საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. წლევანდელი ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 მლრდ 923 მლნ 800 ლარი იქნება. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 600 მლნ-ით მცირდება; საგარეო ვალი კი 4 მლრდ 500 მილიონით, ხოლო შიდა ვალი 600 მილიონი ლარით იზრდება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ამ პარამეტრებით:
● საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება;
● ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 1,8 მილიარდი ლარი დააკლდება;
● მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 600 მილიონი ლარით შემცირდება;
● ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი 8.5% იქნება.
● 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 57 მილიონი ლარით მცირდება და 1 839 000 000 ლარი იქნება.
ბიუჯეტის პროექტის პირველი პირველი ვარიანტით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის 1 896 000 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სულ 600 მილიონი ლარით შემცირდა.
ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები მცირდება.
● ინფრასტრუქტურის სამინისტროს 251 მილიონი ლარი დააკლდა;
2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, მთავრობა დიდი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალი წელს 4 მლრდ 500 მილიონით, ხოლო საშინაო ვალი 600 მილიონი ლარით გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მთავრობამ ვალი “მეტობით” აიღო, რადგან კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე უარესი სცენარისთვის ემზადებოდა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ თუ საჭირო არ გახდა, ვალად აღებული ფული წელს მთლიანად არ დაიხარჯება.
„ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ გათამაშდა, ჩვენ აღნიშნულ თანხას სრულად არ დავხარჯავთ ამ წელიწადში. ამ თანხის ნაწილი დაიხარჯება 2021 წელსაც, რათა არ მოგვიწიოს იქაც ძალიან დიდი ვალების აღება,“ – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ეს დონე საკმარისი არ არის და დაგეგმილი 4%-იანი ვარდნაც ზედმეტად ოპტიმისტურია.
“გასაგებია, რომ შეიძლება მეორე ტალღა იყოს. აი, ამ ყოველი შემთხვევისთვის ვიღებთ უფრო მეტ ვალს, ვიდრე გვჭირდებოდა. გასაგებია, რომ ბევრი ხარჯი შემცირდა, მაგრამ ისევ პროგნოზირებენ 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას. ვფიქრობ, ეს ძალიან ოპტიმისტურია და მეტი იქნება ვარდნა,” – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ბერიკაშვილი.
კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა დღეს საპარლამენტო კომიტეტებზე გაგრძელდება.