცენებს კი იღებდნენ, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში” – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
- თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს
- SJC: (არასრულწლოვანებზე) კანონპროექტი ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მდგომარეობის უკუსვლას გამოიწვევს
- ახალი განათლების რეფორმა: რა დააანონსა ირაკლი კობახიძემ და რას ამბობენ ექსპერტები
პროკურატურამ ამ ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნა. გამოძიების ვერსიით:
2025 წლის თებერვალში დაკავებული მოზარდები, სხვებთან ერთად, თავს ესხმიან 30 წლამდე კაცს, რომელიც თითქოსდა მათ ახლობელ გოგოს წერდა სოციალურ მედიაში. მსხვერპლი გვიან ღამით მიიტყუეს დიდ დიღომში, სცემეს და პროცესი ტელეფონით გადაიღეს.
ამავე თვეს, კორპუსის სადარბაზოში, დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ტელეფონით გადაიღეს.
2025 წლის ზაფხულში იგივე მოზარდები კვლავ უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილურით გადაიღეს.
2025 წლის სექტემბერში კი დიდი დიღომის ახალ პარკში სცემეს იქ მყოფ ახალგაზრდებს.
ნეო-ნაცისტი ბავშვები
ბოლო პერიოდში საჯარო გახდა კიდევ ერთი ინცინდენტი, რამაც კიდევ უფრო გამოააშკარავა თინეიჯერებში ძალადობის მასშტაბი.
15 წლის ანდრიამ ონლაინ გაიცნო გოგო. რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურთან შეხვედრაც დათქვეს. გოგომ მიტოვებული შენობისკენ გასეირნება შესთავაზა. იქ ანდრიას ჩასაფრებული ელოდნენ „ფაშისტური იდეოლოგიის“ ჯგუფის წევრები.
გამოძიების ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს, ცხვირი ჩაუმტვრიეს, დანით დაუსერეს სხეული, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და სოციალუ ქსელში დატოვებული კომენტაროს გამო მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისათვის”, 30 წლის ლევან აბესაძისთვის. ეს ყველაფერი მათ ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ მედიაში ატვირთეს.
9 ადამიანი დააკავეს ანდრიაზე თავდასხმისთვის. აქედან ექვსი არასრულწლოვანია.
15 წლის ბიჭზე თავდასხმა, როგორც ჩანს, ცალკეული ინციდენტი არ ყოფილა. რამდენიმე თვის შემდეგ, პოლიციამ დააკავა „რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების“ 16 წევრი, საიდანაც 10 არასრულწლოვანია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ამ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.
ბრალდებულთა ტელეფონებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ძალადობის ამსახველი ფოტოებითა და ვიდეოებით, პოლიციამ დაადგინა 10-ზე მეტი მსხვერპლი, მათ შორის, 4 არასრულწლოვანი.
ძალადობა, როგორც რუტინა
ახალგაზრდებში ძალადობა ქართული რეალობისთვის ახალი არაა. ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეა. 2020 წელს, დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული ჩხუბი 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილით დასრულდა. შაქარაშვილი მდინარის ნაპირთან ახლოს სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. 17 ადამიანს წაუყენეს ბრალი, აქედან ექვსი არასრულწლოვანი იყო.
კიდევ ერთი საქმე, რომელმაც საქართველო შეძრა, 2017 წელს 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობა იყო. პროკურორების მტკიცებით, მკვლელობა ჯგუფურად და წინასწარი კოორდინაციით იქნა ჩადენილი.
ექსტრემალური შემთხვევების გარდა, ახალ ამბებში ხშირად ხვდება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული. აი, რამდენიმე მაგალითი 2026 წლიდან:
● დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც თბილისის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ;
● რუსთავში, სუპერმარკეტის კონსულტანტის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს;
● დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ლიდერი და ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ;
● პოლიციამ რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
პროკურატურის საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა არასრულწლოვნებში დანაშაულის მზარდ ტენდენციას უჩვენებს. 2024 წელს, საერთო ჯამში კანონთან კონფლიქტში 1164 არასრულწლოვანი აღრიცხეს, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. აქედან განრიდება-მედიაციის პროგრამაში, რომელიც დასჯის ნაცვლად ახალგაზრდების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად, ჩაერთო 58% (674 მოზარდი).

