გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა რეალურია და განმარტა, რომ უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ბერბოკმა იგივე გაიმეორა საქართველოზეც, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში დაამატა, რომ ეს შედარებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა.
“ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში საქართველოც გახდებიან ევროკავშირის წევრები. არ ვიცი, ვინმე თუ ამის პროგნოზირებას შეძლებდა ხუთი წლის წინ. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი, რომელსაც 30-ზე მეტი წევრი ეყოლება, იქნება ძლიერი კავშირი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის უნარით”. – თქვა ბერბოკმა.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს “ქართულმა ოცნებამ” მაისში გადასცა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიამ დასკვნა 2022 წლის 17 ივნისს მოამზადა. შედეგად, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და დაეკისრათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალა, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
2023 წლის 22 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან სამი რეკომენდაცია, ნათქვამია შუალედურ მოხსენებაში, რომელიც აფასებს, რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტი.
რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, რომელთა პროგრესიც ასევე საქართველოსთან ერთად იქნა შეფასებული – მოლდოვას ცხრა პრიორიტეტი ჰქონდა შესასრულებელი და სრულად შეასრულა სამი (დემოკრატიულ რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი და ადამიანის უფლებების დაცვა).
რაც შეეხება უკრაინას, მან ამ დრომდე სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია, რომლებიც სასამართლო რეფორმას და მედიის შესახებ კანონმდებლობას ეხება. შუალედური ზეპირი ანგარიში მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნებისთვის და მიანიშნებს იმაზე, თუ რომელ სფეროებს უნდა მიაქციოს ქვეყანამ განსაკუთრებული ყურადღება, ვიდრე ოქტომბერში ევროკომისია გაფართოების პაკეტს და რეკომენდაციებს წარადგენს.