"გაცემულ პირობებს ვასრულებთ" - 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს საქართველო დეკემბერში მიიღებს
ანალიტიკურ ანგარიშს საქართველო დეკემბერში მიიღებს
ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს, ხოლო გაფართოების პაკეტს – 2023-ისთვის.
“საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება – გაცემულ პირობებს ვასრულებთ.” – აღნიშნა სტანომ.
მისივე განმარტებით, ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველწლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება.
სტანოს თქმით, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, როგორც სპიკერი აღნიშნავს, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმასავე ელიან საქართველოსგანაც:
“რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად.”
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.