ყველაზე ხშირად, არასრულწლოვნები საკუთრების წინააღმდეგ იდენენ დანაშალს – ქურდავენ სავაჭრო ობიექტებს, იპარავენ ტანსაცმელს, ტკბილეულს, ასევე, ალკოჰოლსა და სიგარეტს. 2024 წლის სტატისტიკით, ასეთი დანაშაული ბრალდებულ და განრიდებულ მოზარდთა 68,4%-მა ჩაიდინა. ყველაზე ხშირად, ქურდავენ სავაჭრო ობიექტებს და ყველაზე მეტად იპარავენ ტანსაცმელს, ტკბილეულს, ასევე, ალკოჰოლსა და სიგარეტს.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სიაში მეორე ადგილს იკავებს.
რატომ სჩადიან ბავშვები დანაშაულს?
რატომ მიმართავენ ბავშვები ძალადობას? ამას ერთი მიზეზი არ აქვს და დაკავშირებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორთან – ასაკთან, ოჯახთან, სოციალურ და გარემო ფაქტორების კომბინაციასთან.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ასაკია. 14-17 ასაკის მოზარდებში რთულია ემოციების მართვა და იმპულსების კონტროლი, ძლიერია აღიარებისა და სტატუსის ქონის სურვილი. ძალადობა ხშირად დომინაციის, კაცობის, მასკულინურობის დამტკიცების და თანატოლებში თავის დამკვიდრების გზაა.
კვლევები და სტატისტიკა მიუთითებს, რომ ოჯახური კონტექსტი გადამწყვეტ როლს ასრულებს.
საქართველოს პროკურატურის 2024 წლის კრიმინოგენული კვლევა აჩვენებს, რომ განრიდებული არასრულწლოვნებიდან (674) თითქმის ნახევარი არ ცხოვრობს ორივე მშობელთან ერთად – 20,5 პროცენტს ერთი ან ორივე მშობელი ემიგრანტი ჰყავს, 19 პროცენტის შემთხვევაში მშობლები განქორწინებული იყვნენ, ხოლო მოზარდების 13 პროცენტს ჰყავდა წარსულში ნასამართლევი ოჯახის წევრი.
2024 წლის მონაცემებით, განრიდებულ არასრულწლოვანთა 19 პროცენტი განათლებას საერთოდ არ იღებდა. მათი უმრავლესობა (74,6 პროცენტი) საჯარო სკოლაში სწავლობდა. განრიდებულთა ნახევარზე მეტი არ არის დაკავებული დამატებითი აქტივობით.
ამავე კვლევის თანახმად, ეკონომიკური თვალსაზრისით, ქურდობისა და სხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენი ბავშვების ოჯახების მდგომარეობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. შესაბამისად, სიღარიბე თავისთავად არ წარმოადგენს ძალადობის ან დანაშაულის ძირითად მამოტივირებელ ფაქტორს.
“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნეს ვრცელი კვლევა, რომლის მთავარი მიზანიც იყო „კრიმინალური მენტალიტეტისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის“ კვლევა.
ამ კვლევის თანახმად, ქვეყანაში ყოველ მეხუთე გამოკითხულს (21 პროცენტს) კრიმინალური მენტალიტეტის მიმღებლობა აქვს და სადავო საკითხების გადაწყვეტისას კრიმინალური სუბკულტურის წევრს მიმართავდა. გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წელში გაზრდილია მოზარდებში კრიმინალური სუბკულტურების წევრობის სურვილი. ხოლო მოსახლეობის უმრავლესობის (60 პროცენტამდე) შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიმინალური სუბკულტურები გავლენას ახდენს მოზარდების ცხოვრების წესზე და მათ ცნობიერებაზე.
სისტემური ხარვეზები
საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მოქმედებს, რომლის მიზანია არასრუწლოვნებისთვის მეორე შანსის მიცემა – ციხისა და ნასამართლეობის ნაცვლად, ბავშვებს, რომლებსაც კონფლიქტი აქვთ კანონთან, შეუძლიათ ჩაერთონ საგანმანათლებლო, სოციალურ და სარეაბილიტაციო პროგრამებში. ეს იდეა საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული: ზიანის გამოსწორება, დანაშაულის გამეორების პრევენცია და ახალგაზრდების რეინტეგრაციის ხელშეწყობა.
თუმცა, წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს პროგრამა, რომლის მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენციაა, არც თუ ეფექტურად მუშაობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, განრიდებულ მოზარდებში გამეორებითი დანაშაულის ჩადენის წილი წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2015 წლის მონაცემებით, პირველი დანაშაულის ჩადენიდან სამი წლის ვადაში არასრულწლოვნების 14 პროცენტი ჩადიოდა ხელახლა დანაშაულს, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 19 პროცენტამდეა გაზრდილი.
ამის მიზეზად ექსპერტები ასახელებენ არა თავად განრიდების სისტემის კონცეფციას, არამედ ამ პროგრამის არასათანადოდ აღსრულებას, რაც სისტემაში სერიოზულ სისუსტეებზე მიუთითებს.
ზოგიერთ რეგიონში არ არიან სოციალური მუშაკები. ქვეყანაში მოზარდებს არათანაბარი წვდომა აქვთ ფსიქოსოციალურ მომსახურებასთან თუ სპორტულ-კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებთან.
იმას, რომ „არ არსებობს [ბავშვების] ჩადენილ ქმედებაზე რეაგირების“ და „პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი“, ამბობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონიც.
რეგულაცია სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას ავალებს, შეთანხმებულად იმუშაონ 10-დან 18 წლამდე მოზარდების მხარდაჭერისთვის. კანონით, უნდა შეიქმნას „არასრულწლოვნებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი“, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდებიან ის მოზარდები, რომელთა ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ისინი „სახლში“ განთავსდებიან 6-თვემდე ვადით, გახანგრძლივების პოტენციალით.
ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კანონპროექტს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ბავშვის დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება მათ სტიგმატიზაციას და იზოლაციას, სოციალური უნარების განვითარების შეფერხებას გამოიწვევს.
ასაკის დაწევა გამოსავალია?
საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ზრდამ და პოლიციასთან მათი ურთიერთობის გარშემო გახშირებულმა სკანდალებმა საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საკითხი მხოლოდ „კრიმინალი ბავშვების“ პრობლემად ვერ განიხილება. ყოფილი პროკურორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული ხშირად სისტემური ჩავარდნის შედეგია – ოჯახის, სკოლისა და სამართალდამცავი სისტემის ერთდროული სისუსტის.
მისი შეფასებით, სასჯელის გამკაცრება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა, რობლემის მოგვარების რეალურ გზას არ წარმოადგენს.
„იმის გამო, რომ ვერ იმუშავა სკოლამ, ვერ იმუშავა სოციალურმა სამსახურმა, ვერ იმუშავა პოლიციამ პრევენციაზე, ახლა გამოსავლად გვთავაზობენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევას. ეს არის ყველაზე ცუდი გამოსავალი, რაც ამ სიტუაციაში შეიძლება.“
თოლორაია ხაზს უსვამს, რომ ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულის უმეტესობა არ არის სპონტანური ან „ბოროტი ბუნების“ შედეგი. მისი თქმით, თითქმის ყველა შემთხვევაში შესაძლებელია იმ გარემოებების იდენტიფიცირება, რომლებმაც ბავშვი კრიმინალურ ქცევამდე მიიყვანა.
„დამნაშავე არავინ არ იბადება და მითუმეტეს ბავშვობის ასაკში. ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა – როგორ მივიდა ბავშვი აქამდე? ძალიან ხშირად, 100-დან 90 შემთხვევაში, ეს არის გარემო ფაქტორების შედეგი: ოჯახში არ იყო სათანადო ყურადღება, ქუჩაში მოხვდა კრიმინალურ წრეში, ეკონომიკური პრობლემებია, მშობლები საზღვარგარეთ არიან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭული.“
მისი თქმით, საქართველოში ხშირად არ მუშაობს პრევენციის სისტემა – სკოლა ვერ ამჩნევს პრობლემას დროულად, სოციალური სერვისები სუსტია, ხოლო ბავშვების თავისუფალი დროის ორგანიზება ხშირად ოჯახებისთვის ფინანსურად მიუწვდომელია.
“ამ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს შენი შვილის თავისუფალი დროის დაკავება, ბავშვს ხშირად აქვს ძალიან ბევრი, აუთვისებელი თავისუფალი დრო…” – აღნიშნავს ის.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რა უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი- დასჯა თუ გამოსწორება.
თოლორაია ამბობს, რომ მძიმე დანაშაულის შემთხვევაში იზოლაცია შესაძლოა გარდაუვალი იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რეაბილიტაცია ბევრად ეფექტიანი გზაა.
„ხელახალი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი ციხის გამოცდილების მქონე ბავშვებში უფრო მაღალია – ზოგ შემთხვევაში 50, 60, 80 პროცენტზეც მეტი. მაშინ როცა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20-30 პროცენტამდე მერყეობს. მარტივი დასკვნაა, რომელი გზა ჯობია ბავშვისთვის.“
მისი თქმით, საქართველოში სერიოზული დეფიციტია სარეაბილიტაციო პროგრამების. ხშირად პროკურორებსა და სოციალურ მუშაკებს უწევთ ინდივიდუალური გამოსავლის ძებნა, რადგან სისტემური პროგრამები რეგიონებში პრაქტიკულად არ არსებობს.
„ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ყველა რეგიონში იყოს პროგრამები, რომლებიც ზუსტად არასრულწლოვნის საჭიროებებზეა მორგებული.“
პოლიცია, პრევენცია და ძალადობის ზღვარი
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შემთხვევებმა, როდესაც არასრულწლოვნები პოლიციასთან კონტაქტის დროს ძალადობასა და მუქარაზე საუბრობენ. თოლორაიას თქმით, ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მთლიანად ანგრევს პრევენციის იდეას.
„დანაშაულის გახსნა ან პრევენცია, რაც შეიძლება პოლიციას დიად მიზნად ეჩვენებოდეს, არ ამართლებს არცერთ უკანონო ნაბიჯს. პოლიციას არ აქვს უფლება არასრულწლოვანს დაემუქროს, შეურაცხმყოფელი ლექსიკით ელაპარაკოს ან თავად ჩაიდინოს დანაშაული.“
მისი თქმით, თუ პოლიცია ცდილობს პრობლემის „მოკლე გზით“ მოგვარებას, მაგალითად მუქარით ან ფსიქოლოგიური ზეწოლით, ეს საბოლოოდ ზრდის უნდობლობას და მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს.
ექსპერტი ასევე ამახვილებს ყურადღებას პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხზე. მისი შეფასებით, სამართალდამცავების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პრაქტიკაში რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ არსებობს ვიდეო ან აუდიო მტკიცებულება.
მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმებში არ არის -მთავარი ფაქტორი პოლიტიკური ნებაა.
„თუ ზემოდან მოდის სიგნალი, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტია, სისტემა მიყვება ამას. თუ სიგნალი არის, რომ მთავარია დანაშაულის გახსნა და დასჯა, მაშინ სისტემა ამასაც მიყვება.“